სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ – პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
N 151/01-01
29.06.2023
151-01-01-4-202306291732
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11
სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 8 პუნქტის “ა”, “ბ” და “პ” ქვეპუნქტების და მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების — „სსიპ — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების — „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 მაისის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თ. რუხაძის 2023 წლის 23 ივნისის N17030/32 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ -პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 10 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 11 აგვისტოდან 2023 წლის 15
აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 9 სექტემბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შინაგან დაავადებათა კათედრა:
ასისტენტ-პროფესორი — ერთი საშტატო ერთეული („ბ“-კატეგორია);
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით
, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით); გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) „ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)”
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში — შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
— დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. კ) სამოტივაციო წერილი;
ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა.თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს; ლ.გ.კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ. დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 11 აგვისტოდან 2023 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ა. ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;
7. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,
წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი” ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (მედიცინი ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნინო გვენეტაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი