როგორ აღინიშნა მეცნიერების მსოფლიო დღე თსუ-ში

თარიღი: 2025-11-21 17:26:10

მსოფლიო  იცვლება. როგორც პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენლები ამბობენ, დღევანდელ მსოფლიოში სწორედ განათლება და მეცნიერებაა მსოფლმხედველობრივი ცვლილებების გადააზრების ძირითადი განმსაზღვრელი. ეს პირდაპირ უკავშირდება მეცნიერების პრიორიტეტად გამოცხადებას. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ფუნქციის განსაზღვრის ხანაა. თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისა და ბაქო-სუფსის პროექტის მთელ რიგ ღონისძიებებში სწორედ მეცნიერები იყვნენ ჩართულნი. ახლა უკვე აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნის ქვეყნად მოვიაზრებით და ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად, პირველ რიგში, მეცნიერების მოხმობა გახდა საჭირო.

მეცნიერებას დღევანდელ საქართველოში სათანადო პოპულარიზაციის პრობლემა უდგას. ამიტომ რჩება ჩვენამდე მოუღწეველი ბევრი ინფორმაცია.  ვგულისხმობთ შემდეგს: მეცნიერული კვლევები გვამცნობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების გამო საქართველოში უკვე დაიწყო დიდი მყინვარების უკან დახევა. უკვე დამუშავებულია თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური კონსტრუქცია ზვავის მოქმედების მაღალი რისკის ზონებისთვის. ინოვაციური კონსტრუქცია მოწყობილია საქართველოს სამხედრო გზის კობი-გუდაურის უბანზე. მეცნიერები ირჯებიან დედამიწაზე გახშირებული ბუნებრივი სტიქიების პროგნოზირებისა და კონტროლის ინოვაციური ღონისძიებების დასამუშავებლად საქართველოს მაგალითზე. ისინი იძლევიან რეკომენდაციას, რომ ღვარცოფების საწინააღმდეგოდ გამოყენებულ იქნეს საქართველოში დამუშავებული თანამედროვე კონსრუქციები. ეს კონსტრუქციები აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში. მეცნიერთა ერთი ჯგუფის ნაშრომიდან ვიგებთ სიმსივნის მკურნალობის ახალ შესაძლო მეთოდზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სოკოვანი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები პერსპექტიულია სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური და მიზანმიმართული მეთოდების შემუშავებისთვის. დემოგრაფთა ჯგუფი მუშაობს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის  შემცირების მიზეზებისა და გამოსავლის გზების დადგენაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფსიქოლოგები მრავალ სასწავლებელში არიან განფენილები და ერთგვარად დარღვეულია მათი კოორდინაცია, ქართველ ფსიქოლოგთა მცირე ნაწილი მაინც მუშაობს უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებისთვის. ისინი იღვწიან, რომ მსოფლიო მასშტაბით ეს თეორია მეინსტრიმული  გახდეს სხვა თეორიებთან შედარებით  – ამ და მეცნიერების სხვა ახალ მიგნებებზე ინფორმაციას ხშირად არ ფლობს საზოგადოება. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მეცნიერებს მეტი პოპულარიზაცია. ამ საზოგადო მიზანს ემსახურება თუნდაც მეცნიერების მსოფლიო დღის აღნიშვნა, როდესაც გამოიკვეთება მეცნიერების ამა თუ იმ დარგში მიღწეული შედეგები და იმ მეცნიერ-მკვლევართა სახელები, რომელთაც სახელმწიფოსგან ხარდაჭერა ესაჭიროებათ.

მეცნიერების მსოფლიო დღე განსაკუთრებული ღონისძიებებით აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ დღეს ,,მეცნიერების ფესტივალი – 2025“ მიეძღვნა.  ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინიტრის მოადგილე  ზვიად გაბისონია, თბილისისა და რეგიონების სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც ახალმა თაობამ მეცნიერული ცოდნა უნდა მიიღოს. ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ის ქვეყნები, რომელთაც დიდი რესურსები ჩადეს მეცნიერებაში, დღეს მყარად დგანან ფეხზე. სამეცნიერო ფესტივალები ხელს უწყობს მეცნიერების პოპულარიზაციას. ასობით ახალგაზრდა, სკოლის მოსწავლე გაეცნო თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს, დაინტერესდა სხვადასხვა სახის ცდებით. იმედია, მათ გავუღვივეთ ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

„მეცნიერების პოპულარიზაცია გახლავთ უმაღლესი განათლების რეფორმის ქვაკუთხედი, ახალი თაობის შესვლა მეცნიერებაში ჩვენთვის გამოწვევაა. ძალიან გვინდა, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი ამოცანა გადავჭრათ და მეტი ასეთი პროექტი დავაფინანსოთ, რაზეც გამუდმებით მუშაობს სამინისტრო“, – აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

მეცნიერების ფესტივალზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთიან სივრცეში წარმოადგინეს საინტერესო ექსპერიმენტები, აღმოჩენები და კვლევითი პროექტები.

ფესტივალში მონაწილეობდნენ თსუ-ს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მინერალოგიის, ზოოლოგიის, პალეონტოლოგიის და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ ქიმიური ცდები, დაკვირვებოდნენ ექსპერიმენტებს ფიზიკაში, შეესწავლათ მინერალების უნიკალური სტრუქტურა, გაცნობოდნენ – თუ როგორი იყო სიცოცხლე მილიონი წლის წინ და შეხებოდნენ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ თსუ ზოომუზეუმის საინტერესო ექსპონატები, მოესმინათ თემატური ლექციებისთვის.

ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდნენ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები: ირაკლი ჩიტაია, გიორგი თუთბერიძე, მაია გაიოზიშვილი, გიორგი ჯიბუტი და გიორგი გაფრინდაშვილი.

10 ნოემბერი არის მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის და ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში, აგრეთვე, ფართო საზოგადოების ჩართულობას სამეცნიერო საკითხებში. ის ასევე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელობას და აქტუალობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS – American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU).

Facebook
Twitter
LinkedIn