თსუ-მ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
29 აპრილს თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №53 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბურჯალიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ რექტორმა სკოლის მოსწავლეებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია – ,,ივანე ჯავახიშვილი – 150”.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ რექტორმა დამსწრე აუდიტორიას მიმართა: „დაახლოებით თქვენი ასაკის ვიყავი, როდესაც ჩემი ცხოვრება დაუკავშირდა უნივერსიტეტს. დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა მარიკა ლორთქიფანიძის ლექცია, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. წელს, 150 წლის იუბილის ფარგლებში, უნივერსიტეტში მრავალი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც ყველა ფაკულტეტი მოიცვა. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩემთვის ყველაზე ემოციური იყო სკოლის მოწაფეებთან შეხვედრა და ურთიერთობა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი საიუბილეო ღონისძიებები სწორედ მოსწავლეების კონკურსით დაიწყო, სადაც მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დაუშრეტელი ენერგია ვიგრძენით – მოსწავლეებისგან წამოსული. მნიშვნელოვანია, რომ ამ კედლებში პროფესორები და სტუდენტები არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას გასცემენ და იღებენ, არამედ სწავლობენ ყველაზე მთავარს: სამშობლოს სიყვარულს და ცხოვრების მთავარ აზრს… ამიტომაც არის თქვენი ჩართულობა ასე მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ეს არის იმ იდეის განხორციელება, რომელიც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა ჩაიფიქრა. ქვეყანა წინ ვერ წავა და ვერ განვითარდება, თუ განათლება სათანადო დონეზე არ გვექნა. თავისუფლება, ეკონომიკური წინსვლა, ქვეყნის მომავალი ამ გზაზე გადის, რაც ივანემ ჩაიფიქრა და ამიტომაც ეს გზა უნდა გაგრძელდეს. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექციას და ყველა მოსწავლეს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გაგაცნოთ საუნივერსიტეტო ცხოვრების მრავალფეროვნება, თქვენ უნდა გადაიბაროთ ის ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა ღირსეულმა წინაპარმა დაგვიტოვა“.

დამსწრე საზოგადოებას და უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბურჯალიანმა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვეამაყება, რომ ვართ ,,საუნივერსიტეტო სკოლა“ და ამ მიმართულებით მრავალი საინტერესო აქტივობის განხორციელებას ვგეგმავთ. აქ არიან მოსწავლეები, რომლებიც ახალ ისტორიას შექმნიან. ძალიან სასიამოვნოა, რომ მემორანდუმი ასეთ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა. ურთიერთთანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს – მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელება შევთავაზოთ სკოლის მოსწავლეებს“, – აღნიშნა ნინო ბურჯალიანმა.
„უნივერსიტეტიდან შთაბეჭდილებებით სავსე ვბრუნდები, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო საჯარო ლექცია ივანე ჯავახიშვილის შესახებ. ჩემი მიზანია ამ უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა და ამისთვის ძალას და ენერგიას არ დავიშურებ“, – გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ ჭკუასელმა.

როგორც თსუ-ს რექტორისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორის შეხვედრაზე აღინიშნა, გაფორმებული მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების, ტრენინგების, შეხვედრებისა და კვლევითი აქტივობების ორგანიზება და განხორციელება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება, თსუ-ს აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა დოკუმენტური ფილმის – „ივანე ჯავახიშვილი – 150“ – ჩვენება, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედის“ და თსუ-ს ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა. ფილმის ავტორია ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც თსუ-ს რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, უნივერსიტეტის და საჯარო სკოლის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრნენ.
