ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ მედიამკვლევართა შორის სამეცნიერო დიალოგისთვის ახალი ფანჯარა გახსნა
მიმდინარე წლის 25 – 27 სექტემბერს შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“, რომელმაც ქართველ და სხვადასხვა ქვეყნის მედიამკვლევრებს უმასპინძლა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი მედიასკოლების წარმომადგენლები, ასევე გდანსკის და პოზნანის უნივერსიტეტების (პოლონეთი), ანკარის უნივერსიტეტის (თურქეთი), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომხეთი) და სოფიას სახელმწიფო უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორები. კონფერენციამ ხელი შეუწყო საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარებას და ქართული მედია სკოლების სამეცნიერო კვლევებისა და მიგნებების წარმოჩენას.
კონფერენციას ხელმძღვანელობდა ბსუ-ის პროფესორი ინგა შამილიშვილი, რომლის ძალისხმევითაც მომზადდა აღნიშნული ფორუმი.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. საორგანიზაციო საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა. კონფერენციის მომზადებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ და მულტიმედია ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა, მოწვეულმა ლექტორმა ლიანა მარქარიანმა. ფაკულტეტის სახელით კონფერენციის მონაწილეთა წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ელენე გელაშვილი.

კონფერენციამ, რომელიც ინგლისურ და ქართულენოვან ოთხ სექციად მუშაობდა, გააერთიანა მრავალფეროვანი და აქტუალური თემები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ქართულ მედიაში, მედია და პოლიტიკური კომუნიკაცია, ქართული ტრადიციული მედიის ტრანსფორმაცია და გამოწვევები, ციფრული მედია და მედიაწიგნიერება, სოციალური მედია და ვიზუალური თხრობა.
კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მულტიმედია ცენტრის თანამშრომლები: მანანა შამილიშვილი („ვიზუალური მეტაფორები საბჭოთა დოგმების წინააღმდეგ: ჟურნალ „ნიანგის“ ილუსტრაციათა ანალიზი“); თსუ-ს დოქტორანტი ინგა ქორიძე (ხელმძღვანელ მანანა შამილიშვილთან ერთად: „ტრადიციულიდან ჰიბრიდულამდე: მედიის ტრანსფორმაცია საქართველოში (1996–2013)“); მაია ტორაძე, ლიანა მარქარიანი (AI-Generated Media Content and Its Effects: An Analysis of Facebook Users’ Engagement and Feedback in Georgia); ნათია კუპრაშვილი (The Future of AI Integration in Georgian Media: A Qualitative Study of Practitioners’ Expectations and Prospective Use Cases), ნინო ჭალაგანიძე („საეკრანო პროფილის ტრანსფორმაცია: დიქტორიდან წამყვანამდე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მაგალითი“), თინათინ მაჭარაშვილი („რეკონტექსტუალიზებული ახალი ამბავი (ქართული ტელეარხების Facebook ქარდების მაგალითზე“), ნათია სვანიძე „აუდიოჟურნალისტიკის ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოში; პოდკასტინგი, როგორც ახალი მედიაფორმატი „ნიკოს პოდკასტი“ (შემთხვევის შესწავლა)“); ნათია რაჭველიშვილი (სოციალური მედიის ეფექტი თანამედროვე კინოინდუსტრიაში – „მაიკლის“ ტრიუმფალური დაბრუნება“), ელენე გელაშვილი (სალომე დუნდუასთან ერთად, „ახალი მედიაძალაუფლება: ინფლუენსერობა, როგორც პოლიტიკური კომუნიკაციის არხი“), მაკა გოგილაშვილი (ინგა შამილიშვილთან ერთად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ციფრული კომუნიკაცია“).
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური საჩუქრები და სერტიფიკატები.

წარმატებული და ნაყოფიერი სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა სამეცნიერო დიალოგისა და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. კონფერენციამ დაადასტურა, რომ სიცოცხლისუნარიანია და ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბების პოტენციალი გააჩნია. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ უცხოელი სტუმრები სრულ მზაობას გამოხატავდნენ მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ სარედაქციო ჯგუფის მიერ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა. იგი გარკვეული პერიოდულობით გამოიცემა და ასახავს მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და მათ მეცნიერულ შეფასებებს.
