მართა ცუცქირიძე: ,,მეც მინდოდა – ამ დიდი ოჯახის  წევრი  გავმხდარიყავი“

თარიღი: 2024-06-26 15:28:22

მართა ცუცქირიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე სწავლობს. სპეციალობა ისტორიის, როგორც მეცნიერების, სიყვარულმა აარჩევინა და მიიჩნევს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან ეს არის დარგი, რომელსაც ერი საკუთარ  ფესვებთან  მიჰყავს  და, სიამაყესთან ერთად,  ადამიანს კარგ პიროვნებად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.

ისტორიისადმი სიყვარული ჯერ კიდევ ჭიათურაში, N2 საჯარო სკოლაში გაუჩნდა და შემდეგ, როცა უკვე დედაქალაქში გადმოვიდა სასწავლებლად, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა მის ლაბირინთებში და არჩევანიც უყოყმანოდ გააკეთა. როგორც თავად ამბობს, უმაღლესი სასწავლებლის შერჩევაზე დიდი დრო არ დაუხარჯავს, როცა კი საკუთარ მომავალზე ფიქრობდა, ყოველთვის თსუ-სთან აკავშირებდა მას: „ყოველთვის  მხიბლავდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი და მდიდარი ისტორია. ის პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, უამრავი ქართველი საზოგადო მოღვაწე აღუზრდია, მათი საქმიანობა სამაგალითოა ჩემთვის, ამიტომ მეც მინდოდა ამ დიდი ოჯახის  წევრი  გავმხდარიყავი“, – ამბობს იგი.

მომავალ სასწავლო წელს მართა უკვე ბაკალავრიატს დაასრულებს. ამ გადასახედიდან ფიქრობ, რომ საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი სასწავლო ისტორია აქვს. გარდა იმისა, რომ ჩართულია სამკვლევრო საქმიანობაში და მონაწილეობს კონფერენციებში, ის კარგი ორგანიზატორია და სხვადასხვა სტუდენტური აქტივობისთვისაც პოულობს დროს: „ისტორიის შესწავლა საკმაოდ რთული და შრომატევადია, ამიტომ ამჟამად სრულიად დაკავებული ვარ სასწავლო პროცესით, თუმცა, ვცდილობ – სხვა აქტივობებისთვისაც   გამოვნახო  დრო. პირველ და მეორე კურსზე ვიყავი სტუდენტური პარლამენტის წევრი და ონლაინ სწავლების პერიოდში დავაორგანიზე სტუდენტების შეხვედრები ცნობილ ხელოვანებთან, ლექტორებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. ასევე, ვიყავი თსუ-ს დესპანი თბილისის საჯარო სკოლებში. სასწავლო პროცესს სასიამოვნოს და განსაკუთრებულს მაღალკვალიფიციურ ლექტორებთან ურთიერთობა ხდის, ისტორიის მიმართულებას გაუმართლა   ამ მხრივ. მათ ისტორია ორმაგად შემაყვარეს“, – გვიამბობს მართა.

უნივერსიტეტი მისთვის ის ადგილია, სადაც სტუდენტი ყალიბდება პროფესიონალად, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ აქ არსებული მეგობრული გარემო, ახალი ურთიერთობები და საინტერესო სასწავლო პროცესი ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებას ქმნის.

როგორც ყველა საინტერესო ადამიანს, მართასაც აქვს გატაცებები და უნივერსიტეტს გარეთ განტვირთვის იდეალური საშუალებები – ხატვა, ბუნებაში ხეტიალი და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. განსაკუთრებით უყვარს ისტორიული რომანები, რომელიც საშუალებას აძლევს პარალელი გაავლოს რეალურ ისტორიულ ფაქტებსა და მათ მხატვრულ აღწერას შორის.

ერთი წელიც და მართა ცუცქირიძე კიდევ ერთხელ დადგება არჩევანის წინაშე – სამაგისტრო საფეხურზე ისევ მშობლიურ თსუ-ს მოაკითხოს თუ სხვაგან სცადოს ბედი. თუმცა ბევრს, ალბათ, ამ შემთხვევაშიც არ იფიქრებს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხომ მისთვისაც ის მძლავრი ფესვია, რომელზეც არაერთი ახალი თაობა იზრდება.

Facebook
Twitter
LinkedIn