დისკუსია „მწერლები მწერლების შესახებ“

თარიღი: 2023-10-05 18:20:37

„მწერლის ბრძოლის არენა კალამი და ფურცელია. შენს პროტესტს მაშინ აქვს ფასი, როცა ამას თავს არავის ახვევ“

29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმის – „სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“ – ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: “მწერლები მწერლების შესახებ“. დისკუსიაზე მოწვეულნი იყვნენ თანამედროვე ქართველი მწერლებიკოტე ჯანდიერი, ბექა ქურხული და კატო ჯავახიშვილი.

რატომ დაინტერესდა ლიტერატურის ინსტიტუტი „სოციალისტური რეალიზმის“ ეპოქის კვლევით?

სიმპოზიუმის პრეამბულაში ნათქვამია, რომ „მე-20 საუკუნის 1930-იანი წლებიდან, თავდაპირველად საბჭოთა კავშირში გაერთიანებული ქვეყნების, შემდგომ კი – ე.წ. სოციალისტურ ბანაკში გაერთიანებული ქვეყნების მმართველი იდეოლოგიის უშუალო ლიტერატურულ რეფლექსიად საბჭოთა დისკურსი იქცა. ეს იყო ხელისუფლების მიერ საგანგებოდ ორგანიზებული დისკურსი, რომელიც საფუძვლად დაედო ხელოვნური ლიტერატურული კანონის შექმნას. 1934 წელს მოსკოვში გამართულ მწერალთა ყრილობაზე მწერალმა მაქსიმ გორკიმ პირველად გაახმოვანა ტერმინი – „სოციალისტური რეალიზმი“, რაც მალევე გადაიქცა ახალი ხელოვნური ლიტერატურული კანონის ყველაზე მასშტაბურ გამოვლინებად. ტერმინი სწრაფად გავრცელდა ხელოვნების სხვადასხვა სფეროებზე და გაცილებით მასშტაბური სახე მიიღო, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. სოციალისტური რეალიზმი ჯერ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მწერლობაში, კულტურასა და ხელოვნებაში, შემდგომ კი საბჭოური იდეოლოგიის  მატარებელ სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ხელოვნებაში დამკვიდრდა და სხვადასხვა შენაკადებად განიტოტა. სიმპოზიუმის მიზანია, გამოავლინოს ამ დისკურსის არსი და დანიშნულება, აგრეთვე, მისი მოდიფიკაციები სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებოდნენ საბჭოური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ“.

სწორედ ამ დისკურსის არსის ძიება იყო იმ მრგვალი მაგიდის მიზანიც, რომელსაც ქართველი მწერლები ესწრებოდნენ.

დისკუსია გახსნა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა, რომელმაც აუდიტორიას მოკლედ გააცნო მიზანი მწერლებთან  შეხვედრისა, რომელსაც მოდერატორობას  უწევდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი მანანა კვაჭანტირაძე.

დისკუსიისთვის ორგანიზატორებმა ოთხი მთავარი საკითხი გამოკვეთეს, რომელზეც საინტერესო საუბრები გაიმართა როგორც ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკთა, ასევე მწერალთა მხრიდან.

დისკუსია დაიწყო მოსაზრებების გაზიარებით კითხვაზე: როგორია თანამედროვე ლიტერატორთა, მწერალთა და კრიტიკოსთა წარმოდგენა სოციალისტურ რეალიზმზე, როგორც შემოქმედებით მეთოდზე?  „ცნობილია, რომ სოციალისტურმა რეალიზმმა ჩვენს ლიტერატურაში ჩაანაცვლა მოდერნიზმი. მაგალითად, ფუტურისტები თითქმის უმტკივნეულოდ მოერგნენ ახალ რეალობას და შემოქმედებით მეთოდს; როგორ მოხდა სოციალისტურ რეალიზმში მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის რეალიზაცია; რა კონცეპტუალურმა და ესთეტიკურმა ფაქტორებმა განსაზღვრეს ეს მოვლენა? შეიძლება თუ არა, სოციალისტური რეალიზმი მოდერნიზმის კომუნისტურ სახესხვაობად განვიხილოთ (მივიჩნიოთ)“? – ასე ჩამოყალიბდა პირველი სადისკუსიო პოსტულატი, რომელზეც ლიტერატურათმცოდნემ და კრიტიკოსმა  ლევან ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ეს არც „სოციალისტური“ იყო და, მითუმეტეს, არც „რეალიზმი“. ეს იყო მოგონილი, შელამაზებული რეალობა, რომელიც ლამაზ ზღაპარს უფრო ჰგავდა. მაგალითად მან მოიყვანა ერთი ქართული ფილმი, რომელშიც ვერიკო ანჯაფარიძის გმირი, რომელიც გლეხის ქალია, კოლმეურნე, აღებს გარდერობის კარს და ნახევარი წუთი ათვალიერებს კაბებს, არჩევს, რომელი ჩაიცვას. ასეთი არჩევანი არათუ გლეხის ქალს, წითელი კომუნისტის ცოლებსაც არ ჰქონიათო, აღნიშნა ბატონმა ლევანმა. ამრიგად, ეს ერთი დეტალიც კი ნათლად აჩვენებს, თუ რას წარმოადგენდა ეს შემოქმედებითი მეთოდი. ეს იყო მოგონილი, ლამაზი რეალობის ასახვის მოთხოვნა. 

მწერალმა კოტე ჯანდიერმა აღნიშნა, რომ სოციალისტურ რეალიზმს თან დაერთო ამავდროულად რაღაცნაირი ტოტალიტარული სისტემა. „მაგალითად, სიდამონ-ერისთავს რომ აქვს „წითელი მთესველები“, ესთეტიკურად არის შესანიშნავი ნახატი – ქართული სოფელი, აყვავებული ხეები, მთესველები მოდიან და ხორბალს თუ ქერს თესავენ. ერთი რამეა მხოლოდ, წითელი მაისურები აცვიათ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ესენი კოლმეურნეები არიან. ამავდროულად, ამავე საბჭოთა პერიოდში პეტრე ოცხელი განაგრძობდა თეატრში მოღვაწეობას, ანუ თავიდან ეს ურთიერთობა შედგა და ახალ რეალობაში გადასვლა არც ისე რთული აღმოჩნდა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მდგომარეობა შეიცვალა. ვიდრე 1932 წელს მაქსიმ გორკი ამ მიმდინარეობას „სოციალისტურ რეალიზმს  დაარქმევდა“, ლუნაჩარსკიმ  მას „პროლეტარული რეალიზმი“ უწოდა, თუმცა, როგორც ბატონმა ლევანმა თქვა, ეს არც სოციალიზმი არ იყო და არც რეალიზმი“, – აღნიშნა კოტე ჯანდიერმა.  

დისკუსიის შემდეგი ნაწილი მიეძღვნა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის ძირითად ტენდენციებს: „50-იანი წლებიდან (უფრო ზუსტად, მისი მეორე ნახევრიდან), საბჭოთა ლიტერატურაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, რუსულ ლიტმცოდნეობას შემოაქვს ტერმინი – „სოციალისტური რეალიზმი ადამიანური სახით“. რა ხდება ამ დროს ქართულ ლიტერატურაში? რა სახეს იძენს ქართულ ლიტერატურაში სოცრეალიზმი, თუ ის საერთოდ კიდევ არსებობს? ვისაუბროთ იმაზე, რა შეცვალა 40–50 წლების ისტორიულმა მოვლენებმა (ომი, სტალინის გარდაცვალება, 56 წლის გამოსვლები) ქართულ  ხელოვნებაში და, კერძოდ,  ლიტერატურაში. რა კონცეპტები და მოქალაქეობრივი პოზიციები გახდა აქტუალური ამ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში? შენიშნულია, რომ იმ პრინციპებსა და იდეოლოგიურ კლიშეებს  ბევრი ნიშნით იმეორებს თანამედროვე ლიტერატურა უკვე გლობალისტური პოლიტიკურ-იდეოლოგიური რეალობის კონტექსტში. იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას და რაში ხედავთ განსხვავებას? რამდენადაა თავისუფალი ლიტერატურა დღეს?“ – მიმართა მოდერატორმა მწერლებს.

მწერალმა კოტე ჯანდიერმა აღნიშნა, რომ მისთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა რაიმე საკითხზე წერა, არაფერს და არავის, მითუმეტეს, არც სოციალისტურ რეალიზმს არ მოუხდენია გავლენა და ყოველთვის წერდა იმას, რაც უნდოდა. გასული საუკუნის  80-იან წლებში ეს უკვე ასე იყო. არანაირი „სოციალისტური რეალიზმი“ ამ პერიოდში უკვე აღარ არსებობდა და არც იმ პერიოდის მწერლობაზე მოუხდენია გავლენა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს უფრო რთულია წერა და დღეს უფრო მეტი იდეოლოგიური ზეწოლაა მწერლობაზეც და კულტურაზე, ვიდრე მაშინ იყო.

ეს თემა გააგრძელა პოეტმა კატო ჯავახიშვილმა და თქვა, რომ დღეს აღარაა პოლიტიკური რეპრესიები და დახვრეტები, მაგრამ თავისუფლების შეგრძნება მაინც არაა. მას დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ იყოს თავისუფალი თავის შემოქმედებაში. ზუსტად იქამდე მივდივართ, რომ იქმნება რაღაც ტოტალიტარული სამყარო, რომელიც გკარნახობს წესებს – რაზე წერო, როგორ წერო, სად მიხვიდე, ვის გვერდით დადგე და ა.შ. ამ მოცემულობაში შენ გიჭირს, გამიჯნო შენი თავი პოლიტიკური პროცესებისგან და დარჩე თავისუფალი. შემოქმედს არ აქვს იმის საშუალება, რომ ჰყავდეს მხოლოდ საკუთარი თავი. არადა შემოქმედს ყოფნის ის, რომ მას ჰყავდეს მხოლოდ საკუთარი თავი. თანდათან ვიწროვდება ეს წრე და ვფიქრობ, ეს პროცესი არ გაჩერდება, პირიქით, უფრო წინ წავა. სოციალისტურმა რეალიზმმაც ეს გააკეთა, ადამიანებს, რომლებიც ერთად ისხდნენ იმ სამზარეულოებში და საუბრობდნენ, მერე ერთმანეთისთვის ასროლინეს, გაწირეს. რაც შეეხება აქედან გამოსავალს, ვფიქრობ, გამოსავალი, უპირველესად, დიალოგშია, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და მოვისმინოთ ერთმანეთის განსხვავებული აზრები. ხომ არ შეიძლება, ყველა ვიყოთ ერთ აზრზე და გავყვეთ ერთ ხაზს. ძალიან რთულია, ვუყუროთ დღეს იმას, როგორ მიმართავს ერთი მხარე მეორეს, რა ფორმით… მარტო მწერლებზეც არაა აქ საქმე, ზოგადად ასეა მთელ საზოგადოებაში. ჩვენ დაგვიდგინეს წესები, მოგვაქციეს რაღაც წრეში და გვითხრეს – გააკეთებ ამას, მიიღებ ამას; არ გააკეთებ და ვერაფერს მიიღებ.

მწერალმა ბექა ქურხულმა აღნიშნა, რომ იოლი დრო არ არსებობს. საშინელება მარტო ჩვენს თაობას არ გამოუვლია. „მაგალითად, 1900 წელს საქართველოში დაბადებულმა ადამიანმა გაიარა პირველი მსოფლიო ომი, 21 წელი, 24 წელი, 37 წელი, მეორე მსოფლიო ომი, 56 წელი… როდესაც ვფიქრობ თემაზე – ხელოვანი და კონფორმიზმი – ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალური მგონია. ყველა იბრძვის სხვადასხვანაირად. გურამ რჩეულიშვილმა თოფი ესროლა ლენინის ძეგლს, ოთარ ჭილაძე იჯდა, წერდა და პროტესტანტი იყო მთელი თავისი შემოქმედებით. მე ვერასოდეს ვერ განვსჯი ვერავის, ვერც იმას, ვინც მოინანია და ვერც იმას, ვინც ჯიუტად და უკომპრომისოდ იდგა თავის პოზიციაზე. ამის განსჯა არ შეიძლება. თუკი ხარ მაგარი ბიჭი და იბრძვი, ეს არავის არ უნდა დააყვედრო. მწერლის იარაღია კალამი და ფურცელი. მწერლის ბრძოლის არენა იქაა. შენს პროტესტს მაშინ აქვს ფასი, როცა ამას თავს არავის ახვევ. არის მეორეც – მწერალს აქვს უფრო მეტი თავისუფლება. მას სჭირდება ფურცელი და კალამი, დაჯდება და დაწერს. მაგრამ როდესაც ლაპარაკია კინოზე, თეატრზე, ეს სხვა რამეა, მას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ ის უფრო მეტადაა დამოკიდებული სხვაზე“, – თქვა ბექა ქურხულმა.

ამგვარი შეხვედრები და საუბრები აუცილებელია, რომ ლიტერატურის მცოდნეებმა, კრიტიკოსებმა და მწერლებმა ისაუბრონ მწერლობის თანამედროვე ტენდენციებზე – ითქვა  დისკუსიის შემაჯამებელ ნაწილში.

Facebook
Twitter
LinkedIn