სასწავლო აქტივობა მეტყველების კულტურის სასწავლო კურსის ფარგლებში

თარიღი: 2026-05-13 16:53:29

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სასწავლო აქტივობა მოეწყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მეტყველების კულტურის სასწავლო კურსის ფარგლებში. როგორც იდეის ავტორი, ლექტორი ნინო გელოვანი აღნიშნავს, აქტივობის მიზანი იყო დიდი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლის იდეების გახსენება და მათი თანამედროვე კონტექსტში გააზრება. ,,სტუდენტებმა იმუშავეს საჯარო გამოსვლის ფორმატში და დახვეწეს ისეთი ორატორული უნარები, როგორიცაა ხმის კონტროლი, არგუმენტაციის სტრუქტურა და აუდიტორიასთან კონტაქტი. მეტყველების კულტურის პრაქტიკული კომპონენტის საშუალებით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია როგორც აკადემიური სივრცისთვის, ისე თანამედროვე საზოგადოებრივი აზროვნებისთვის”, – გვითხრა ნინო გელოვანმა.

ნინო გელოვანის განმარტებით, საჯარო გამოსვლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობის სფერო და სიტყვით გავლენის მოხდენის ხელოვნებაა, სადაც თითოეულ პაუზასა თუ არგუმენტის თანმიმდევრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნდობის მოსაპოვებლად.

,,მეტყველების კულტურის განვითარება სწორედ ასეთ სასწავლო სივრცეებში ხდება,  როცა ადამიანი სწავლობს არა მხოლოდ – რას ამბობს, არამედ  – როგორ ამბობს. ივანე ჯავახიშვილის იდეა დღესაც ნათელია: განათლება არის გზა საზოგადოების განვითარებისკენ, ხოლო სიტყვა  ამ გზის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია”, – აღნიშნავს ნინო გელოვანი.

სემინარის მიმდინარეობისას პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების სტუდენტმა გურამ ფირცხალაიშვილმა თავისი საჯარო გამოსვლა ასე დაიწყო: „მადლობა ივანე ჯავახიშვილს საქართველოს ინტელექტუალური დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ ამ იდეის გამოხატულებაა. ვერც ერთი ერი ვერ მოიპოვებს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ან, საუკეთესო შემთხვევაში, ეს უკიდურესად გაუჭირდება – თუ მას არ გააჩნია ინტელექტუალური და აკადემიური დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და აკადემიური წრეები თბილისში ქართულენოვანი უნივერსიტეტის გახსნას“.

სტუდენტმა სიტყვით გამოსვლისას ივანე ჯავახიშვილის ცნობილი ფრაზაც დაიმოწმა: „თუ წარსულში რაიმე ნაკლი გვქონდა, ამას დამალვა კი არა, გამომჟღავნება უნდა: მხოლოდ იმას, ვინც თავის ნაკლს შეიგნებს, შეუძლიან იგი თავიდან მოიშოროს“ – და გამოსვლა უნივერსიტეტის მომავლის რწმენით დაასრულა: „მე ღრმად მწამს, რომ მის მიერ დაწყებული ეს მასშტაბური საქმე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ იდგება ქართული სამეცნიერო აზრისა და ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის სადარაჯოზე“.

თსუ-ში ჩატარებულ სასწავლო აქტივობაზე დიდი მეცნიერის მოღვაწეობის ფრაგმენტების გარჩევა და მისი იდეების თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით განხილვა სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა, რადგან ივანე ჯავახიშვილის დაფუძნებულ უნივერსიტეტში სიტყვის ძალისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება დღესაც უწყვეტად გრძელდება.

Facebook
Twitter
LinkedIn