პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველ სტუდენტზე წიგნი-ალბომი გამოიცა

თარიღი: 2024-11-11 14:21:16

„მედეა ღამბაშიძე  – პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი“ – ამ სახელწოდებით გამოიცა წიგნი-ალბომი, რომლის პრეზენტაციაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. გამოცემა ქართული ემიგრაციის სახელოვან წარმომადგენელს მიეძღვნა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის) პირველი სტუდენტი გახლდათ. 1918 წელს პირველი სტუდენტური ბარათი სწორედ მის სახელზე გაიცა. მედეა ღამბაშიძემ მხოლოდ სამი სასწავლო კურსის გავლა შეძლო, ვინაიდან, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იძულებული იყო ოჯახთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. მან ემიგრაციაში უაღრესად საინტერესო ცხოვრება განვლო, 1975 წელს კი საფრანგეთში გარდაიცვალა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წიგნი-ალბომის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ წიგნში გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ ეპოქის ისტორიას, იმდროინდელი ცხოვრების წესსა და ადამიანების შეხედულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ.

,,თსუ ყოველთვის იყო და იქნება იმის მაგალითი, როგორ უნდა უპატრონოს ერმა საკუთარ ისტორიას. ეს წიგნი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ილუსტრაცია“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ. მან შესანიშნავი ალბომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ფოსტასა და თსუ-ს ბიბლიოთეკას, მის ხელმძღვანელსა და წარმომადგენლებს.

თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, წიგნში მკითხველი გაეცნობა მედეა ღამბაშიძის ცხოვრებას, თსუ-ს 50 წლის საიუბილეოდ მომზადებულ სტატიას, ჩანაწერებს მისივე პირადი დღიურიდან, ასევე, საქორწინო მისალოც წერილებსა და დეპეშებს, პირველი ვაჟის – რეზიკოსადმი მიძღვნილ ემოციურ დღიურს, მეგობრების ჩანაწერებს, 1921 წლის ქართველი ემიგრაციის შთამომავალთა მოგონებებს მედეას შესახებ, ასევე, ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით მომზადებულ „ქალთა მეხსიერების“ ზეპირი ისტორიების ციკლს. წიგნში დაბეჭდილია მხატვრული ნაწარმოები – „პირველი თოვლი“, რომელიც მედეას ქალიშვილის – ნათელა ნიკოლაძის მოსაზრებით, დედამისს ეკუთვნის. მკითხველი, ასევე, გაეცნობა მნიშვნელოვან ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.

წიგნი-ალბომი – „მედეა ღამბაშიძე – პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი“ –  საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიების ფარგლებში რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე უნივერსიტეტის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე თსუ-ს ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბის“ წევრებმა მედეა ღამბაშიძის დღიურები წაიკითხეს.

Facebook
Twitter
LinkedIn