მარიამ ძაგანიას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები სევილიასა და მის უნივერსიტეტზე

თარიღი: 2025-10-04 17:24:35

მარიამ ძაგანია, რომელიც თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მეოთხე კურსის სტუდენტია, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ესპანეთში, ანდალუსიის დედაქალაქ სევილიაში, სადაც ერთი სემესტრი გაატარა  ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში – სევილიის უნივერსიტეტში. მარიამი იმდენად დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა სამშობლოში, რომ დღემდე აქვს სურვილი – ყველას გაუზიაროს დიდი ტრადიციების მქონე სევილიის უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება. იგი აღტაცებულია იმ ფაქტით, რომ სევილიის უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 1505 წელს დაარსდა და რომ ეს უნივერსიტეტი დიდი ისტორიითა და მყარი რეპუტაციით გამოირჩევა. ,,მისი შენობები არქიტექტურული ძეგლებია და მუზეუმს მოგაგონებთ, ტურისტები ხშირად მოდიოდნენ და ითხოვდნენ ნებართვას დათვალიერებისთვის“, – გვწერს მარიამი და ცდილობს, ფოტოებიც გაგვიზიაროს, რომ უკეთ შევიგრძნოთ მისი ემოციები.  

,,სევილიაში გატარებული სემესტრი ჩემთვის არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებაც იყო. უცხო კულტურაში თავის დამკვიდრების პროცესმა მასწავლა ადაპტაციის, თავდაჯერებისა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობიერების მნიშვნელობა. სწავლა უცხოეთში დამეხმარა ახალი მეგობრების შეძენაში, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ურთიერთობაში და საერთაშორისო ხედვის გაფართოებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შევძელი მონაწილეობა მიმეღო მაღალი დონის კონფერენციებში და პირდაპირი კომუნიკაცია მქონოდა ისეთ გავლენიან ადამიანებთან, როგორებიც არიან ევროპის პოლიტიკისა და ეკონომიკის ლიდერები. განსაკუთრებულად აღსანიშნია ისიც, რომ ერთ-ერთი ლექტორისთვის იმდენად დასამახსოვრებელი სტუდენტი აღმოვჩნდი, რომ რეკომენდაციის წერილი დამიწერა. როდესაც უცხოეთში უკვე სამაგისტრო პროგრამაზე გავაგზავნი აპლიკაციას, ის დამპირდა, რომ სიამოვნებით იქნება ჩემი რეკომენდატორი. ეს გამოცდილება მარწმუნებს, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და Erasmus + მართლაც გარდამტეხი ეტაპი გახდა ჩემს ცხოვრებაში“, – გვიყვება მარიამი.

რაც შეეხეება შთაბეჭდილებებს ქვეყნისა და ქალაქის ტრადიციებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, მარიამი აღფრთოვანებას ვერ მალავს და მიუთითებს იმ საერთო მახასიათებლებზე, რაც  ესპანეთსა და საქართველოს მის თვალში აერთიანებს.   ,,ესპანეთმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა… დამხვდა არაჩვეულებრივი გარემო, კლიმატი და ხალხი – ერთნაირად თბილი, ყველა მეგობრული, მხიარული, თითქოს სილაღე და ბედნიერება სუფევს ქუჩებში. ვფიქრობ, ბევრი რამით გვგვანან, ურთიერთობები და ოჯახი მათთვისაც უპირველესია, რელიგია – უმნიშვნელოვანესი და სასწაული პატრიოტები არიან, ჩვენსავით. სევილია ულამაზესი ქალაქია – ნამდვილი წალკოტი, უნიკალური არქიტექტურით და დიდი ისტორით. შთამბეჭდავი სანახაობაა მათი „ფერია“ (Feria de Abril)  – ქალაქის განსაკუთრებული დღესასწაული, რომელიც გამოცხადებულია საერთაშორისო ტურისტული ინტერესების ფესტივალად.  ეს არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი კვირა მათთვის – აღსანიშნი მდიდარი უგემრიელესი ესპანური სამზარეულოთი, ცეკვით, სიმღერით და წარმოდგენებით. ვცდილობდი ყველაფერი მენახა და გაოგნებული ვიყავი, რომ დიდი თუ პატარა ამ ზეიმში იყო ჩართული, მთელი ქალაქი მოეცვა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიოდა ხალხი მასზე დასასწრებად. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ჩაცმის სტილს და ტრადიცია არ ირღვეოდა… ქალები დახვეწილი კაბებით (სახელწოდებით ,,trajes de flamenca”), ხოლო მამაკაცები შარვალ-კოსტუმით (ან „traje campero”) იყვნენ შემოსილები. ამ დღეს რაც შეიძლება ლამაზად უნდა გამოიყურებოდე, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. მსგავსი ორგანიზებულობა, მხიარულება, სიფერადე და მომხიბლავი ატმოსფერო მართლა არასდროს მინახავს. ეს დღეები ჭრელი კაბებით, მუსიკითა და ცეცხლოვანი ფლამენკოთი არასდროს დამავიწყდება.

ჩემი ესპანური თავგადასავალის კიდევ ერთი სოაცარი მოგონებაა აღდგომის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ქალაქში. ალბათ, ყოველთვის მემახსოვრება ,,ვნების კვირა”, როდესაც ყველა უბანში დაგეგმილია დიდი მსვლელობა, წმინდანთა გამოსახულებებს მიაბრძანებენ ქუჩებში და შემდეგ კათედრალში, მას თან მიჰყვება ორკესტრი და ხალხი. მთელი კვირა, ყოველდღე, ვესწრებოდი ამ პროცესებს, ვიდექი და გაკვირვებული ვაკვირდებოდი ირგვლივმყოფებს – ისინი იმდენად განიცდიდნენ და სევდიანდებოდნენ, რომ უმრავლესობა  ცრელმს ვერ იკავებდა, მათ სრულიად გათავისებული აქვთ ამ დღეების სიმძიმე. დიდ ხუთშაბათს  ყველას შავები აცვია, წითელ პარასკევი კი ესპანეთში სიჩუმის ღამეა – ჩაბნელებულ ქუჩებში იესოს ქანდაკებას გამოასვენებენ, ზოგიერთი მორწმუნე ქუჩებში ფეხშიშველიც კი დადის. კვირას დილით ოვაციებითა და სიხარულით ეგებებიან აღდგომას. ჩემზე ,,Semana Santa”-მ, როგორც ადგილობრივები უწოდებენ, ძალიან იმოქმედა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ესპანელებისთვის რელიგიისადმი პატივისცემა უმნიშვნელოვანესია და რწმენა – შურყეველი. ისინი ტრადიების, სამშობლოს ერთგულნი არიან და ამას ვერავინ შეცვლის. სწორედ ამიტომ მომწონს ასე ძალიან ეს ადგილი – საქართველოსა და ქართველებს მახსენებს. ამის გაცნობიერების შემდეგ  კიდევ უფრო დავაფასე ჩემი პატარა ქვეყანა, რომელსაც არ აქვს არც ამდენი რესურსი, არც ამხელა ტერიტორია, არც ევროკავშირის წევრია და არც მოსახლეობის რაოდენობით დავიკვეხნით, მაგრამ სასწაულებრივად, მებრძოლი სულით, ერთიანობით შევძელით და შევინარჩუნეთ ის, რაც ხშირად (და ასეთი პატარა ქვეყნისთვის გამაოგნებლად ხშირადაც) მსოფლიოს აოცებს, აცვიფრებს და აგიჟებს. ესპანეთში ყველამ იცის საქართველო, აქ გვაფასებენ და ოცნებობენ  – მოინახულონ ის დალოცვილი ქვეყანა, რომელიც რაღაც გაურკვეველი ძალით შობს ისეთ და იმდენ ნიჭიერ ხალხს, როგორიც, მაგალითად, ილია თოფურიაა, რომელიც ხალხისთვის საყვარელ ჩემპიონად იქცა“, – ასეთია მარიამ ძაგანიას შთაბეჭდილებები, რომელიც ემოციურად აცოცხლებს იმ სურათს, რომელიც პირადად ნახა ესპანეთში.

საქართველოში დაბრუნებულ მარიამს, რომელიც ესპანეთში გატარებულმა თვეებმა სრულიად შეცვალა, ახალი იდეები გაუჩნდა, რასაც ასევე გვიზიარებს: ,,მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევქმნათ გაცვლითი პროგრამის გამოცდილების მქონე მოხალისე სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი, სადაც საზღვარგარეთ წასვლამდე  გავუზიარებთ გამოცდილებას მსურველებს  და მივცემთ რჩევებს. ასევე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დამამახსოვრდა, რაც ძალიან მინდა ჩვენთანაც დაინერგოს: სევილიის უნივერსიტეტში არსებობდა ცალკე განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფდა სტუდენტებისთვის საბუთების მოწესრიგებასა და გადაგზავნას, მაგალითად, საიმიგრაციო დაწესებულებაში, სამინისტროში, სხვა უნივერსიტეტში, სხვა ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტში და ა.შ. საჭიროემებისამებრ, ვფიქრობ, ჩვენთანაც მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული მხარდაჭერა გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის, რათა სტუდენტებმა ნაკლები ბიუროკრატიული სირთულე გადაიტანონ და მეტი ყურადღება დაუთმონ უშუალოდ აკადემიურ და კულტურულ გამოცდილებას. თუმცა ამ მხრივაც უდიდესი გამოცდილება დამიგროვდა ესპანეთში, ვინაიდან სასწავლო მიზნებით ცხოვრების უფლება (ვიზა) იქ გავაკეთე და შევძელი, რომ, ბევრი სირთულის მიუხედავად, ყველაფერი უხარვეზოდ მომეგვარებინა. შესაძლებელია ახლა მკითხველს  ჩემი აქ წარმოდგენილი ზოგიერთი სურვილი შეუძლებლადაც მოეჩვენოს, მაგრამ მჯერა, ერთ დღესაც რეალობად იქცევა, რადგან ჩვენს უნივერსიტეტს, რომელიც პირველია საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ამის რესურსი და პოტენციალი ნამდვილად აქვს“!

Facebook
Twitter
LinkedIn