გამოიცა გიორგი მთაწმიდელის თარგმნილ-რედაქტირებული „მარხვანი“
გამოიცა ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი – გიორგი მთაწმიდელის თარგმნილ-რედაქტირებული „მარხვანი“. როგორც წიგნის ანოტაციაშია აღნიშნული, წიგნში პირველად ქვეყნდება გიორგი მთაწმიდელის რედაქციის ,,მარხვანის“ აკადემიურად დადგენილი ტექსტი გამოკვლევასთან ერთად. ეს უნიკალური კრებული შეიცავს დიდი მარხვის განმავლობაში შესასრულებელ მრავალრიცხოვან საგალობლებს, რომლებიც შეთხზულია ქრისტიანული ეკლესიისა და კულტურის უდიდესი წარმომადგენლების – რომანოზ მელოდოსის, იოანე დამასკელის, კოზმა მაიუმელის, ანდრია კრიტელის, თეოფანე გამომეტყველის, იოსებ მგალობლის, თეოდორე სტუდიელის, დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის – იოანე მინჩხისა და სხვათა მიერ. ეს საგალობლები ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და სახისმეტყველების ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენს. ამ საგანძურის ერთი ნაწილი ქართულ ენაზე ითარგმნა ან შეიქმნა ქართული მწერლობის პირველ პერიოდში (X საუკუნემდე). გიორგი მთაწმიდელმა თავი მოუყარა ამ თარგმანებს, რედაქციულად გადაამუშავა, დაუმატა ახალი ჰიმნოგრაფიული მასალა და მარხვანის სრულყოფილი ვერსია შეიმუშავა. სისრულითა და დიდი სიზუსტით გამორჩეულ ამ კრებულს ანალოგი არ მოეძებნება, რასაც ადასტურებს თავად წმინდანის სიტყვები: „ჭეშმარიტად სწორი ამისი არცა ბერძენთა თანა იპოვების და არცა ქართველთა“.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისრულის კრებული დღეისათვის ცნობილ ბერძნულ „მარხვანებში” არ გვხვდება. მასში დაცული საგალობლების დიდი ნაწილი დღეისათვის მათი ორიგინალების აღდგენის ერთადერთი საშუალებაა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიზანტიური ჰიმნოგრაფიისა და ლიტურგიკის კვლევისათვისაც.
როგორც წიგნის რედაქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე აღნიშნავს, ამ უნიკალური კრებულის შესწავლა ოთხ ათეულ წელზე მეტია დაიწყო მისივე ხელმძღვანელის – აკადემიკოს ელ. მეტრეველის რჩევით. 1980 წელს, ასპირანტობის პერიოდში, სწორედ ამ კრებულში აღმოჩნდა X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის – იოანე მინჩხის უცნობი მემკვიდრეობა – 77 საგალობელი, რომლებიც გამოქვეყნდა მის პირველ მონოგრაფიაში – ,,იოანე მინჩის პოეზია”. ამის შემდეგ იგი გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარხვანზე მუშაობას აგრძელებდა სხვადასხვა კუთხით. 2017-2020 წლებში, მისი ხელმძღვანელობით, ე. კოჭლამაზაშვილთან, ლ. ახობაძესა და ე. კვირკველიასთან ერთად გამოსაცემად მომზადდა ,,მარხვანის“ გიორგი მთაწმიდელის რედაქციის აკადემიურად დადგენილი ტექსტი XI-XV საუკუნეების შვიდი ყველაზე სანდო ხელნაწერის მიხედვით (ერთი – პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკის, ერთი – ათონის მთის ქართველთა მონასტრის, 4 – იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, ერთი – თბილისის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა). ამ ხელნაწერთა ტექსტების შეჯერებით აღდგენილ იქნა გიორგი მთაწმიდელისეული ,,მარხვანის” თავდაპირველი სახე. ამ ორტომეულის გამოცემა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრისა და თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თანადგომით.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცემა სათანადო მნიშვნელობას შეიძენს ქართველოლოგთა და ბიზანტიოლოგთათვის“- აღნიშნავს ლელა ხაჩიძე.
