საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 85 წლის იუბილეს მაისში აღნიშნავს
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 85 წლისთავისთვის მობილიზებაა და საიუბილეოდ ექსპერტულ დასკვნებზე დაფუძნებული ის მოხსენებები მზადდება, რომლებიც მთავრობამ უნდა მოისმინოს. სწორედ საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული მეცნიერებათა აკადემიას თავისი უფლება-მოვალეობანი და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა – მთავრობის მრჩეველი იყოს. დიდ მეცნიერთა ე.წ. ნავსაყუდელის სიღრმისეულად აღქმაში მისი სამებად გააზრება დაგვეხმარება. რატომ – საქართველოს? რატომ – ეროვნული? რატომ – მეცნიერებათა აკადემია? სწორედ ამ სამებაში ამოვიცნობთ იმ დიდ როლს, რომელიც გააზრებულიც და ათვისებულიც ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს საუკუნეების წინ. დღეს აკადემიაში მხოლოდ წარსულით არ იწონებენ თავს. დღეს აქ სხვა ცეცხლის დანთებას ცდილობენ – მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ამჟამინდელ პრეზიდენტს როინ მეტრეველს სურს, ისტორიის დაფასების პარალელურად, რეალური მეცნიერება აწმყოში გადარჩეს და ამასთანავე წარმოჩნდეს.
მსოფლიო იცვლება. დღევანდელ მსოფლიოში განათლება და მეცნიერებაა მსოფლმხედველობრივი ცვლილებების ხელახლა გააზრების ძირითადი განმსაზღვრელი. ეს პირდაპირ უკავშირდება მეცნიერების პრიორიტეტად გამოცხადებას. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ფუნქციის განსაზღვრის ხანაა. თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისა და ბაქო-სუფსის პროექტის სეისმური საშიშროების შეფასების არაერთ ღონისძიებაში სწორედ მეცნიერებათა აკადემია იყო ჩართული. ახლა უკვე საქართველო აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნის ქვეყნად მოიაზრება. ამ დიდი პროექტის განსახორციელებლადაც, პირველ რიგში, საჭიროა მეცნიერების მოხმობა. აკადემიას კარგად აქვს გაცნობიერებული ეს დიდი მისია. დღეს ჩვენ კვლავ შეგვიძლია ვიამაყოთ იმ შედეგებით, რასაც ქართველი მეცნიერები აღწევენ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე აკადემიაში როინ მეტრეველის საქმიანობის შეფასებისას ამბობს: ,,როინ მეტრეველი არა მხოლოდ დიდი მეცნიერული ღირსებებით შემკული პიროვნებაა, ასევე არის ძალიან გამოცდილი ორგანიზატორი. მეცნიერებათა აკადემია, კანონის მიხედვით, არის მთავრობის მრჩეველი მეცნიერების სფეროში. ამდენად, აკადემია თავისი საქმიანობით აფასებს საქართველოში მეცნიერების დონეს, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიმართულებებს – რა დონეზე ტარდება მეცნიერული კვლევები… ამ საბჭოების მუშაობა არის მეტად საჭირო, იმ თვალსაზრისით, რომ ფასდება თითოეული ინსტიტუტის, თითოეული უნივერსიტეტის დონე და შეჯამებული დასკვნები ექსპერტიზისათვის იგზავნება მთავრობაში. ჩვენ, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად ვატარებთ სემინარებს, შეხვედრებს მეცნიერებთან. როინ მეტრეველი მონაწილეობს ყველა პრობლემური საბჭოს მუშაობაში. დიდი გამოცდილების გამო მას შეუძლია ფასეული რჩევები მისცეს მეცნიერების თითოეულ მიმართულებას.
ბოლო პერიოდში, რაც ბატონი როინი პრეზიდენტია, მოხდა მნიშვნელოვანი საფინანსო ცვლილებები აკადემიის წევრებისთვის, თანამშრომლებისთვის. ამ მხრივ მთავრობის ყურადღება ძალიან იგრძნობა. ეს განპირობებულია ბატონი როინის ავტორიტეტით. მიიღეს ახალი კანონი აკადემიის წევრ-კორესპონდენტების აღდგენაზე – ეს მნიშვნელოვნად წაადგება ახალი კადრების მოზიდვას, ჩვენს სფეროში ახალი თაობის მოსვლას“.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ (ლადო) პაპავა იმ ამბიციურ გეგმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც როინ მეტრეველმა აკადემიის პრეზიდენტად არჩევისას გაახმიანა: ,,როინ მეტრეველმა აკადემიის პრეზიდენტად არჩევისთანავე წამოაყენა ამბიციური გეგმა – თუ როგორ უნდა იყოს აკადემია უფრო წარმატებული, რათა უფრო გაიძლიეროს თავისი ადგილი ქართულ საზოგადოებაში. კანონის მიხედვით, რომელიც არეგულირებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობას, ის არის ჩვენი მთავრობის მთავარი მრჩეველი. ამ ფუნქციას აკადემია წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს და ეს პროცესი უკვე ბატონი როინის ხელმძღვანელობით გრძელდება. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას არაერთი წინადადება აქვს გაგზავნილი, რომელმაც მთავრობაში მოწონება დაიმსახურა. დღეს უკვე აკადემიას აქვს შესაძლებლობა – იყოს სრულფასოვნად წარმოდგენილი როგორც აკადემიკოსების, ასევე წევრ-კორესპონდენტების სახით. შენარჩუნდა აკადემიის სტიპენდიატის ინსტიტუტიც. ამ მექანიზმით შესაძლებელია 50 წლამდე მეცნიერების მოზიდვა, რომლებიც 5 წლის განმავლობაში მიიღებენ აკადემიის სტიპენდიას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“.
მუზეუმი – ახალი შთამბეჭდავი სივრცე აკადემიაში
აკადემიაში დიდხანს მუსირებდა კითხვა – სად შეიძლებოდა მეცნიერების ისტორიას გაეშალა ფრთები ისე, რომ ქართული განათლებისა და მეცნიერების ჩანასახიდან დღემდე საუკუნეები ამეტყველებულიყო და ამ კონტექსტით წარედგინათ საზოგადოებისთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს თავისი პროფესიული გამოცდილებაც დაეხმარა იდეის ფორმირებაში და მომწიფდა აზრი – სწორედ აკადემიის წიაღში გახსნილიყო მუზეუმი. თანაც მეცნიერებათა აკადემია დაარსებიდან 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად მზადების პროცესში იყო. ამ მობილიზებისთვის საუკეთესო საწყისი განწყობა შექმნა აკადემიის პირველივე სართულზე, ერთ დროს გადასაყრელი ნივთების საწყობად ქცეულ სივრცეში, მუზეუმის მოწყობის დაგეგმვის შემოქმედებითმა პროცესმა. პრეზიდენტ როინ მეტრეველის ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ლია მელიქიშვილმა ითავა პრეზიდენტისვე თხოვნით. აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი საქმის შესრულებას ენთუზიაზმით შეუდგა. მუზეუმი 2025 წელს გაიხსნა. იგი წარმოაჩენს ქართული მეცნიერების ისტორიას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისა თუ განვითარების ეტაპებს და ცნობებს აკადემიკოსების შესახებ.
ისტორია და დღევანდელობა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 1941 წლის 10 თებერვალს დაარსდა. პირდაპირი წინამძღვრები, რომელთაც მოამზადეს ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისათვის, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფაქტობრივად ყველა დამფუძნებელი თსუ-ს პროფესორი იყო) და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალი. თუმცა ამ მოვლენებს წინ უძღოდა ქართველი ერის სულიერი კულტურის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია. კანონში აკადემიის შესახებ ხაზგასმულია, რომ აკადემია ფაზისის საერთაშორისო რიტორიკული სკოლის, ასევე, გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრეა. ცნობისთვის: საქართველოს მეფის ხელდასხმით, ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი თუ საერო საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას იღებდა გელათის აკადემიის მოძღვართ-მოძღვარი, რომელიც იმდროინდელი ინტელექტუალური, სამეცნიერო და საეკლესიო წრის წარმომადგენელი იყო. სწორედ ამდენადაა საგულისხმო – რა ტრადიციებზე შეიძლება საუბარი და რას უნდა ნიშნავდეს საქართველოს ეროვნული აკადემიის მთავარ საინფორმაციო ნიშნად დავით აღმაშენებლის სურათ-ხატის მიჩნევა. მეცნიერები, რომლებიც ნიკო მუსხელიშვილისთაოსნობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელ მამებად იწოდებიან, იმ ეგრეთწოდებულ მოძღვართ-მოძღვართა სიაში იყვნენ, რომელთაც უსმენდნენ და რომელთა აზრებსაც ითვალისწინებდნენ. წლებმა კიდევ უფრო დააფასა მათი სახელები.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად ნიკო მუსხელიშვილი აირჩიეს, რომელსაც უთქვამს: ივანე ჯავახიშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, იგი დაიკავებდა ამ საპატიო ადგილსო.
აკადემიის პრეზიდენტები არცთუ ხშირად იცვლებოდნენ და აქტიურად აგრძელებდნენ როგორც პირადი სამეცნიერო ბიოგრაფიის შექმნას, ისე მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის დაწერას. ყველას თავისი ხელწერა ჰქონდა:
1941-1972 წლები – ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილი. იგი მსოფლიომ დრეკადობის თეორიით გაიცნო, რომლის გამოყენებაც უმნიშვნელოვანესია ბზარების თეორიაში, განსაკუთრებით თვითმფრინავებისა და კოსმოსური ხომალდების მშენებლობისას, როცა თავს იჩენს მიკრობზარები… და იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი გავრცელება, რაც გამოიწვევს კატასტროფას, საჭიროა გათვლილი იქნეს მაქსიმალური დატვირთვა მოცემულ საფრენ აპარატზე. ნიკო მუსხელიშვილის თაოსნობით ლენინგრადსა და მოსკოვში აგზავნიდნენ ახალგაზრდა კადრებს მათემატიკურ მეცნიერებაში მოსამზადებლად. სწორედ ამ გზით მომზადდა ქართველ მათემატიკოსთა მთელი თაობა.
1972-1977 წლები – ილია ვეკუა. მეცნიერს წილად ხვდა პატივი ორჯერ ყოფილიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. იგი ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი და მისი პირველი რექტორიც გახლდათ. ილია ვეკუამ მუსხელიშვილის დრეკადობის თეორიაზე დაყრდნობით განავითარა გარსთა თეორიის მისეული ვარიანტი, რაც გამოიყენება კაშხლების, ხომალდების მშენებლობისას. 1961-1963 წლებში შექმნილი მონოგრაფიისთვის – ,,განზოგადებული ანალიზური ფუნქციები“ – იგი დაჯილდოვდა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი. მისი თეორია მიჩნეულია ვეკუა-ბერსის ანალიზურ თეორიად.
1978-1986 წლები – ევგენი ხარაძე. იგი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო. სამეცნიერო მოღვაწეობის მრავალი წელი მეცნიერმა ვარსკვლავთა სისტემების კვლევას მიუძღვნა. მან შექმნა მონოგრაფია, რომელშიც წარმოადგინა 14 000 ვარსკვლავის ფერის მაჩვენებელთა კატალოგი. ევგენი ხარაძის მოსწავლემ, რიჰარდ ვესტმა, მასწავლებლის პატივსაცემად თავის მიერ აღმოჩენილ ვარსკვლავს ხარაძის სახელი უწოდა.
1986-2005 წლები – ალბერტ (ალეკო) თავხელიძე. იგი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი ახალი კვანტური რიცხვის – ,,ფერის“ – კონცეფციისთვის. ალბერტ თავხელიძე გახლდათ საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი. სწორედ მან გაჭრა გზა ქართველი ფიზიკოსებისთვის დუბნის გაერთიანებული ბირთვული კვლევების ცენტრსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) დასაქმებისთვის.
2005-2013 წლები – თამაზ გამყრელიძე. მან სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართველური ენების სტრუქტურული და ისტორიულ-შედარებითი კვლევის სფეროში. აკადემიკოს ვიაჩესლავ ივანოვთან თანაავტორობით მან შექმნა ფუნდამენტური გამოკვლევა – ,,ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები“. დასავლეთის მეცნიერება თამაზ გამყრელიძის ამ ახალ იდეას ,,გლოტალური თეორიის“ სახელით იცნობს, რომელმაც არსებითად შეცვალა მეცნიერული თვალსაზრისი ინდოევროპულ ენათა ისტორიასა და განვითარებაზე.
2013-2023 წლები – გიორგი (ოთარ) კვესიტაძე. მან საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ფერმენტების მოქმედებაზე აგებული, თანამედროვე მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების გამოყენებას. მის მიერ დამუშავებულია ორი ათეული სამრეწველო დანიშნულების ფერმენტისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთის მიღების ინოვაციური ბიოტექნოლოგიები; წარმატებითაა აპრობირებული მიკროორგანიზმებსა და მცენარეებზე დაფუძნებული გარემოს რემედიაციის მეთოდები; ჩამოყალიბებულია ახალი, გლობალური ეკოლოგიური კონცეფცია.
დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. როინ მეტრეველი აკადემიას 2023 წლიდან ხელმძღვანელობს და, როგორც წინამორბედ პრეზიდენტებს, მასაც – თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის (ზოგადად, შუა საუკუნეების) დიდ მკვლევარს, უკვე ,,დაწერილი“ აქვს თავისი მრავალმხრივი სამეცნიერო ბიოგრაფია.
. . .
,,ვარდების რევოლუციის“ თანმდევმა პროცესებმა აკადემიასაც მიაყენა დიდი დარტყმა. აკადემიკოსები ჩარეცხილებად მოიაზრებოდნენ და სააკაშვილის ხელისუფლების მესვეურები მათ, ფაქტობრივად, დევნიდნენ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 2007 წელს ჩამოაშორეს შესისხლხორცებული სამეცნიერო ინსტიტუტები, კვლევითი ცენტრები. ჯერ კიდევ 1941 წელს დაფუძნებული აკადემიის სისტემაში 14 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შედიოდა და წლების შემდეგ მათი რიცხვი 50-ზე მეტი იყო. ,,ვარდების რევოლუციის“ მერე ეს ტრადიცია მოშალეს. ამჟამად კი სახელმწიფო კანონი ქვეყნის ყველა სამეცნიერო ცენტრს ავალდებულებს, რომ ანგარიშით წარსდგეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წინაშე. ეს საკანონმდებლო მოთხოვნა აკადემიის საქმიანობის სათანადო დონეზე წარმართვის მნიშვნელოვანი ბერკეტია.
მეცნიერებათა აკადემიაში ფუნქციონირებს 9 განყოფილება, რომლებიც მეცნიერების ყველა დარგს მოიცავს. ეს განყოფილებებია: მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჯაფარიძე); დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი თამაზ ჭელიძე); საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ელგუჯა მეძმარიაშვილი); ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ ციციშვილი); ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი თინათინ სადუნიშვილი); ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხეცურიანი); სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ავთანდილ კორახაშვილი); საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ლიანა მელიქიშვილი); ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ელიზბარ ჯაველიძე).
ამ განყოფილებებს საერთო ხელმძღვანელობას უწევენ: აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე და აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ (ლადო) პაპავა.
აკადემიაში, ასევე, შექმნილია დარგობრივი პრობლემური კომისიები, რომლებშიც გაერთიანებული არიან თითოეული დარგის წამყვანი სპეციალისტები.

მეცნიერებათა აკადემიაში შედის სამი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული: ,,აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის ,,ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და ,,ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტი“, ,,ქართული ენციკლოპედია“ და ,,აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრი“.
,,ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და ,,ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტი ემსახურება რუსთველოლოგიური კვლევების განვითარებას, ,,ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის შესწავლას და იმ მემკვიდრეობის მოვლას, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ,,ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენმა კომისიამ დატოვა. ამ ეტაპისათვის „რუსთაველის კომიტეტს“ უკვე აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რამდენადაც მან შექმნა მოცულობითი ციფრული ტექსტური ბაზა, რომელიც დაუქვემდებარა ლემატიზაციის ერთიან წესებს და ელექტრონული სახით უკვე შექმნა ორი ლექსიკოგრაფიული პროდუქტი: „ვეფხისტყაოსნის“ შესიტყვებათა ლექსიკონი“ და „ქართული ბიბლიის სიმფონია-ლექსიკონი“. მალე მათ საზოგადოება ბეჭდური სახითაც იხილავს. ამავე დროს, პოემა არსებითად პირველად გამოიცემა იმ ძველი ქართული ორთოგრაფიით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს ავტორისეულ ენობრივ პოზიციას.
საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დიდი ავტორიტეტი მოუპოვა ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის მიერ პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის 12-ტომეულის გამოცემამ 1975-1987 წლებში. ეს საერო საქმე უკავშირდება ირაკლი აბაშიძისა და როინ მეტრეველის სახელებს. ამ საქმეს უკვე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფარგლებში დღეს აგრძელებს პროფესორი ზურაბ აბაშიძე, რომელიც ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქციას ხელმძღვანელობს. რედაქციის ეგიდით ენციკლოპედია ,,საქართველოს“ 5 ტომი გამოიცა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ენციკლოპედიის სპეციალური ვებგვერდის (Geogianencyclopedia.ge) განვითარება. დღეისათვის ვებგვერდზე განთავსებულია ენციკლოპედია ,,საქართველოს“ 5 ტომის 15 ათასზე მეტი სტატია, რომლის ხილვათა რაოდენობა მილიონს აჭარბებს.
დაბოლოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დღესაც მზადაა – ემსახუროს ხალხს, საზოგადოებას, ასევე – პერიოდულად გაუგზავნოს ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციები, რჩევები და ღირსებით შეასრულოს დაკისრებული ქვეყნის ხელისუფლების მრჩევლის ფუნქცია.
