თსუ-ს სტუდენტი მირიან კურდღელაშვილი სწავლას  ჩინეთში გააგრძელებს

თარიღი: 2024-06-13 14:19:58

თსუ-ს სტუდენტი მირიან კურდღელაშვილი სწავლას  შანტუნგის პროვინციის წამყვან უნივერსიტეტში (Shandong Normal University) გააგრძელებს. მისი თქმით, ჩინეთიდან დასტური სულ ცოტა ხნის წინ მიიღო და  ჯერ არ განელებია სიხარულის შეგრძნება, რომელიც ამ წერილის წაკითხვისას დაეუფლა.

მირიანი აზიური კულტურით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა… ამბობს, რომ განსაკუთრებით უძველესი ისტორიის მქონე ჩინეთის კულტურამ მოხიბლა, ამიტომ პროფესიის არჩევისას დიდხანს არ უფიქრია. მან  2021 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე  ჩაბარების შემდეგ ჩინური ენის სწავლა შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მაინორ პროგრამაზე გააგრძელა.

„ჩინეთი ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელმაც   მსოფლიოს მრავალი ინოვაცია შესთავაზა, ამიტომ ყოველთვის მაინტერესებდა ამ კუთხით ჩემი ცოდნის გაღრმავება… უნივერსიტეტმა ჩემი იმედები გაამართლა. მინდა,  დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ლექტორს, განსაკუთრებით კი, ქალბატონ ნანა გელაშვილს, რომელმაც შეძლო თავისი ძალისხმევით იმ მეიჯორ პროგრამების დაარსება, რის შემდეგაც მომეცა შესაძლებლობა – გავმხდარიყავი საქართველოში სინოლოგიის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი. ჩინური ენის შესწავლის პროცესში შევნიშნე, რომ საქართველოში ძალიან მწირი ლიტერატურული/სამეცნიერო ჩინური მასალა გვაქვს. სწორედ ამიტომ მსურს ვთარგმნო მრავალი საინტერესო მასალა და ამ ორი  უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნის დაახლოვებაში ჩემი წვლილი შევიტანო. იმის გარდა, რომ ჩინური ენის სრულყოფილად შესწავლა და მისი მეშვეობით მთარგმნელობითი საქმიანობის გაგრძელება მაქვს მიზნად დასახული, მინდა, რომ სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც გავაგრძელო“,  – ამბობს მირიან კურდღელაშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn