თსუ-ს  ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარე  სამეცნიერო ფორუმები

თარიღი: 2023-09-19 19:49:15

13 სექტემბერს გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105 წლისთავისადმი და ამავე უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 55 წლისთავისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ,,გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები”. ამავე დღეს გაიხსნა კომბინირებული სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო კონფერენციას „ლოგიკა, ალგებრა და ჭეშმარიტების ხარისხები“ (LATD 2023) და „თბილისის მეჩვიდმეტე საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ენასა და ლოგიკაში“ (Tbilisi 23). 

საიუბილეო კონფერენცია ,,გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები” 2008 წლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. ტრადიციულად, ამ კონფერენციის ძირითადი თემატიკაა: უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემები და ანალიზის მონათესავე საკითხები; მათემატიკური მოდელირება და გამოთვლითი მათემატიკა; დისკრეტული მათემატიკა და ალგორითმების თეორია; ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა. პროგრამით გათვალისწინებულია პლენარული და სექციური მოხსენებები. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ კოლეგები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან. კონფერენციის მუშაობაში ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრები.

რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას „ლოგიკა, ალგებრა და ჭეშმარიტების ხარისხები“ (LATD 2023), ეს არის ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 2008 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ  ტარდება. თავდაპირველად ის წარმოადგენდა „ევროპის საზოგადოება არამკაფიო ლოგიკისა და ტექნოლოგიებისათვის“ (European Society for Fuzzy Logic and Technology, EUSFLAT) მათემატიკური არამკაფიო ლოგიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, ხოლო შემდეგ გაფართოვდა და მოიცვა ალგებრული ლოგიკისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც.

* * *

13 სექტემბრის სამეცნიერო ღონისძიებები თსუ-ში გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გიორგი ჯაიანმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციების ჩატარება ხელს უწყობს საქართველოსა და უცხოელ მეცნიერებს შორის არსებული სამეცნიერო და, ასევე, პირადი კავშირების შენარჩუნებას, გაფართოებას და გაღრმავებას, საშუალებას აძლევს მათ უშუალოდ გააცნონ ერთმანეთს საკუთარი სამეცნიერო ინტერესები, გაუღვივონ და გაუფართოონ ამგვარი ინტერესები საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდა მკვლევრებს. ყოველივე ამის შედეგად კი იზრდება ჩვენი ქვეყნის მათემატიკოსების საერთაშორისო ცნობადობა.

დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვსა და გურიის რეგიონში ჩამოწოლილი მეწყრის მსხვერპლთა ხსოვნას.

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტს საპატიო დიპლომები გადასცა რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის სიმონ სტოილოვის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ლუსიან ბეზნეამ.

 „ძალიან მიხარია პანდემიის შემდეგ თბილისში ყოფნა. ის, რასაც ეს კონფერენცია უსვამს ხაზს, პირველ რიგში, არის საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ევროპასთან. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის არა უბრალოდ ფორმალური ურთიერთობები, არამედ ძალიან ღრმა სამეცნიერო კავშირები. მეორე ფაქტი, რომელიც მინდა გამოვყო, არის ის, რომ შესაძლოა ამჯერად უფრო მეტად, ვიდრე სხვა დროს და სხვა შეხვედრებზე, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი გვესწრებოდა, რაც ძალიან მახარებს. ეს ყველგან წარმოადგენს პრობლემას – რთულია ახალი თაობის მომზადება სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებისათვის, იმისთვის, რომ ყველა რეალურად ჩაერთოს აკადემიურ სფეროში. მოგეხსენებათ, დღესდღეობით, ბევრი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც, მაგალითად, მათემატიკასა და გამოყენებით მათემატიკაში მოღვაწეობს, მიდის ინდუსტრიაში, პროგრამირებაში. შესაბამისად, სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ჯერ კიდევ არიან ახალგაზრდები აკადემიურ სივრცეში. ეს არის ის, რითაც უნდა ვისარგებლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, რადგან ზუსტად იგივე პრობლემა გვაქვს რუმინეთშიც“, – აღნიშნა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში პროფესორმა ლუსიან ბეზნეამ, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა თსუ-ს ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მნიშვნელოვან საქმიანობას და საერთაშორისო კონტაქტებს. „პირველად არ ჩამოვსულვარ თბილისში. ჩართული ვარ ვეკუას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში და ხშირად გვაქვს კონტაქტები საქართველოსთან.  ჩვენ მოვაწყვეთ რუმინელი მათემატიკოსების უზარმაზარი შეხვედრა მთელი მსოფლიოდან – ეს შეხვედრა ღია იყო საერთაშორისო მონაწილეობისთვისაც და ძალიან ძლიერი ჩართულობაც ვიხილეთ. ბედნიერი ვარ, რომ  ვეკუას ინსტიტუტიდან პროფესორმა ნატალია ჩინჩალაძემაც მიიღო მონაწილეობა  ამ კონგრესში. ჩვენი ინსტიტუტი ბუნებრივად არის ინტეგრირებული ევროპულ სტრუქტურებში. ერთი წელია მათემატიკის ევროპული საზოგადოებისა (European Mathematical Society) და მათემატიკის ევროპული კვლევითი ცენტრების (European Research Centres on Mathematics) წევრი ვართ. ეს ინტეგრაცია ხელს უწყობს ევროპის ამ ნაწილის კავშირებს მაღალი დონის კვლევით ცენტრებთან, როგორიცაა ვეკუას ინსტიტუტი. ჩემი დაკვირვება არის ის, რომ უნდა ვისარგებლოთ ევროკავშირის ამ ახალი გარემოებით. ევროკავშირი სამეცნიერო პროექტების ფარგლებში დიდ თანხებს, დაფინანსებებს გამოყოფს, რომლის მისაღებადაც ჩვენი – ბუქარესტის ინსტიტუტის მსგავს დაწესებულებებს შეუძლიათ განაცხადის შევსება, იქიდან გამომდინარე, რომ რუმინეთი ევროკავშირის წევრია. აუცილებელია ყურადღებით შევხედოთ ამ შესაძლებლობებს, რადგანაც ეს ევროპაში კვლევის დაფინანსების ახალი მიმართულებაა“,  – გვითხრა ლუსიან ბეზნეამ.

მანვე მოუწოდა ქართველ ახალგაზრდა მეცნიერებს მეტი ჩართულობისკენ იმ ღონისძიებებსა და ფორუმებში, რომელსაც მათემატიკოსთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება და კონკრეტულად რუმინეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები აწყობენ. კერძოდ, აღნიშნა, რომ 20 წელია რუმინეთში ეწყობა გამოყენებითი მათემატიკის საზაფხულო სკოლა ფრანკოფონურ კონტექსტში, რომელშიც მონაწილეობენ მეცნიერები რუმინეთის მეზობელი ქვეყნებიდან. „ეს იძლევა შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა საკმაოდ ახალი კვლევითი სფეროები ნახონ, ვინაიდან ყოველწლიურად ტარდება მაღალი ხარისხის კურსები კარგად შერჩეული ადამიანების მიერ. აუცილებლად ვეცდები, რომ აქედან მინიმუმ 1 ან 2 ახალგაზრდა წავიყვანო ამ კურსებზე“, – აღნიშნა ლუსიან ბეზნეამ.

* * *

კიდევ ერთი ღონისძიება – „თბილისის საზაფხულო სკოლა ენასა და ლოგიკაში“ 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება (გამონაკლისი იყო მხოლოდ პანდემიური 2020 და 2021 წლები) პროფესორ მათიას ბააზის უშუალო ორგანიზებით და „კურტ გიოდელის საზოგადოების“ (ავსტრია) მხარდაჭერით. მათიას ბააზი კურტ გიოდელის საზოგადოების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია. მას დიდი როლი მიუძღვის საქართველოში თემატიკის პოპულარიზაციაში და პირიქით, საერთაშორისო დონეზე თსუ-სა და, ზოგადად, ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ცნობადობის ამაღლებაში. ამ და სხვა დამსახურებებისთვის მათიას ბააზს 2015 წელს თსუ-ს საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. აღნიშნული სკოლის მიზანია მსმენელებისათვის მათემატიკური და კომპიუტერული ლოგიკის საფუძვლების გაცნობა, აგრეთვე გარკვეული საკითხები ეთმობა გამოყენებით ლინგვისტიკას. სკოლა, ძირითადად, განკუთვნილია კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის მიმართულებების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსელებისათვის, თუმცა იგი არანაკლებ საინტერესოა მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვისაც.

პროფესორმა  მათიას ბააზიმ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან საუბარში დადებითად შეაფასა  საზაფხულო სკოლის მუშაობა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეგულარულად ჩატარებული სკოლა და კონფერენცია მათემატიკური ლოგიკის სფეროში. „კონფერენცია, ჩვეულებრივ, ევროპის ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, მაგალითად, წინა წელს სალერნოს მახლობლად იყო, იმის წინ უტრეხტში და ა.შ. ადგილი იცვლება, მაგრამ მონაწილეები, ძირითადად, ევროპული ქვეყნებიდან მოდიან, ზოგიც შეერთებული შტატებიდან. აქ, საქართველოში, განსაკუთრებული არის ის, რომ მონაწილეები რუსეთიდანაც ჩამოდიან. წელს  სკოლის ფარგლებში გვქონდა გრძელი და  მოკლე კურსები, ასევე გვყავდა მოწვეული მომხსენებლებიც. წლებია ურთიერთობა მაქვს ქართველ მეცნიერებთან, მაგალითად, ვმეგობრობდი პროფესორ ხიმურ რუხაიასთან, მქონია კონტაქტები დავით გაბელაიასთან, მამუკა ჯიბლაძესთან და სხვებთან. სამწუხაროდ,  ახალგაზრდა თაობაში შემცირდა მსგავსი ურთიერთობები, რაც ამგვარმა საზაფხულო სკოლებმა და სამეცნიერო ფორუმებმა უნდა აღადგინოს“, – გვითხრა პროფესორმა მათიას ბააზიმ.

სამეცნიერო ფორუმები შოთა  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერითა და სპონსორობით გაიმართა.

Facebook
Twitter
LinkedIn