ვინ დააჯილდოვა სამინისტრომ უნივერსიტეტიდან მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღსანიშნად?

თარიღი: 2025-02-14 12:59:37

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღსანიშნად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ალექსანდრე წულაძის მიერ დაჯილდოებულ 10 წარმატებულ მეცნიერ ქალთა და მოსწავლე-გამომგონებელ გოგონათა შორის 3 დაჯილდოებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაა.

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი დარეჯან თვალთვაძე,  ისტორიკოსი, ეთნოლოგი, თსუ-ს  ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი და თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორანტი  ნინო უგრეხელიძე მეცნიერულ წიაღსვლებში სწორედ ის დაწინაურებული ქალები არიან, რომლებსაც სამინისტრომ წარმატების აღმნიშვნელი სიგელები და ჯილდო გადასცა.  

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს მსოფლიო 11 თებერვალს აღნიშნავს, რომლის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და  თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.  თუ  თვალს გადავავლებთ თსუ-ს ისტორიას,  ნათლად ჩანს, რომ მეცნიერებაში  ქალების ჩართულობის პროცესი უწყვეტია და აქ წარმატება განისაზღვრება არა გენდერით, არამედ ცოდნით, ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. 

„მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე საქართველოში წელს მეათედ აღინიშნა და მეათედ დაჯილდოვდნენ მეცნიერი ქალბატონები. ცხადია, რომ   მათ რიცხვში ჩემი აღმოჩენა სასიამოვნო ფაქტია. მაგრამ,  ჩემი აზრით,  წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვისაც  მიღებული  ეს ჯილდო  ჩემს პირად წარმატებაზე მეტად  ქალთა მეცნიერული საქმიანობის მხარადაჭერის გამოხატულება უფროა…“ –  განაცხადა თსუ-ს პროფესორმა  დარეჯან თვალთვაძემ,  რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთი მხარდაჭერა  მოტივაციას აძლევს   ახალგაზრდა ქალებს (ზოგჯერ  ჯერ კიდევ გოგონებს) – თავიანთი მომავალი მეცნიერებას  დაუკავშირონ და  წარმატების  იმედიც ჰქონდეთ. 

თსუ-ს ასოცირებული პროფესორისთვის როზეტა გუჯეჯიანისთვის ეს ჯილდო არა მარტო მისი მეცნიერული წვლილის აღიარებისა და  დაფასების გამოხატულებაა, არამედ უკავშირდება ქართული ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის სამეცნიერო სკოლის დამსახურების კიდევ ერთხელ წარმოჩენას.

„საქართველოში მუდამ ანიჭებდნენ მნიშვნელობას ქალთა განათლებას და კულტურის ეს ნიშანი ოდითგანვე ტრადიციული ქართული კულტურის ნაწილია. მიხარია ჯილდო, რადგან დადებითად შეფასდა არა მარტო ჩემი, როგორც პიროვნების, მეცნიერული წვლილი, არამედ წარმოჩინდა  ქართული ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის სამეცნიერო სკოლის დამსახურება.

სამინისტროსა და რუსთაველის ფონდის მხრიდან გამოვლენილი მხარდაჭერა დიდი სტიმულია მეცნიერთათვის. მადლობელი ვარ და, ბუნებრივია, შევეცდები კიდევ უფრო მეტი ძალა და ენერგია მოვახმარო საყვარელ პროფესიას – ვიკვლიო ქართველთა ტრადიციული კულტურა, თანამედროვე სოციო-კულტურული პროცესები, ქართულ-ევროპული კულტურული პარალელები“, – აღნიშნა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  ჯილდო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის,  ნინო უგრეხელიძისთვის   ძალიან საპატიო და  დიდი მოტივაციის მიმცემია: „,ამავე დროს, ეს ჯილდო ჩემთვის ერთგვარი ვალდებულებაცაა –  მეტი მონდომებითა და ძალისხმევით  გავაგრძელო კვლევა და სამეცნიერო საქმიანობა. მჯერა, რომ ქალების მხარდაჭერა მეცნიერების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, ისტორიაც ადასტურებს ჩვენს როლს ამ საქმეში.  მხარდაჭერა, თანასწორი შესაძლებლობები და სწორი მაგალითების წარმოჩენა კიდევ უფრო  შეუწყობს ხელს პროგრესული სამეცნიერო საზოგადოების არსებობას. ვისურვებდი უფრო მეტ ქალს მეცნიერებაში, რომ კიდევ უფრო მეტ ქალს ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა გადადგას პირველი ნაბიჯები ამ სფეროში. ამ დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წარმატების საფუძველი არის შრომა, ინტერესი და მუდმივი განვითარება. ამიტომ, ვუსურვებ ახალგაზრდა მეცნიერ ქალებს – არასოდეს შეწყვიტონ ძიება და მიზნისკენ სვლა“, –  ასეთია  ნინო უგრეხელიძის  განაცხადი და სურვილი –  შევუქმნათ ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს მეტი პირობა, რათა მათ შეძლონ მეცნიერების ნებისმიერ სფეროში საკუთარი უნარებისა და იდეების რეალიზება. 

Facebook
Twitter
LinkedIn