მონოგრაფია „ინფორმაციული სტრუქტურა და ქართველურ ენათა ჰიპოტაქსური მოდელები“ – კვლევის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
თსუ=ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით ახალი წიგნის – „ინფორმაციული სტრუქტურა და ქართველურ ენათა ჰიპოტაქსური მოდელები“ – პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მომზადდა და გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პრეზენტაციაზე სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ლომიამ ვრცლად ისაუბრა ნაშრომის აგებულებაზე, ქართველურ ენათა მასალაზე განხილული უნივერსალური საკითხების მნიშვნელობაზე ტიპოლოგიური ენათმეცნიერების განვითარების თვალსაზრით.
„ინფორმაციული სტრუქტურა უნივერსალური ფუნდამენტური საყრდენია მსოფლიო ენათათვის. საკომუნიკაციო აქტი ითვალისწინებს მთავარი და არამთავარი (მეორეხარისხოვანი) ინფორმაციის დიფერენცირებას, რომელიც წინადადებაში არათანაბარი სინტაქსური ღირებულების მქონე კომპონენტების შეპირისპირებით ყალიბდება. ამ კომპონენტების ურთიერთმიმართება ქმნის ჰიპოტაქსურ მოდელებს, რომელთა აგებისა და ჩამოყალიბების სტრატეგია განსხვავებულია სალიტერატურო და არასალიტერატურო ენებში. კვლევის სიახლეა ის, რომ წინამდებარე პროექტის ფარგლებში კომპლექსურად პირველად განიხილება ინფორმაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების კანონზომიერებანი ქართველურ ენათა ჰიპოტაქსურ მოდელებში, რაც გულისხმობს ამ მიმართულებით ქართული სალიტერატურო ენის დიაქრონიული და სინქრონიული მონაცემების, ენის ისტორიის, ქართული ენის დიალექტების, არასალიტერატურო ქართველური ენების – მეგრულის, ლაზურისა და სვანურის ემპირიული მასალის ანალიზს სპეციფიკური კოგნიტური პროცესებისა და ენობრივი სტრატეგიების მიხედვით. ინფორმაციულ სტრუქტურაში ჰიპოტაქსური მოდელების დასახასიათებლად წამყვანი და ძირითადია სპეციალური ლინგვისტური ცოდნა და მეთოდები; ამასთან ერთად, სრულყოფილი ანალიზისთვის გათვალისწინებულია სოციუმის ინფორმაციული გარემოს ფსიქოლიგვისტური, ეთნოლინგვისტური და სტილისტურ-ფუნქციური მახასიათებლები“, – აღნიშნა მაია ლომიამ.

მონოგრაფიაში განხილული საკითხების ირგვლივ ვრცლად ისაუბრეს სხვა თანაავტორებმაც: ასოც. პროფესორი ქეთევან მარგიანი შეეხო სვანური მასალის დამუშავების სირთულეს, რაც განპირობებულია იმით, რომ ხშირად სვანურ ჰიპოტაქსურ სტრუქტურაში დაქვემდებარებას ქმნის მხოლოდ ინტონაცია; ინტონაცია კი ზეპირი მეტყველების მოვლენაა და დიდი ძალისხმევა სჭირდება სპეციალისტს ნიუანსების ზუსტად განსასაზღვრად. „ნაშრომის შემაჯამებელი და ძირითადი დასკვნების ჩამოყალიბებისას ყურადღება მიექცა საანალიზო ტექსტების ჟანრულ მრავალფეროვნებას. წიგნის მე-4 თავი საანალიზო თემის მიხედვით განხილულ ანდაზებს ეთმობა“, – განაცხადა პროფ. რამაზ ქურდაძემ. მან ვრცლად იმსჯელა მიმართვის ადგილზე ანდაზებში და წიგნიდან შესაბამისი ემპირიული მასალა გააცნო დამსწრე საზოგადოებას. თსუ-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო ჭუმბურიძემ ქართული ენის საინტერესო დიალექტურ მასალებზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თსუ-ს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან. ფართო მსჯელობის შემდეგ აზრი გამოთქვეს და დარგის განვითარებაში მონოგრაფიის ღირებულებაზე ისაუბრეს: ასოც. პროფესორმა რევაზ აბაშიამ, ასოც. პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ, მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან დათუკიშვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა მარინა ბაკურაძემ, თსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა შორენა ქაჯაიამ და სხვებმა.
მაია ლომიამ აქცენტი გააკეთა კვლევის შედეგების ეფექტურობაზე. როგორც მან აღნიშნა: „მონოგრაფიაში მოცემულია ისეთი ემპირიული მასალაც, რომელიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში პირველად იქნა სამეგრელოსა და სვანეთში ველზე მოძიებული. ზოგადად, მონოგრაფიაში საკითხები გაანალიზებულია ახლებური ხედვით − ლინგვისტიკის კომუნკაციური, ანთროპოცენტრული მიმართულების მიხედვით, რომელიც იძლევა ტრადიციული ენათმეცნიერებისა და კოგნიციური ცნობიერების შერწყმის შესაძლებლობას და ახალ პერსპექტივებს აჩენს ენობრივი მასალის ინტერდისციპლინური კვლევის თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში შესრულებული ნაშრომის პრაქტიკულ ღირებულებას განსაზღვრავს მისი გამოყენება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველური ენები დაარსების დღიდან ისწავლებოდა. დიდი ივანე ჯავახიშვილი და მისი მოწაფეები, ამავდროულად, თანამოაზრეები − იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე და სხვები საუნივერსიტეტო კონცეფციაში დიდ ადგილს უთმობდნენ ქართული და სხვა ქართველური ენების კვლევისა და სწავლების მნიშვნელობას. ტრადიციად ქცეულ მეცნიერულ მემკვიდრეობას, რომელსაც საუკუნეების წინ ჩაუყარეს საფუძველი უნივერსიტეტის დამაარსებლებმა, ღირსეულად აგრძელებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტი“, – ამბობს მაია ლომია.
