თსუ-დან დაწყებული ოცნებების ახდენის შანსი

თარიღი: 2023-04-20 20:39:07

23 წლის მეგი მურღულია  მალე  ორი უნივერსიტეტის – New Vision University (თბილისი)-ის და CEU – ცენტრალური ევროპის  უნივერსიტეტის (ვენა, ავსტრია) მაგისტრატურის კურსდამთავრებული იქნება. მეგიმ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა და ამჟამად  New Vision University  სწავლობს შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურაში. გარდა ამისა, მან DAAD-ის სტიპენდია მიიღო და როგორც გაცვლითი პროგრამის სტუდენტმა  სწავლა გააგრძელა  ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში   სამაგისტრო პროგრამაზე.  

სექტემბრიდან  LLM-ის გლობალური ბიზნეს სამართლისა და რეგულირების (LLM in Global business law and regulation) სწავლას გააგრძელებს CEU (ცენტრალურ ევროპის უნივერსიტეტში) 70 %-იანი დაფინანსებით და ყოველთვიური სტიპენდიით.    

მეგი მურღულია  თბილისში დაიბადა, მაგრამ წარმოშობით აფხაზეთიდანაა.  ევროპული სკოლის დამთავრების შემდგომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და სწავლა  New Vision University-ში  გააგრძელა.

„მე-11 კლასში გადავწყვიტე, რომ  იურისტი გავმხდარიყავი, რათა  სხვათა უფლებები დამეცვა. მას შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება არ შემიცვლია. ოჯახის წევრებიც  იურისტები მყავს, მაგრამ ამას ჩემზე ზეგავლენა არ მოუხდენია. მიხარია, რომ ეს სფერო შემიყვარდა, რომ  მე-11 კლასელი მეგის არჩევანმა  გაამართლა და იმედები არ გაცრუებია…“ – აღნიშნა მეგიმ,  ვისთვისაც  წარმატებებისკენ სავალი გზა  მარტივი არ ყოფილა.

„რა თქმა უნდა,  ეს გზა არ იყო მარტივი. დიდი დილემის წინაშე დავდექი მაშინ, როცა არჩევანი უნდა გამეკეთებინა – სად  უნდა გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე.

მიუხედავად იმისა, რომ „ალმა მატერი“ დღემდე ძალიან მიყვარს, გადავწყვიტე, რომ სწავლა ინგლისურ ენაზე გამეგრძელებინა.  სწორედ ამიტომ ავირჩიე New Vision University. ამასთანავე, ბაკალავრიატში  სწავლის პერიოდიდან მინდოდა გერმანიასა და ავსტრიაში მესწავლა. ამ სურვილის ასრულებაში კი New Vision University დამეხმარა, რომელმაც სასწავლებლად ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში  გაცვლითი პროგრამით გამიშვა.

კონკურსებს, გასაუბრებებს თან ახლდა პიროვნული დაბრკოლებებიც: გაუცხოება, ნოსტალგია, თვითდამკვიდრება, რასაც თითოეული სტუდენტი   მშობლიური ადგილის დატოვებისას განიცდის…“ – ამბობს მეგი,  რომელიც  ისეთი საქმიანობის ძიებაშია, რომელიც  ხალხს სარგებელს მოუტანს,  სამართლიანობას და  კანონის უზენაესობას დაამკვიდრებს. მეგი საზღვარგარეთ სწავლის მოსურნე თანატოლებს  საჭირო რჩევებს უზიარებს პირადი გამოცდილებიდან.

„პირველ რიგში, ვურჩევ, რომ, უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად,  პირადი   CV-ის გამდიდრებაზეც იზრუნონ.  სხვადასხვა აქტივობით, კონფერენციებში მონაწილეობით დაკავდნენ და სამუშაო გამოცდილებაც დააგროვონ, რადგან აღნიშნულს საზღვარგარეთ დიდი ყურადღება ექცევა. ასევე ვურჩევ პიროვნულად გაზარდონ საკუთარი თავი და  მაქსიმალურად დამოუკიდებლები გახდნენ, რათა შემდგომში  მარტო ცხოვრება და დაბრკოლებების გადალახვა არ გაუჭირდეთ. ბოლოს კი ვურჩევ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ დაფინანსების და საზღვარგარეთ წასვლის ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, ერასმუსის გაცვლითი პროგრამა, რომლის საშუალებით სტუდენტები საზღვარგარეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩართულია ამ პროგრამაში და   შანსს გაძლევს ოცნება რეალობად აქციო“, – ამბობს  მეგი, რომელიც  მადლიერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული  წლებით, აქ მიღებული ცოდნითა და  განათლებით.

„ცოდნასთან ერთად აქ  ისეთი ადამიანები შევიძინე, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე გამყვებიან. რაც მთავარია,  ამ კედლებში  გავიზარდე  პიროვნულად და აქ ვისწავლე სირთულეებთან გამკლავება.

გერმანიაში სწავლის შემდგომ უფრო მეტად დავაფასე თსუ-ში მიღებული განათლება. აქაური გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ვისურვებდი თსუ-ს უკეთესობისკენ შეცვლას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად უფრო მეტი შესაძლებლობის მიცემას და, რაც მთავარია,  თსუ-ს სტუდენტებისთვის  უფრო მეტ წვდომას  და შანსს  საზღვარგარეთის  პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის  გასაგრძელებლად“, – აცხადებს მეგი, რომლის  ყველა მიზანი და გეგმა  საბოლოოდ მაინც  საქართველოს უკავშირდება. „მინდა, რომ უცხოეთში მიღებული ცოდნით თუ სამუშაო გამოცდილებით საქართველოში მეტად განვავითარო ისეთი დეფიციტური სფერო, როგორიც არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალება – არბიტრაჟი“, – ამბობს მეგი მურღულია, რომელიც საკუთარ თავს წლების შემდგომ ისევ ამ სფეროში  ხედავს და, რაც ყველაზე მთავარია, აქ – საქართველოში. 

Facebook
Twitter
LinkedIn