,,განსაკუთრებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში” – პროფესორ მერაბ კილაძის მონოგრაფია
,,განსაკუთრებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში” – ასე ეწოდება თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის მერაბ კილაძის ავტორობით გამოცემულ მონოგრაფიას, რომელშიც 115 არასტანდარტული შემთხვევაა შესწავლილი ქირურგიული პრაქტიკიდან. მერაბ კილაძე ამჟამად თსუ-ს კლინიკური ქირურგიის კათედრის გამგეა და ამერიკულ ჰოსპიტალში ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბრისას ავტორმა ხაზი გაუსვა, რომ წიგნის მიზანია – დაეხმაროს ქირურგსა და პაციენტს, რომ ანალოგიურ სიტუაციაში იხელმძღვანელოს უკვე არსებული გამოცდილებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ,,40 წლიანი ქირურგიული პრაქტიკის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემეგროვებინა გამორჩეული სამედიცინო ქეისები და გამომეცა წიგნი მათ შესახებ. ნაშრომში აღწერილი შემთხვევების თითქმის ნახევარი არის უშუალოდ ჩემი პრაქტიკიდან, ხოლო დანარჩენი ჩემი კოლეგების გამოცდილებაა აღწერილი 13 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, ისაელიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მონოგრაფიის თითოეული თანაავტორი კარგად ცნობილი ექსპერტი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტია ქირურგიის სფეროში”, – აღნიშნავს მერაბ კილაძე.
მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომში თავმოყრილი ყველა შემთხვევა ილუსტრირებულია და ის ფაქტობრივი მასალის სახით მოკლედ და გასაგებადაა წარმოდგენილი. ავტორის თქმით, წიგნში მკითხველი ვერ შეხვდება ზედმეტ ტექსტს, ცხრილებს, პროტოკოლებსა და განხილვებს. წიგნის ასეთი მახასიათებელი მისი უფრო პრაქტიკულად და ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

წიგნი დადებითადაა შეფასებული რეცენზიებშიც. ზოგადი ქირურგიის იტალიელი პროფესორი ნიკოლა პიკარდი წერს: ,,ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ მერაბ კილაძის მიმართ, რადგან მან უნიკალური შემთხვევების დოკუმენტირების შრომატევადი საქმე იტვირთა და გვაჩვენა ქართული ქირურგიის პანორამა – გეოგრაფიულად ევროპის გულიდან დაშორებული, მაგრამ მთლიანად თანხვედრაში ქირურგიის გლობალურ დარგთან… ავტორი გვაჩვენებს ქირურგისა და პაციენტის ურთიერთობის ადამიანურ ასპექტს და იმ მოულოდნელ კლინიკურ სიტუაციებს, რომლებიც დიაგნოსტიკურ უნარს, კრიტიკულ აზროვნებას, პასუხისმგებლობას, ტექნიკურ ოსტატობასა და კრეატიულობას მოითხოვს“. ბრიტანეთის ,,წითელი ჯვრის” კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ნადი ჰაკინი კი მერაბ კილაძეს ასე ახასიათებს: ,,იგი არა მხოლოდ თავისი სფეროს გამორჩეული სპეციალისტია, არამედ შესანიშნავადაც ავრცელებს ცოდნას საზოგადოებაში. წიგნში განხილულია გულის ჭრილობა, ეზოფაგექტომია, დიაფრაგმის თიაქარი, წვრილი ნაწლავის სისხლდენა, ღვიძლის ჰემანგიომა, სპლენექტომია, პეპტიური წყლულები და სხვადასხვა პათოლოგიის პერკუტანული მართვის შემთხვევები.”
პროფესორ მერაბ კილაძის წიგნის – ,,განსაკუთრებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში” – პრეზენტაცია 2022 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებაში ქართველ ქირურგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 10 ქვეყნის წამყვანმა უცხოელმა სპეციალისტებმაც.
წიგნზე ავტორი 6-8 თვის განმავლობაში მუშაობდა. იგი განკუთვნილია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, ახალგაზრდა და გამოცდილი ქირურგებისთვის. როდესაც პროფესორ მერაბ კილაძეს ახალგაზრდა ქირურგებისთვის რჩევა ვკითხეთ, გვითხრა, რომ მთავარია ქირურგობა ადამიანის მოწოდება იყოს. მან რენე ლერიშის სიტყვებიც გაიხსენა: ,,ქირურგი ქირურგიით ცხოვრობს… რაოდენ ამაღლებული და ამაყი ხარ საკუთარი თავის წინაშე, როცა შეგიძლია გასცე მეფური საჩუქარი და ადამიანს აჩუქო ჯანმრთელობა და სიცოცხლე”.
