მედეა სამუშიასთვის თსუ-ს ისტორიული წარსული ყოველთვის შთამაგონებელი იყო
თსუ-ს ისტორიული წარსული, აკადემიური ტრადიციები და ეროვნული ღირებულებები ყოველთვის იყო შთამაგონებელი მედეა სამუშიასთვის, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია. როგორც თავად ამბობს, თსუ-ში ჩაბარება მისთვის კარგად გააზრებული, მიზანმიმართული არჩევანი იყო.
დღეს მედეა ამაყობს, რომ თავადაც არის იმ უნივერსიტეტის ნაწილი, რომელმაც არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების, არამედ პროფესიული და პიროვნული ჩამოყალიბების საფუძველი მისცა.
„მაქვს პატივი, ცოდნა მივიღო ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებისგან – ადამიანებისგან, რომელთა პროფესიონალიზმმაც შეუძლებელია – არ აღგაფრთოვანოს. მათთან უშუალო კონტაქტი ჩემთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება, არამედ პიროვნული განვითარების შესაძლებლობაც არის“, -აღნიშნავს მედეა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო კურსებსა და სტუდენტურ კონფერენციებში.
ერთ-ერთი განსაკუთრებული გამოცდილება მედეასთვის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა იყო: „ეს ჩემთვის იყო დიდი გამოწვევა და დაუვიწყარი გამოცდილება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი რამაზ ფუტკარაძე – ადამიანი, რომელმაც მომცა მოტივაცია და შემმატა თავდაჯერებულობა – მიმეღო მონაწილეობა სტუდენტურ აქტივობაში“, – ამბობს მედეა, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია, სახელმწიფო სტიპენდიას იღებს, რასაც იგი უნივერსიტეტისგან მინიჭებულ ნდობად მიიჩნევს და ამბობს, რომ ასეთი მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად აძლიერებს პასუხისმგებლობას სწავლის ხარისხისა და მიზნებზე ორიენტაციის მიმართ.
სტუდენტი ჩვენთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს სტუდენტური საცხოვრებლის გაუმჯობესების აუცილებლობასაც. არსებული ინფრასტრუქტურა, მისი თქმით, არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. თუმცა, მედეა რწმენით უყურებს მომავალს და იმედოვნებს, რომ თსუ ამ გამოწვევასაც დაძლევს.
