თავგადასავლები და ახალი ურთიერთობები – როგორ აჯამებს 2025 წელს თსუ-ს მოლაშქრეთა კლუბი
უკვე მესამე წელია, რაც უნივერსიტეტის ბაზაზე მოლაშქრეთა კლუბი ,,თსუ” ფუნქციონირებს. იგი 2022 წელს სტუდენტების ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსდა და უმთავრეს მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დაისახა.
რა გამოწვევებით, სიახლეებითა და ემოციებით სავსე აღმოჩნდა განვლილი 2025 წელი თსუ-ს მოლაშქრეთა კლუბისთვის? ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელს, ანასტასია ტყეშელაშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, 2025 წელი სიახლეებით იყო სავსე, რაც როგორც ახალი წევრების შემოერთებით, ისე მრავალფეროვანი მოგზაურობებით აღინიშნა.
,,ლაშქრობების ორგანიზება საქართველოს რამდენიმე კუთხეში მოვახერხეთ. ,,პანორამების ბილიკი” გავიარეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში (ირაკლი ჭიტაძის ხელმძღვანელობით). რაჭაში ვიყავით პირველად, თანაც ორჯერ – ერთი გასვლა გვქონდა ჭიორა-ნოწარაში ნიკოლოზ გოგრიჭიანის ორგანიზებით, მეორე – უძირო ტბაზე (აქ თათია ამირაშვილი იყო პროექტის ხელმძღვანელი); ჭაჭკარშიც ვიყავით, ვარძიის გვერდით მდებარე სოფელში. გარდა ამისა, წინასაახალწლო პერიოდში კიდევ ორი გასვლა მოვასწარით – კახისის ტბაზე და ნეძვის აღკვეთილში”, – გვიყვება კლუბის ხელმძღვანელი.
როგორც ანასტასია ტყეშელაშვილი აღნიშნავს, თითოეულ ლაშქრობას თავისი განუმეორებელი ხიბლი და კურიოზები ახლავს. მაგალითად, ჭიორა-ნოწარას ლაშქრობა მონაწილეებს თავსხმა წვიმით დაამახსოვრდათ, სწორედ ამ დისკომფორტმა აქცია გასვლა დაუვიწყარ თავგადასავლად.

ჩვენთან საუბარში ანასტასია იხსენებს იმ მომენტებსაც, რომლებიც ლაშქრობებისას ადამიანურ ურთიერთობებს ეხება. მან გვიამბო ჭაჭკარში გასვლის შესახებ, სადაც სტუდენტები სოფელ საროში ადგილობრივებს ესტუმრნენ: „თითოეულ მონაწილეს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ლენა ბებო და დურმო პაპა… ამ ისტორიას გამორჩეულს მათი ხნიერი ასაკი, თბილი მასპინძლობა და ის 200 წლის ოდა ქმნიდა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ყველა დიდი სიამოვნებით უსმენდა ცოლ-ქმრის საუბარსა და ისტორიებს. სწორედ ასეთი კომუნიკაციები ხდის ლაშქრობებს დაუვიწყარს“, – გვიყვება ანასტასია.
ფიზიკური აქტივობის გარდა კლუბი კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებსაც აწყობს. 22 დეკემბერს ფილმის „ალპინისტის“ ჩვენება გაიმართა. ანასტასია მიიჩნევს, რომ კინოჩვენებები სტუდენტებს მთის ფილოსოფიასთან აახლოებს: „კინოჩვენებებით, ვფიქრობთ, მეტად უახლოვდება ადამიანი საველე ცხოვრების სენტიმენტებს… შემდეგ უნდება, რომ მანაც გაიაროს მსგავსი თავგადასავალი“.
ანასტასია ტყეშელაშვილის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში სხვადასხვა ტიპის კლუბი არსებობდეს, რომ რაც შეიძლება მეტად მრავალფეროვანი იყოს სტუდენტური ცხოვრება. ,,გულწრფელად მიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილე არის ჩვენი კლუბიც. მთავარი ღირებულება, რის გამოც მოლაშქრეთა კლუბის წევრობა ღირს, მგონია, რომ არის ურთიერთობები და გამოცდილება, რომელსაც კლუბის წევრი იღებს. კლუბის წევრი რომ ხარ, სხვა პასუხისმგებლობას გრძნობ არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ ყველა სტუდენტის წინაშეც. სამუშაოს მიღმაც ვმეგობრობთ ერთმანეთთან და ეს გვაძლევს უმთავრეს სიამოვნებას, რომ შინაურულ და მყუდრო გარემოში ვაკეთოთ საქმე…” – ამბობს ანასტასია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2026 წელს თსუ-ს მოლაშქრეთა კლუბი აპირებს – გააგრძელოს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და ახალი მწვერვალების დაპყრობა – როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. კლუბის ხელმძღვანელის ანასტასია ტყეშელაშვილის თქმით, მომავალი წელი კიდევ უფრო დატვირთული იქნება. იგეგმება ცვლილებები წევრების მიღების პროცედურაში და ახალი ,,სიურპრიზებით სავსე” პროექტების განხორციელება, რომლებსაც კლუბი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს.
