მარიამ ხუბუნაიას წარმატების ეტაპები

თარიღი: 2025-05-07 19:15:35

მარიამ ხუბუნაია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ფილოლოგიის“ სადოქტორო პროგრამის „ქართველური ენათმეცნიერების“ მიმართულებაზე სწავლობს.თსუ-ში სწავლა მისი უპირველესი მიზანი იყო, რაზეც ვრცლად საუბრობს: ,,მახსოვს, მე-5 კლასში ვიყავი და ჩემთვის გავიფიქრე: თუ საქართველოში გავაგრძელებ სწავლას, აუცილებლად ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვისწავლი-მეთქი. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ოჯახმა. ყოველთვის მესმოდა ჩემი მშობლებისგან, რომ თბილისის უნივერსიტეტი – კავკასიაში პირველი ქართული  უნივერსიტეტი – სხვა სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. მე, რა თქმა უნდა,  მონდომებითა და შრომით მიზანს მივაღწიე და იმედებიც სრულად გამიმართლდა. თსუ-მ უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მომცა. აქ შევხვდი ისეთ პროფესურას,  ისეთ მისაბაძ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალეს  უკეთესობისკენ და წარმატებისკენ სავალი გზებიც  გამოიკვეთა“.

მარიამმა 2022 წელს წარჩინებით დაამთავრა თბი­ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკა­ლავრიატის კურსი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით;  იმავე წელს სწავლა გააგრძელა  მაგისტრა­ტურაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ქართველური ენათ­მეცნიერების“ მიმართუ­ლებით.   მან ეს საფეხუ­რიც წარჩინებით დაასრულა 2024 წელს.

ორივე საფეხურზე სწავლის პერიოდში  იყო თბილისის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფა­კულ­ტეტის სტიპენდიატი. 

,,მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში  მოვიპოვე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტი­პენ­დია:  გავიმარჯვე  მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი ინდივიდუალური პროექტის (MR-23-183) საგრანტო კონკურსში;  დასახელებული პროექტის ფარ­გ­­ლებში მოვამზადე  და დავიცავი სამაგისტრო ნაშრომი. აღნიშნული  ნაშრომი ამჟამად წარდგენილი მაქვს ენის ეროვნულ ინსტიტუციათა ევროპის ფედერაციის (EFNIL) მიერ საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომის გამოსავლენად გამოცხადებულ კონკურსზე (წარმატებით გაიარა პირველი ეტაპი და ველოდებით შედეგს); კონკურ­სის  წესით გავაგრძელე  სწავლა  დოქტორანტურაში.  წლებია აქტიურად ვმონა­წილეობ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, საერთაშორისო სეზონური სკოლების მუშაობაში და მიღებული მაქვს შესაბამისი აქტივობების დამადასტურებელი სერტი­ფიკა­ტები; გამოქვეყნებული მაქვს სამეცნიერო სტატიები მაღალრეიტინგულ პერიოდულ გამოცემებში. ვმუშაობ სადოქტორო დისერტაციაზე და, ამავე დროს, ახალ­გაზრდა მკვლევრის სტატუსით ჩართული ვარ ფუნდა­მენტური კვლევე­ბი­სათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტში (FR-24-1355). პროექტი ხორციელდება თსუ-ში, ქარ­თუ­ლი ენის ს/ს ინსტიტუტის ბაზაზე და ჩემს პროფესორ-მასწავლებ­ლებთან  ერთად მასში მონაწილეობა  დიდი პატივი და საუკეთესო შესაძლებ­ლობაა ჩემთვის“, – გვიყვება მარიამი.

დროის გამოხატვის ენობრივი საშუალებებით იგი ჯერ კიდევ საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობისას დაინტერესდა; ახლანდელი და წარსული დროის გამომხატველი ფორმები და მათი ფუნქციური დატვირთვა გააანალიზა ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით; ამ მიმართულებით მუშაობა გააღრმავა მაგისტრატურაში: ქართული და მეგრული ზეპირსიტყვიერების ნი­მუ­შების  შედარებითი კვლევის საფუძველზე დაწერა სამაგისტრო ნაშრომი, რომელშიც  განხილული იყო მეტრიკული დროის გამომხატველი ენობრივი საშუალებები. მისი სადოქტორო თემაც დროის უნივერსალურ კატეგორიას მიეძღვ­ნება ქართველურ ენებში.

ვინც ასწავლიდა, მარიამს ყველა ლექტორი უყვარს და პატივს სცემს მათი პროფესიონალიზმისა და პიროვნული თვისებების გამო. ,,გამოვყოფ  ჩემს  სამეცნიერო  ხელმძღვანელს – ქალბატონ  მაია ლო­მიას.  მასთან პირველი შეხვედრისას ვიგრძენი,  რომ მომთხოვნი და სამარ­თლიანი ლექტორი იყო;  ამასთან ერთად,  დაუღალავად  ზრუნავდა სტუდენ­ტების სა­უნი­­­ვერსიტეტო ცხოვრებაზე: არაერთ საინტერესო პროექტსა  და საკონ­ფე­რენციო თემების პრობლემატიკაზე  გვესაუბრებოდა; ყურადღებას იქცევდა ის­იც, რომ  ბევრი მაგისტრანტი და დოქტორანტი ჰყავდა, რომლებსაც  ბაკა­ლავრიატის საფეხურის სტუდენტებთან საქმიან ურთიერთობას აჩვევდა და ასწავლიდა; მივხვდი, რომ ქალბატონი მაიასთვის სტუდენტის წარმატება უპირველესი მიზანი იყო და  მის გვერდით მეც ბევრ რამეს ვისწავლიდი. ენათმეცნიერების კომპეტენციის თითქმის ყველა საგანი მაია ლომიასთან გავიარე და შემდგომ მისივე ინიციატივითა და რეკომენდაციით  სწავლა გავაგრძელე ჯერ მაგისტრატურაში, შემდეგ დოქტორანტურაში“, – აღნიშნავს მარიამ ხუბუნაია.

მისი სამომავლო გეგმები სადოქტორო დისერტაციის დროულად დასრულებას  და წარმატებით დაცვას უკავშირდება, უმთავრეს მიზანად კი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა მიაჩნია.

Facebook
Twitter
LinkedIn