რატომ ფიგურირებს კემბრიჯში მომზადებულ ენციკლოპედიაში შეტანილ მის ბიოგრაფიაში ახალი წელი და 1 იანვარი?
თითქოს ისე არავინ ,,მზეობს“ ამ სამყაროში, როგორც 1 იანვარს დაბადებულნი. ახალი წლის ჯადოსნური განწყობა რამდენად მოქმედებს ამ დღეს დაბადებულთა იღბალზე – ამას ცხოვრება გვიჩვენებს, მაგრამ ის კი ფაქტია – 1 იანვრის იუბილარი განსაკუთრებული ზეიმის მომსწრეა ყოველთვის. ასეთი ,,მზე“ იყო მიხეილ ქურდიანიც, სანამ შემთხვევით მხოლოდ ერთი რამ არ მოხდებოდა მის ცხოვრებაში – იგი ნაადრევად „გარდვიდა ამ სოფლითგან და შეეძინა ერსა თვისსა“. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და, მიუხედავად ამისა, მის ოჯახში დღემდე, ყოველ ახალ წელს, ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად აღნიშნავენ ,,მიშას“ დაბადების დღეს. ამის მოთავეა მისი მეუღლე – სოფო ლობჟანიძე, რომელსაც მიხეილ ქურდიანი სიყვარულით ,,სოფიკოლის“ ეძახდა. მათი ქალიშვილი ელენე ქურდიანი და სოფო 1 იანვარს დღემდე დიდი სიხარულით მასპინძლობენ ,,მიშას“ მეგობრებსა და ახლობლებს. ამ დღეს ბატონი მიხეილიც ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავდა – ვინ აღარ სტუმრობდა თურმე ბრწყინვალე მოუბარსა და გასაოცარი იუმორის პატრონს, აგერ უკვე წლები რომ იგონებენ მისეულ ამბებსა და პატარ-პატარა ეშმაკობებს. ოჯახი დღესაც მისი ხსოვნის ირგვლივ ტრიალებს და ეს სიკეთეა სწორედ, რომ ამოძრავებს დედამიწას.

პროფესორ მიხეილ ქურდიანის სახელი დღეს უკვე ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებმაც თავისი მემკვიდრეობით უკვდავება შეიძინეს. მისი ცხოვრება უწყვეტი მოძრაობა იყო ცოდნისკენ, სიტყვისკენ, აზრის სიღრმისკენ და, რაც მთავარია, ადამიანისკენ. მიხეილ ქურდიანის ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯში მომზადებულ ენციკლოპედიაში – ,,XX საუკუნის გამოჩენილი ადამიანები“.
. . .
მიხეილ ქურდიანმა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1995 წელს მოიპოვა, ხოლო 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ორ სპეციალობაში – „ენათმეცნიერების თეორია და ისტორია“ და „ლიტერატურის თეორია“. მისი სადისერტაციო თემა – „საერთო-ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსთწყობის ზოგადლინგვისტური თეორია“ – დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომად ითვლება ამ სფეროში. პროფესორი მიხეილ ქურდიანი იყო 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. იგი ფლობდა 14 ენას, მათ შორის, იბერიულ-კავკასიურ, სემიტურ, ინდო-ევროპულ და ძველი აღმოსავლეთის მკვდარ ენებს.
2007 წელს მიხეილ ქურდიანის ავტორობით გამოიცა ფუნდამენტური მონოგრაფია – ,,იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები”. მონოგრაფიაში, რომელიც 1040 გვერდს მოიცავს, იგი ლინგვისტური არგუმენტების მოხმობით უბრუნდება იბერიულ-კავკასიურ ენათა გენეტიკური ერთიანობის თეორიას და ივანე ჯავახიშვილისეულისა და არნოლდ ჩიქობავას ლოგიკის კვალს მიჰყვება. გამორჩეული ლექტორი იყო. ვისაც მისი მჭევრმეტყველება მოუსმენია, ვინც უდიდესი ცოდნით დატვირთულ მის ლექციებს დასწრებია, არასოდეს დაავიწყდება მიხეილ ქურდიანი და არც ავიწყდებათ მის მშობლიურ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დიახ, დიდია მიხეილ ქურდიანის მემკვიდრეობა, მაგრამ ციფრებსა და ტიტულებზე მეტად ის ადამიანური სინათლით დარჩა მეხსიერებაში. მისი მეგობარი, პროფესორი გოგი გოგოლაშვილი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს ახალი წლის პირველ დღეებს, როცა ტელეფონით ულოცავდნენ მეგობარს დაბადების დღეებს და მის ორიგინალურ, სიტყვამოსწრებულ, ღიმილიან პასუხს ელოდნენ:
„მიხეილ ქურდიანი დააკლდა ჩვენს ახალ წელს… დააკლდა ოჯახს… დააკლდა სამეგობროს… დააკლდა ქართულ ფილოლოგიას… დააკლდა ქართულ მწერლობას… დააკლდა უნივერსიტეტს… თხუთმეტი წელი არ არის ცოტა დრო… ეს დრო დავიწყებისთვისაც საკმარისია და იმის გასაზრებლადაც – რა ფასი აქვს ამ დანაკლისს…
ვფიქრობდი, საახალწლო განწყობისათვის რა გავიხსენო, მიხეილზე ფიქრთა ჯარს რა წარვუძღვანო წინ-მეთქი… არჩევანი დიდზე დიდია… ყოველ გახსენებაზე კი მოგონებათა რიგში მისი არაორდინარული, სხვათაგან გამორჩეული, ღიმილიანი ისტორიები და თავგადასავლები მოდის წინა პლანზე; მის მიერ ნაამბობი, ნამდვილი თუ ოდნავშეფერადებული ისტორიები დღესაც ხალისს მატებს ჩვენს ცხოვრებას… ერთ ამბავს თავად იხსენებდა ღიმილით: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი პარალელურად ლენინგრადის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს ესთეტიკაში; წარმატებულ მსმენელად ითვლებოდა იქაც. ამ პერიოდში თბილისში მხოლოდ სესიებზე ჩამოდიოდა და, მიუხედავად ამისა, ფრიადოსანი იყო… წლის ბოლოს, ცხადია, გაცდენები დაუგროვდა და, იმდროინდელი წესის შესაბამისად, დეკანმა მიხეილ ქურდიანი გასარიცხ სტუდენტთა სიაში შეიყვანა. სანამ ბრძანებაზე ხელს მოაწერდა, რექტორს გარიცხვის კანდიდატთა აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია მოუთხოვია – როგორ სწავლობენო. მიხეილის სახელი რომ დაუნახავს, გაკვირვებულს უკითხავს – კი, მაგრამ, ფრიადოსანი უნდა გამარიცხვინოთო? არ ელოდა ამ კითხვას თურმე დეკანი და თავი „უმართლებია“: „განგებ სწავლობს, ბატონო, ფრიადებზე, რომ ვერ გავრიცხოთო“… ჰოდა, „განგებ“ სწავლობდა ფრიადებზე, „განგებ“ იყო კარგი მეგობარი, „განგებ“ იკვლევდა წარმატებით ლიტერატურულ პროცესებსა თუ ლინგვისტურ პრობლემებს… „განგებ“… „განგებ“… ყველაფერს „განგებ“ აკეთებდა… შემთხვევით მხოლოდ განეშორა სააქაოს“, – წერს გოგი გოგოლაშვილი.
მიხეილ ქურდიანი 2010 წელს გარდაიცვალა. მეთხუთმეტე წელია – დაბადების დღისა და საახალწლო მილოცვებს თითქოს ზეციურ საქართველოში იღებს. ჩვენ კი აქ, მიწაზე, მის სიტყვას, მის ღიმილსა და მის მეცნიერულ მემკვიდრეობას ვუფრთხილდებით.
