სტუდენტების შთაბეჭდილებები ფილოსოფოს მერი ჭელიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ფილოსოფოს მერი ჭელიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „მითოსი და ლოგოსი“ გაიმართა, რომელშიც უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
,,ფილოსოფოს მერი ჭელიძის ხსოვნას ჩვენ მივუძღვენით სტუდენტური კონფერენცია. ჩვენ გვინდოდა მერი ჭელიძის საქმიანობასა და მის ნაშრომებს გასცნობოდნენ სტუდენტები“, – ამბობს თსუ-ს ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი დემურ ჯალაღონია.
,,ამ კონფერენციამ ბევრი რამ მოგვცა – ჩვენთვის საინტერესო საკითხებს უფრო ღრმად შევისწავლით. მე, მაგალითად, რა საკითხებიც მაინტერესებს, ძირითადად, იმ საკითხებს წარმოვადგენ. ეს გვაძლევს საშუალებას – მასალები მოვიძიოთ და უკეთ გავაანალიზოთ, თუ როგორ უნდა შეიქმნას აკადემიური სტანდარტით ნაშრომი, როგორ მიმდინარეობს სამეცნიერო მოღვაწეობა? – აღნიშნავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი ია იაძე, რომელმაც კონფერენციაზე წარმოადგინა მოხსენება თემაზე – ,,ლაიბნიცის მონადოლოგია და მისი გავლენა თანამედროვეობაზე“ (მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფ. დემურ ჯალაღონია).
,,მე მქონდა ბედნიერება, პირადად მესწავლა ფილოსოფია ქალბატონი მერისგან ჩემი სტუდენტობის პირველ წლებში სასულიერო აკადემიაში სწავლისას. დღეს კი მოხარული ვარ, რომ მერი ჭელიძის საიუბილეო კონფერენციაზე მომხსენებლად ვარ წარმოდგენილი. ჩემი თემაა – ,,საღვთო წინასწარცოდნის შესახებ (ბოეთიუსის „ფილოსოფიის ნუგეშისა“ და იოანე დამასკელის „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემის“ მიხედვით“. ჩემი ინტერესია – სასულიერო განათლება და ფილოსოფია ერთმანეთს შევუსაბამო. ზოგადად, ფილოსოფიის მიმართულება საინტერესოა იმ მხრივ, რომ ყველაზე მეტად ავითარებს აზროვნებას, რაც, ალბათ, უმთავრესია დღევანდელ დღეს“, – აღნიშნავს ფილოსოფიის მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტი ლუდმილა გელაძე.
,,ჩემთვის მთავარი რაც არის და რაც მინდა, რომ მივიღო უნივერსიტეტისგან, ეს არის შემეცნებითი არეალის გაფართოება. კონფერენციებში მონაწილეობა ამის ყველაზე კარგი საშულებაა. ჩემ გარდა დღევანდელ ღონისძიებაში ბევრი მონაწილეობს და, შესაბამისად, ბევრ თემას ვეცნობი, რაც განსაკუთრებით მსიამოვნებს. ასევე სასიამოვნოა დიალოგში მონაწილეობის მიღება, რაც კონფერენციის თანმდევი პროცესია,“ – ამბობს ფილოსოფიის მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტი თამარ ბარბაქაძე. მან კონფერენციაზე წარმოადგინა მოხსენება – ,,ფორტუნა, როგორც უცვლელი ცვალებადობა (ბოეთიუსი -„ფილოსოფიის ნუგეში“).
სტუდენტების მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მრავალ ასპექტს მოიცავდა ფილოსოფიაში, კერძოდ: საბა ბულისკირია (ორი მახვილის პოლიტიკურ-ფილოსოფიური დისკურსი – მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფ. დემურ ჯალაღონია); სალომე ტუღუში (ილუზიის პრობლემა ჯნანა იოგაში „აშტავაკრა გიტას“ მიხედვით – მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მამია სურმავა); მარიკა შვანგირაძე (ერიხ ფრომი: ფსიქოანალიზისა და სოციალიზმის დისკურსი – მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფ. დემურ ჯალაღონია); ელენე ლეკვეიშვილი (ღმერთის დახასიათება ანსელმ კენტემბერიელის მონოლოგიების მიხედვით – მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფ. ლელა ალექსიძე) და სხვ.
ვინ იყო მერი ჭელიძე?
მერი ჭელიძე იყო XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფილოსოფოსი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი 1948 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1962-1967 წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრას. უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიწვევით მუშაობდა სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე, სადაც კითხულობდა ლექციებს ძველი აღმოსავლეთის, ანტიკურ ფილოსოფიასა და ელინიზმის ფილოსოფიაში. იგი წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის (1998 წ); 1982 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება. მისი შრომები ეხება ანტიკურ ფილოსოფიას, გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს (ჰეგელი), ფილოსოფიის (ნეოჰეგელიანელობა) ისტორიას. მისი მონაწილეობით შედგენილია სახელმძღვანელოები ფილოსოფიის ზოგად, შუა საუკუნეებისა და XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფიის ისტორიაში. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი მონოგრაფიები: „ჰეგელის დიალექტიკის კრიტიკის ძირითადი თავისებურებანი ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში“ (1966 წ), „ჰეგელი და ნეოჰეგელიანიზმი“ (1970 წ), „დიალექტიკა და თანამედროვე ფილოსოფია“ (1972 წ), „მითოსიდან ფილოსოფიური აზროვნებისაკენ“ (1977 წ), „ანტიკური და დაუწერელი ფილოსოფიის პრობლემა“, (1986 წ), „ელინიზმის ფილოსოფია“ (1992 წ), „ელინიზმის ფილოსოფია ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში“ (1998 წ), „ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია“ (2001 წ), „ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით“ (2002 წ).