საქართველოს  აქვს რესურსი – მსოფლიო ბაზარზე მწვანე წყალბადით წარსდგეს

თარიღი: 2025-02-03 19:34:19

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსი უკვე ტრადიციად იქცა. გასული წლის   სამეცნიერო პროექტების კონკურსმა საკმაოდ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალში. კონკურსში გაიმარჯვა ექვსმა სამეცნიერო პროექტმა. ამ პროექტებს შორისაა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის პროფესორის რევაზ გველესიანის ხელმძღვანელობით შესრულებული ნაშრომი – „წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების პერსპექტივები საქართველოში“. აღნიშნული პროექტი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების  პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას  ასოცირებულმა  პროფესორმა გულნაზ ერქომაიშვილმა გააცნო. პრეზენტაცია თსუ-ში 23 იანვარს გაიმართა.

როგორც პროფესორმა გულნაზ ერქომაიშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში  მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სუფთა ენერგიის წარმოების წყარო – მწვანე წყალბადია. მწვანე წყალბადზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში. იგი მომავლის ინოვაციური პროექტი,  ტრადიციული წიაღისეული საწვავის  კონკურენტული ალტერნატივაა.

ნაშრომში გაკეთებულია დასკვნა, რომ მწვანე წყალბადი დაეხმარება  ჩვენს ქვეყანას  ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და  იმპორტირებული საწვავის ჩანაცვლებაში, რადგან მას განახლებადი ენერგიების დიდი, აუთვისებელი პოტენციალი გააჩნია.

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპა საქართველოს განიხილავს მოკავშირედ მწვანე წყალბადის წარმოების მიმართულებით. 

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გახდეს წყალბადის გამოყენების თვითკმარი, ჰქონდეს დამატებითი რესურსები ექსპორტისთვის და არა მხოლოდ ტრანზიტისთვის. საქართველოს  აქვს რესურსი, მსოფლიო ბაზარზე მწვანე წყალბადით წარსდგეს.

საქართველოს შეუძლია მწვანე წყალბადი არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის აწარმოოს, არამედ ექსპორტზე გაიტანოს. მოთხოვნა მუდმივად მზარდია, რადგან  ბევრი ქვეყანა ცდილობს ბუნებრივი აირის წყალბადით ჩანაცვლებას“, – განაცხადა  ასოცირებულმა პროფესორმა გულნაზ ერქომაიშვილმა. მისი აზრით, კვლევის შედეგების გამოყენება ხელს შეუწყობს  საქართველოში მწვანე წყალბადის ენერგეტიკის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისთვის დიფერენცირებული ამოცანებისა და აქტივობების დასახვას. ნაშრომში ასევე განხილულია მწვანე წყალბადის  როლი ენერგეტიკული რესურსების რაციონალური გამოყენების მხრივ; ასევე, მისი წარმოებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის ტენდენციები.

Facebook
Twitter
LinkedIn