მარიტა დათიაშვილის გზა ოცნებიდან რეალობამდე
თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მესამე კურსის სტუდენტმა მარიტა დათიაშვილმა საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული ხარისხიანი განათლება საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა და გერმანიაში გაცვლითი პროგრამით მიღებული უდიდესი გამოცდილებით დაბრუნდა. გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ მარიტას განვლილ გზაზე, ბავშვობისდროინდელ ძიებებსა და იმ გარემოზე ესაუბრა, რომელმაც პიროვნებად ჩამოაყალიბა. იგი საოცარი უშუალობთა და სითბოთი იხსენებს წარსულს:
„როგორც ყველას, პატარაობიდანვე მეკითხებოდნენ რა მინდოდა „გამოვსულიყავი“, და მეც, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი. წლიდან წლამდე ვცვლიდი გადაწვეტილებას. 10 წლისას კოსმონავტობა მინდოდა, 11 წლისას – არქიტექტორობა და 12 წლისა პრეზიდენტობაზე ვვოცნებობდი. ძალიან იღბლიანი ვარ იმაში, რომ ოჯახის წევრებიც და მასწავლებლებიც ყოველთვის მახალისებდნენ, არ მბოჭავდნენ და, პირიქით, ყოველთვის ცდილობდნენ, დამხმარებოდნენ, პირველ რიგში, მომავალი მიზნების დასახვაში და შემდგომ მათ ასრულებაში. მათი დამსახურებაა, რომ მომავალზე ფიქრი, ჩემთვის სტრესული არასდროს ყოფილა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, ვფიქრობ, არა ბოლო, არამედ პირველი ნაბიჯია მომავლისკენ. ეკონომიკის ფაკულტეტი იმიტომ ავარჩიე, რომ ქართულ სკოლებში ეს საგანი არ ისწავლება და რადგან მასზე ყველაზე ნაკლები ვიცოდი, ვიფიქრე, რომ ყველაზე დიდი და გამოსადეგი ცოდნის მიღებას ISET-ში შევძლებდი. მართლაც, ჩემთვის უზომოდ საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა ეკონომიკის სწავლა საქართველოშიც და შემდგომ უკვე გერმანიაში“, – იხსენებს იგი.
სწორედ ახლის შეცნობის დაუოკებელი სურვილი გახდა მარიტასთვის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ევროპული განათლების სივრცეში შეიყვანა. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები უბრალოდ სხვა ქვეყანაში ლექციებზე დასწრება როდია, ეს არის კულტურული დიალოგი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გადაფასება და პიროვნული ზრდის უნიკალური შანსი. მარიტას მაგალითი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის მშობლიური კედლებიდან გასვლა და მსოფლიო აკადემიურ რიტმში ჩართვა.
უცხოეთში სწავლის გამოცდილებაზე საუბრისას, ჩვენი რესპონდენტი ხაზს უსვამს იმ ტრანსფორმაციას, რაც ამ პერიოდმა მის მსოფლმხედველობაში მოახდინა: „უცხოეთში სწავლა ყოველთვის გეგმაში მქონდა. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთებას ბავშვობიდანვე სწავლის კუთხით ვუყურებდი და საბოლოო მაქსიმუმად სწორედ ეს მიზანი მიმაჩდა. წლების შემდეგ ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, შევიცვალე, თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ საერთაშორისო გარემოში ცოდნის მიღება უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ვსწავლობ და მაღალი ხარისხის განათლებას ვიღებ, ახალ გარემოში ცხოვრება და ადაპტაცია, განსხვავებული აზრების მოსმენა, როგორც აკადემიურ, ისე მეგობრულ წრეში, შესაძლობლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა. რაც შეეხება ცნება „მაქსიმუმს“, ამ გამოცდილებამ, მთავარი ის მასწავლა, რომ ნებისმიერი მიზანი მიღწევადია და ნებისმიერი პრობლემა აღმოფხვრადი. ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, როგორც ყველა ოპტიმისტს, იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტის მიღწევას შევძლებ და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტს გავაკეთებ ამისთვის“, – ამბობს მარიტა.
ამ ოპტიმიზმითა და ენერგიით სავსე ახალგაზრდას სურს, რომ საკუთარი გამოცდილება და შთაგონება სხვებსაც გაუზიაროს. დღეს, როდესაც სამყარო სავსეა ღია შესაძლებლობებით, უნივერსიტეტის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გზა გაუხსნას თითოეულ სტუდენტს. მარიტა მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართველ სტუდენტობას აქვს პრივილეგია – იყოს გლობალური სამყაროს ნაწილი, ამისთის კი მთავარი შიშის დაძლევა და პირველი ნაბიჯის გადადგმაა. თანატოლებს, რომლებიც, შესაძლოა, ახლა ყოყმანობენ ან საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარებათ, იგი მეგობრულ და უაღრესად საჭირო რჩევებს უზიარებს: „ჩემს ადგილზე მყოფი სტუდენტის მხრიდან მთავარი რჩევა უცხოეთში სწავლის გაგრძელების ან ნებისმიერი მიზნის მიღწევის მსურველთათვის მარტივია – სცადეთ! სცადეთ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაბალი მიგაჩნდეთ წარმატების ალბათობა და აუცილებლად სცადეთ, თუ გგონიათ, რომ შანსი არ გაქვთ. მოიძიეთ უნივერსიტეტები, გააგზავნეთ აპლიკაციები, მონაწილეობა მიიღეთ პროექტებში, მოხალისეობრივ საქმეში… თანამედროვე ქართველი სტუდენტები ძალიან იღბლიანები და პრივილეგირებულები ვართ იმ კუთხით, რომ გზა ყველა მხრივ ხსნილი გვაქვს და უამრავ რესურსზე მიგვიწვდება ხელი. აქტიურობას, ძალისხმევის ჩადებას პრაქტიკულად არ აქვს უარყოფითი „გვერდითი ეფექტი“, ეს არის შანსი იმისა, რომ რამე არაჩვეულებრივს წააწყდე. როგორც ჩემი საყვარელი პერსონაჟი იტყოდა: „You miss 100% of the shots you don’t take“.
ეს გაბედული ფილოსოფია ბუნებრივად ბადებს კითხვას იმაზე, თუ სად ხედავს თავს წარმატებული სტუდენტი წლების შემდეგ. მარიტას პოზიცია ამ საკითხში სრულიად ურყევია – მისთვის გაცვლითი პროგრამები და ევროპული კულტურის გაცნობა არის არა სამშობლოდან წასვლის, არამედ საკუთარ ქვეყანაში ახალი, უკეთესი რეალობის შექმნის საშუალება. სწორედ ამ ხედვით ასრულებს იგი ჩვენთან საუბარს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია: „მომავალზე ფიქრი და შემდეგი ხუთწლიანი თუ ათწლიანი გეგმის დასახვა ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცი – საქართველოს სამუდამოდ არასდროს არ დავტოვებ. ევროპაში სწავლა, სხვადასხვა ქვეყნის მონახულება და გაცნობა ჩემი ოცნება იყო და მომავალშიც ვაპირებ უცხოეთში სწავლა გავაგრძელო. რამდენადაც მიყვარს და ვაფასებ ევროპულ კულტურას და მინდა ყველაფერი კარგი, რაც იქ შემხვდა და ვისწავლე, თუნდაც პიროვნულ დონეზე, სამშობლოში დავნერგო, ვერ წარმომიდგენია საქართველოს ბოლომდე მიტოვება. გაცვლითი პროგრამების მთავარი მიზანიც ყველაფერთან ერთად, კულტურული გაცვლაა და დღეს საქართველოს ეს, ვფიქრობ, განსაკუთრებით სჭირდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზუსტი გეგმა არ დამისახავს, ჯერჯერობით ჩემთვის მთავარი პიროვნული და პროფესიული განვითარებაა“.
