მარიკო გაფრინდაშვილი და ია ნადირაშვილი აზარტულ თამაშებზე (Gambling) დამოკიდებულებას იკვლევენ
,,აზარტულ თამაშებზე (Gambling) დამოკიდებულება და მათი გავლენა ახალგაზრდების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე“, – ამ სახელწოდებით წარადგინეს თავისი კვლევა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტებმა მარიკო გაფრინდაშვილმა და ია ნადირაშვილმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე.
რატომ დაინტერესდნენ ამ კვლევით და რა შედეგზე გავიდნენ? – ამ კითხვაზე ახალგარდა მკვლევრებს ასეთი პასუხი აქვთ: ,,როდესაც მე და მარიამ გაფრინდაშვილმა გადავწყვიტეთ თემა ახალგაზრდების პრობლემებთან დაგვეკავშირებინა, მარტივად მივედით აზრამდე, რომ კვლევის მიზანი აზარტულ თამაშებზე ახალგაზრდების დამოკიდებულებისა და მათი ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შესწავლა ყოფილიყო. მოგეხსენებათ, ეს თემა ძალიან აქტუალურია დღევანდელ ახალგაზრდებში, ისევე, როგორც ჩვენ გარშემო სოციუმში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება რეალურად შეიძლება ვერ იაზრებდეს პრობლემის სიმძაფრეს, კვლევამ დაადასტურა, რომ ეს საკითხი ნამდვილად ძალიან მასშტაბურია და ბევრ პრობლემას წამოჭრის ახალგაზრდების განვითარების, მათი სოციალიზაციისა და პროფესიული წარმატების მიღწევის გზაზე. ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა ეს ყველაფერი და ხელი შეგვეწყო ამ პრობლემაზე საჯარო საუბრისთვის, ვინაიდან, კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ მისი გადაჭრის უმთავრესი გზა სწორედ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების, როგორც მნიშვნელოვანი პრობლემის, ჩვენება და მისი გასაჯაროვებაა. საკითხის შესახებ ინფორმირებულობა და მის ნეგატიურ ეფექტებზე აპელირება ახალგაზრდებში აზარტული თამაშების მიმართ ინტერესის შემცირების ხელშემწყობი ფაქტორი შესაძლოა გახდეს“, – აღნიშნავს ია ნადირაშვილი.
როგორც სტუდენტი მარიკო გაფრინდაშვილი ამბობს, კვლევის პროცესში, რესპონდენტებისა და ექსპერტების გამოცდილებების გაზიარების საფუძველზე, გამოვლინდა ძირითადი მიგნებები: პირველ რიგში, ის, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ქართველ ახალგაზრდებში განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
,,კვლევამ გვიჩვენა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს აწუხებთ როგორც სოციალური, ისე ფსიქოლოგიური პრობლემები. გამოვლინდა ისიც, რომ ეს პრობლემა არ გახლავთ მხოლოდ ერთი კონკრეტული ინსტიტუციის პრობლემა. ეს გახლავთ ეროვნული/საყოველთაო პრობლემა. საჭიროა, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საეკლესიო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა მოახდინონ რეფლექსია არსებულ საკითხებზე. რესპონდენტების პასუხებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა პრობლემასთან ბრძოლის რამდენიმე გზა, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაზე საჯაროდ საუბარი და არსებული საკითხის მავნე ეფექტთან დაკავშრებით სწორი პედაგოგიკა თუ ახალგაზრდებში ინფორმირებულობის გაზრდაა“, – ასკვნის მარიკო.
თვისებრივი მეთოდოლოგიით ჩატარებულ კვლევაში ჩართული იყვნენ მიზნობრივად შერჩეული ახალგაზრდები, რომელთაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეხება ჰქონდათ ან აქვთ აზარტულ თამაშებთან. კვლევა, ასევე, ითვალისწინებდა ექსპერტ-ფსიქოლოგთა გამოკითხვას სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდით, (მიზნობრივი შერჩევის საფუძველზე).
ბლიც-ინტერვიუ
- რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
- მარიამ გაფრინდაშვილი: ,,პირველ რიგში, უნივერსიტეტი, გარდა პროფესიული ცოდნისა, მაძლევს ანალიტიკური აზროვნების განვითრების საშუალებას, რაც, ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე საჭირო რამაა. გარდა ამისა, ვიღებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც იმ გარემოს დამსახურებაა, რომელშიც მიწევს ყოფნა.
- ია ნადირაშვილი: ,,უნივერსიტეტი, რეალურად, ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ცოდნას იძლევა. გარდა ზოგადი საგანმანათლებლო პროცესისა, სტუდენტებს გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში მის მიერ ორგანიზებული პროექტებიც ეხმარება, როგორიც, თუნდაც, კონფერენციებია. ასევე, მომწონს ის, რომ საშუალება გვაქვს ჩვენი სურვილის მიხედვით გამოვიყენოთ თავისუფალი კრედიტები და, შესაბამისად, ისეთი საგნები ვისწავლოთ, რაც რეალურად ჩვენი ინტერესის სფეროში შედის. ამ მხრივ სოციოლოგიის მიმართულება საკმაოდ ,,მდიდარია“.
- რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
- მარიამ გაფრინდაშვილი: ვისურვებდი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ჰქონდეს კორპუსი ჩვენი საყვარელი ფილოსოფოსებისა და მეცნიერების ქანდაკებებითა თუ პორტრეტებით.
- ია ნადირაშვილი: ,,საუნივერსიტეტო ცხოვრების პრობლემებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლი შუალედური გამოცდების ერთკვირიან ხანგრძლივობას. ეს იყო და დღემდე რჩება ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად, ვინაიდან ძალიან დიდ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ წნეხთანაა დაკავშირებული.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
- ია ნადირაშვილი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საუნივერსიტეტო ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოა, რასაც, მეტწილად, განაპირობებს ის სოციუმი, რომელიც სწორედ უნივერსიტეტში შევიძინე. ვისურვებდი, რომ უნივერსიტეტში მეტი გასართობ/შემეცნებითი ხასიათის კულტურული ღონისძიება ეწყობოდეს, სადაც სტუდენტებს შეგვეძლებოდა მონაწილეობა და რაც ჩვენს საუნივერსიტეტო ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და სასიამოვნოს გახდიდა.