„ დიდი სამამულო 1941-1945 წ.წ. / მეორე მსოფლიო ომი და ქართული მწერლობა“ – თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
,,დიდი სამამულო 1941-1945 წ.წ. / მეორე მსოფლიო ომი და ქართული მწერლობა” – ამ სახელწოდებით გაიმართა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 22-23 მაისს მიმდინარეობდა. ღონისძიების იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე გახლდათ.
ქართველმა მეცნიერებმა მოხსენებები წარმოადგინეს იმ ქართველი მწერლების შემოქმედების შესახებ, რომელთა პროზასა თუ პოეზიაშიც მეორე მსოფლიო ომია ასახული. სხვადასხვა მომხსენებელმა მიმოიხილა ოტია იოსელიანის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ კვესელავას, გიორგი ლეონიძის და სხვა მწერლების ნაწარმოებები ომის კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმის და მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის წარმომადგენლებიც.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. მან ომში მონაწილე ქართველი მეომრების როლს გაუსვა ხაზი და, გარდა ამისა, იმ მდიდარ საარქივო მასალაზე ისაუბრა, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს – ეს მიმართულება საკუთარი კვლევის თემად აქციონ და საინტერესო ნაშრომები დაწერონ.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, რომ მთელი ფაკულტეტი, ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად, ჩართული იყო კონფერენციის ორგანიზებაში. ,,ყველა თაობას ახალი სათქმელი აქვს ქართულ მწერლობასთან და მასში ასახულ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით. ჩვენი კონფერენციის მნიშვნელოვანი სიახლე სწორედ ესაა – ახალგაზრდების თვალით დანახული, აღქმული და სხვაგვარად შეფასებული ჩვენი უახლესი ისტორიული წარსული”, – განმარტა დეკანმა.
კონფერენციის მნიშვნელობაზე თავად იდეის ავტორს ვკითხეთ. ,,რადგან წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი შესრულდა,ჩავთვალე, რომ უეჭველად უნდაგამოვხმაურებოდით ამ საიუბილეო თარიღს – დიდი ქართული მწერლობა მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამ თვალსაზრისითაც. მასპინძელი რასაკვირველია, ჩვენი უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო. მინდოდა, ამ ყოველივეს მასშტაბური ხასიათი ჰქონოდა.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით და საგულისხმო მოხსენებები წარმოადგინეს. სამეცნიერო კონფერენციის მიზანი ზოგადადაც ხომ ეს გახლავთ – სხვადასხვა მოსაზრების და ახლებურად წაკითხვის, გაანალიზების, დაფიქრების შესაძლებლობა. ვფიქრობ,მუშაობაც სწორედასე წარიმართა“, — განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან ნიშნიანიძემ.
მოხსენებები მრავალფეროვან თემებს მოიცავდა: ,,მეორე მსოფლიო ომის მხატვრული რეფლექსია ოტია იოსელიანის რომანში ,,ტყვეთა ტყვე“ (ავთანდილ ნიკოლეიშვილი), კონსტანტინე გამსახურდიას რომანი ,,ვაზის ყვავილობა“ როგორც მეორე მსოფლიო ომის რეცეფცია (კონსტანტინე ზ. გამსახურდია), ,,მკაცრი რეალობიდან – დოკუმენტურ პროზამდე – მიხეილ კვესელავას ,,ას ერგასის დღე“ (რუსუდან ნიშნიანიძე), ,,იოსებ სტალინის მემორიალური ნივთების და საჩუქრების ისტორია“ (ლიანა ოქროპირიძე, ლარისა გაზაშვილი), ,,დიდი სამამულო ომის/მეორე მსოფლიო ომის რეპრეზენტაცია ქართულ ლიტერატურაში“ (ბელა წიფურია), ,,1941-1945 წლების სამამულო ომის გამოძახილი ი.აბაშიძის შემოქმედებაში“ (მარინე ცერცვაძე), ,,ომის მორალური და ფსიქოლოგიური პლასტები გურამ ფანჯიკიძის მოთხრობაში ,,რეკვიემი“ (ნესტან კუტივაძე), ,,ომის რეცეფციები ტექსტ-კონტრაპუნქტში: რეზო ჭეიშვილის ,,მუსიკა ქარში“, (ნანა კუცია), ,,მეორე მსოფლიო ომი ქართველ მწერალთა თვალთახედვით – გიორგი ლეონიძე“ (ზვიად მურადაშვილი), ,,მეორე მსოფლიო ომი და მწერლების ხმა – გ. ლეონიძის სახ. ქართულ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკა აგიაშვილის და გაბრიელ ჯაბუშანურის საარქივო მასალების მიხედვით“ (ია ღადუა), ,,ომის ექო და ბუნებითი ემპათია მხატვრულ სახეებში ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით“ (ნესტან ფიფია), ,,პოეტი-ჯარისკაცის მირზა გელოვანის ლიტერატურული მემკვიდრეობა“ (ციცინო გაბიდაური).
ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ქართველი მწერლების ,,მცირე ანთოლოგიასაც“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მოამზადეს კონფერენციის ფარგლებში. 23 მაისს სწორედ სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა წიგნის პრეზენტაცია-პერფორმანსი. ანთოლოგიის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა, ანთოლოგიის რედაქტორი – რ. ნიშნიანიძე,დაიბეჭდა უნივერსიტეტის გამომცემლობაში. წიგნის წარდგინება სამეცნიერო კონფერენციით დასრულდა და მასში ამჯერად ახალგაზრდები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ფორუმი, რომელიც კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ,,ჭაბუკებად დარჩენილი“ უნიჭიერესი პოეტების ხელნაწერები და წიგნები კიდევ ერთხელ მოექცა სხვადასხვა თაობის სამეცნიერო კვლევის, დაფიქრების და ხელახლა წაკითხვის აუცილებლობის არეალში.
