მიხეილ ბიჭიას მონოგრაფია თემაზე – „სამოქალაქო სამართლის მეთოდოლოგიური პრობლემები“
2023 წელს გამოიცა თსუ-ს მოწვეული ლექტორის, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ მიხეილ ბიჭიას მონოგრაფია თემაზე – „სამოქალაქო სამართლის მეთოდოლოგიური პრობლემები“. ნაშრომის რედაქტორი გახლავთ თსუ-ს პროფესორი თევდორე ნინიძე.
წიგნში წარმოდგენილია ოთხი თავი: (ა) სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის არსი და სახეები; (ბ) სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი (უფლება-მოვალეობა); (გ) სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და (დ) სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი. ამდენად, სტრუქტურულად საკითხები ისეა დალაგებული, რომ მსჯელობა ზოგადიდან კერძოსკენ წარიმართოს. შესაბამისად, მკითხველი ეცნობა ჯერ ფართო მნიშვნელობის საკითხებს, რომლებსაც ეფუძნება კონკრეტული კერძოსამართლებრივი პრობლემები, შემდეგ კი – უშუალოდ კონკრეტულ სამოქალაქოსამართლებრივ საკითხებს. საბოლოო ჯამში, ნაშრომი ასახავს როგორც თეორიებსა და მათ კრიტიკული ანალიზს, ისე პრაქტიკულ მაგალითებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს.
დასაწყისში განხილულია ზოგადსამართლებრივი, ფილოსოფიური და სოციოლოგიური ასპექტები. ამ ნაწილში გაშუქებულია თეორიები და მათი უარყოფითი მხარეები, შედეგად კი გამოკვეთილია – თუ რას მოიცავს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა და როგორია მისი სამართლებრივი ბუნება. ავტორი ლოგიკურად ასკვნის, რომ სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ იდეალურ ან მხოლოდ რეალურ მოვლენას არ წარმოადგენს, ის მათი სპეციფიკური ერთობაა, რომელიც იძლევა ახალ სფეროს, რომელიც რეალურ და იდეალურ სფეროებს შორის გზაგასაყარზეა.
ცალკე ადგილი ეთმობა სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს. ამ ნაწილში გაანალიზებულია როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე ე.წ. „არაიურიდიული პირები“. ეს წარმოადგენს მონოგრაფიის ძალიან გამორჩეულ ნაწილს, ვინაიდან ეხება როგორც თეორიებს, ისე პრაქტიკასა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებზეც აქამდე ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში არ ყოფილა სამეცნიერო კვლევა წარმოებული. ასევე, დეტალურადაა განხილული სხვადასხვა ქვეყნის მიდგომა როგორც ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობის, ისე ქმედუნარიანობის საფუძვლებთან დაკავშირებით. ასევე, ცალ-ცალკე გაანალიზებულია იურიდიული პირის სახეები (საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიული პირები) მათი სპეციფიკური თავისებურებების მიხედვით. ამ ნაწილის გაცნობისას ადვილი ხდება მათ შორის განსხვავებებისა და მსგავსებების განსაზღვრა.
გარდა ამისა, დამოუკიდებელი თავი ეძღვნება სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტს. განსაკუთრებულია ამ ნაწილში თეორიების განხილვისას გაკეთებული დასკვნების მნიშვნელობა.
ამდენად, მონოგრაფია ეხება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს იურისტებისთვის, განსაკუთრებით კერძო სამართლით დაინტერესებული პირებისთვის. ნაშრომი ძალიან დაეხმარებათ სტუდენტებს, განსაკუთრებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს თავიანთ კვლევებში საკითხების მყარი მეთოდოლოგიური საფუძვლების ჩამოყალიბებისთვის. ამასთან, ნაშრომში წარმოდგენილი საკითხები პრაქტიკულ კომპონენტებსაც მოიცავს და კარგი იქნება პრაქტიკაში მათი გამოყენება. შესაბამისად, დიდია მონოგრაფიის პრაქტიკული მნიშვნელობაც. ამდენად, წარმოდგენილი ნაშრომი დიდ სამსახურს გაუწევს როგორც სტუდენტ ახალგაზრდობას, ისე თეორეტიკოს და პრაქტიკოს იურისტებს.