მინდია უგრეხელიძე – 80
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აკადემიკოს მინდია უგრეხელიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს და საიუბილეო წიგნის – „LIBER AMICORUM მინდია უგრეხელიძე 80“ – მნიშვნელობაზე წერილს აქვეყნებს:
„LIBER AMICORUM მინდია უგრეხელიძე 80“ – ახალგამოცემული წიგნია, რომელიც ქართულ-ევროპული სამართლის აკადემიკოსის, მინდია უგრეხელიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და რომელმაც გამოცემისთანავე ქართულ იურიდიულ ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილი დაიკავა. წიგნი მკითხველს აკადემიკოსის განვლილი ცხოვრების შესახებ მოუთხრობს, რომელიც საგულისხმო და საინტერესოა მრავალი თაობისთვის.
აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე ქართული სამართლის მეცნიერებისა და საუნივერსიტეტო იურიდიული განათლების ბრწყინვალე წარმომადგენელია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ღვაწლმოსილი მეცნიერი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე – იგი მდიდარი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტი, სისხლის სამართლის ქართული სკოლის ღირსეული წარმომადგენელი და ერთ-ერთი მესაძირკვლეა.
აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე პირველი ქართული უნივერსიტეტის, აწ უკვე საუკუნოვანი ისტორიის მქონე იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1959-1963 წლებში დაეუფლა იურისტის პროფესიას. მას, როგორც სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებლის – პროფესორ თინათინ წერეთლის გამორჩეულ მოწაფეს, განსაკუთრებით ახასიათებს სამართლებრივი საკითხების ფილოსოფიური, სიღრმისეული კვლევის სიზუსტე და სიახლისკენ მუდმივი სწრაფვა. უნივერსიტეტის წიაღიდან დღემდე განვლილი გზა არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს უკეთესი მომავლისა და სამართლის განვითარებისთვის. წლების მანძილზე იგი მოღვაწეობდა იურიდიულ ფაკულტეტზე და განსაკუთრებულია მისი ღვაწლი იურისტთა ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში, იმ თაობისა, რომელსაც აქვს პატივი და ბედნიერება იყოს მისი თანამედროვე.
აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე ქართული სამართლის მეცნიერების გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ნაშრომები, რომელიც გამოცემულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე, იურიდიული სამეცნიერო ბრუნვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა. სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, ბატონი მინდია აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო ქართული სახელმწიფოებრიობისა და ახალი ქართული მართლმსაჯულების ფორმირების პერიოდში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შემდგომ კი – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე. არის ,,იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა” და ,,სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის” წევრი.
დიდი ხანი არ არის, რაც ბატონი მინდია არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად – სამართალმცოდნეობის დარგში, რაც მისი განუზომელი ღვაწლის ღირსეული დაფასებაა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ულოცავს ბატონ მინდიას 80 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და წელთა სიმრავლეს ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და მეცნიერების სასიკეთოდ.“