მასშტაბური  პროექტი თსუ-სა და გრაცის უნივერსიტეტის ჩართულობით

თარიღი: 2023-02-16 19:26:00

საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ცენტრებში გაწევრიანება დაეხმარება  ქართველ მეცნიერებს – ჰქონდეთ წვდომა ევროპული საგანმანათლებლო ინსტიტუციების სამეცნიერო ქსელებსა და უახლეს ინფორმაციაზე, რაც საშუალებას მისცემს მათ მეტად ინტეგრირდნენ ევროპულ აკადემიურ სივრცეში. ამის კარგი მაგალითია თსუ-ს ასოცირებული პროფესორების ეკა ლეკაშვილისა და ია ნაცვლიშვილის საერთაშორისო კვლევითი პროექტის წარმატება.

ავსტრია-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა – ეკა ლეკაშვილმა და ია ნაცვლიშვილმა გრაცის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორ საბინე ბერგნერთან ერთად მოამზადეს საპროექტო განაცხადი  თემაზე  – ,,მეწარმე ქალები – სამეწარმეო კარიერის მიზნით ქალ სტუდენტთა გაძლიერება“ (Female entrepreneurship  – Empowering female students to pursue an entrepreneurial career), რომელიც დაფინანსდა APPEAR პროგრამის ფარგლებში (ავსტრია).

APPEAR პროგრამა გახლავთ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა უმაღლესი განათლების და კვლევის მიმართულებით.

პროექტი გამიზნულია მოსამზადებელი კვლევისთვის, რომლის საფუძველზეც შემუშავდება  მასშტაბური  პროექტი თსუ-ს და გრაცის უნივერსიტეტის ჩართულობით.

პროექტის  მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამრეწველო პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ლეკაშვილი: 

  • ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებში ქალთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება სამეწარმეო სფერო, რომელშიც დამსაქმებელი ქალების წილი მამაკაცებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.  ქალი მეწარმეების გაძლიერება, მათთვის საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზება უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორ გაჩნდა იდეა  სამეწარმეო განათლების გაძლიერებისა და  გაფართოების   თემაზე გემუშავათ და რატომ დაინტერესდით ამ თემით.
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში იყო პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელშიც დაინერგა მეწარმეობის კურსები ჯერ კიდებ 2007 წელს პირეუსის უნივერსიტეტთან (საბერძნეთი) განხორციელებული პროექტის – ,,მეწარმეობის კურსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ – ფარგლებში. ამ პროექტის ფარგლებში ითარგმნა და შემუშავდა ქართულენოვანი სახელმძღვანელოები, ჩატარდა ინტენსიური მეცადინეობები, წარიმართა სასწავლო პროცესი შეფასების კომპონენტის ჩათვლით; ჩამოყალიბდა სამეწარმეო განათლების ქართულ-ბერძნული ცენტრი. ამ ცენტრის ფარგლებში მრავალი ინიციატივა დამუშავდა, მათ შორის, განათლების ყველა საფეხურზე (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) სამეწარმეო განათლების საჭიროების აუცილებლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ინიციატივებს მხარდაჭერა არ ჰქონდა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ განათლების პოლიტიკის მესვეურებმა გაითავისეს სამეწარმეო განათლების საჭიროება. სამეწარმეო ცოდნის გავრცელების თვალსაზრისით ვითანამშრომლეთ საქართველოს სხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან და სემინარებსა და კონფერენციებში მათი აქტიური მონაწილობით განვიხილავდით სამეწარმეო განათლების საკითხებს. პარალელურად მუდმივად მიმდინარეობდა მუშაობა სოციალური მეწარმეობის, მცირე და საშუალო მეწარმეობის, სამეწარმეო უნივერსიტეტების საკითხების კვლევაზე და კვლევის შედეგები ჩართული იყო სასწავლო პროცესში.

ჩემი კოლეგა, თსუ-ს ასოციებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო კურსს  – ,,მეწარმეობის ეკონომიკა“; აქვს სამეცნიერო კვლევები ამ მიმართულებით. ამით იმის თქმა მსურს, რომ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს აქვს საკმარისი გამოცდილება სამეწარმეო სწავლებასთან დაკავშირებით.

იდეა ავსტრიის მხარის მიერ იქნა შემოთავაზებული. ავსტრიის მხარე გამოვიდა პირად კონტაქტზე, რაც აშკარად ეფექტიანი გზა აღმოჩნდა.

პროექტი მეწარმეობის და მისი სწავლების საკითხს ახლებურ ჭრილში გვანახებს –  სტუდენტი ქალების გაძლიერება სამეწარმეო კარიერული ზრდისთვის, რაც, თავის მხრივ, ემსახურება მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანს: 1. გენდერულ თანასწორობას; 2. ღირსეულ შრომას და ეკონომიკურ ზრდას და 3. ინდუსტრიას, ინოვაციას და ინფრასტრუქტურას.

ამასთან, მთავარი მიზანი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრაცის უნივერსიტეტს (ავსტრია) შორის თანამშრომლობის განვითარებაა, რაც მიიღწევა აღნიშნული პროექტის ფარგლებში  კვლევის ჩატარებით, სწავლების მეთოდების გაზიარებით, კვლევის შედეგების აღიარებულ რეცენზირებად  ჟურნალებში გამოქვეყნებით  და უფრო მასშტაბური პროექტის შემუშავებით მხარეების მონაწილეობით.

  • პროექტის მიზანსა და  მნიშვნელობაზე  რას გვეტყვით?

ამ მოსამზადებელი პროექტის საერთო მიზანია შექმნას აკადემიური პარტნიორობა ავსტრიასა და საქართველოს შორის, რომელიც ეხმარება გააძლიეროს ახალგაზრდა ქალები სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად. ამრიგად, პროექტის მთავარი თემა ქალთა მეწარმეობაა. საერთო მიზანი  ორმხრივად  განხორციელდება. კონკრეტული ამოცანებია: პირველი – გენდერული გამოწვევები მეწარმეობაში – ეს თემა უნდა შევისწავლოთ იმის გასარკვევად, თუ რა უშლის ხელს ქალებს სამეწარმეო კარიერის არჩევაში. მეორე – სამეწარმეო ტრენინგი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ქალი სტუდენტებისთვის  და, თავის მხრივ, ამ აქტივობებმა უნდა გაზარდოს აკადემიური განათლების მატარებელი ქალი მეწარმეების რაოდენობა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ სამეწარმეო კარიერა ნებისმიერს შეუძლია აირჩიოს,  ამ გზას უფრო მეტი მამაკაცი ირჩევს,  ვიდრე ქალი, რის შედეგადაც მსოფლიოში 1,5-ჯერ მეტი მამაკაცი მეწარმეა, ვიდრე ქალი (Elam et al., 2021).

ეს მოსამზადებელი პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინიციატივას, რომელიც აძლევს ქალ სტუდენტებს სამეწარმეო პოზიციების დაკავების შესაძლებლობას.

Facebook
Twitter
LinkedIn