თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაზე სომხეთში
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დელეგაციამ სომხეთში პროექტის – „სადოქტორო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სოციალურ მეცნიერებებში (DPPHSS)“ – ფინალურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო პროექტი ,,ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. კონფერენციას მ. ჰერაცის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
კონფერენციაზე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ პროექტში ჩართული ქვეყნების (ავსტრია, რუმინეთი, სლოვაკეთი, საქართველო) წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, მოლდოვის რესპუბლიკიდან, ყირგიზეთიდან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციას მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები, დოქტორანტები და პროექტში ჩართული ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.
„თსუ-ის აკადემიურმა პერსონალმა კონფერენციის მონაწილეებს პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამის განვითარების კუთხით 4 წლის მანძილზე მიღწეული შედეგები გააცნო და სადოქტორო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობა განმარტა.
საკუთარი კვლევის შედეგები წარადგინეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებმაც. კონფერენციის დასასრულს, შემაჯამებელ სესიაზე გაიმართა დისკუსია კონფერენციის მონაწილეთა მიერ წარდგენილი თემების შესახებ. თსუ-ის წარმომადგენლებმა პროექტის კოორდინატორს და მონაწილეებს გადასცეს პროექტის ფარგლებში თსუ-ში მომზადებული და საქართველოში დაბეჭდილი სტატიების კრებული. 14 და 15 სექტემბერს გაიმართა პროექტის მონაწილე ქვეყნების კოორდინატორების შეხვედრა, სადაც მიმდინარე საკითხების განხილვის პარალელურად შემდგომი თანამშრომლობის ფორმა დაიგეგმა“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ.
პროექტის „სადოქტორო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სოციალურ მეცნიერებებში (DPPHSS)“ ფინალური საერთაშორისო კონფერენცია 10-15 სექტემბერს მიმდინარეობდა.