მარიამ ხაზალიას თსუ კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში ეხმარება

თარიღი: 2023-05-22 21:15:59

,,აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მშობლიურ მხარეში დაბრუნების მოტივები“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  მე-2  კურსის სტუდენტმა მარიამ ხაზალიამ ინტერდისციპლინურ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ორი ფაკულტეტის –  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების ეგიდით ჩატარდა.

რატომ დაინტერესდა სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად? – ამ კითხვაზე მარიამი გვპასუხობს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა გადააწყვეტინა მისმა ინტერესმა კვლევითი საქმიანობისადმი: ,,აქამდე ამ სახის გამოცდილება არ მქონია, მაგრამ კონფერენციაში მონაწილეობა გამოწვევად აღვიქვი და მაქსიმალური დრო და ენერგია ჩავდე სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. თანაც, როგორც ვიცით, პირველად ტარდებოდა ფაკულტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია. შესაბამისად, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებდი“.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მშობლიურ მხარეში დაბრუნების მოტივების კვლევით მარიამ ხაზალია დიდი ხანია დაინტერესებულია და, როგორც აღმოჩნდა, გარკვეული შეხედულებებიც აქვს დევნილების მშობლიურ მხარეში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით.

,,უპირველეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია დევნილების პრობლემებსა და გულისტკივილზე საუბარი, რათა შემდგომში განხორციელდეს ქმედითი ნაბიჯები მათ დასახმარებლად. კვლევის პროცესი არ იყო მარტივი. 22  ნახევრად-სტრუქტურირებული და 8 ექსპერტული ინტერვიუ ჩავწერეთ – ეს ყოველივე კი ძალიან დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. დევნილებთან დაკავშირება არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ბევრი მათგანი არ დაგვთანხმდა ინტერვიუზე, არ სურდა იმ ტრავმებზე საუბარი, რაც ამ დროის განმავლობაში გამოიარეს. ზოგმა კი, პირიქით, თავიდანვე გამოთქვა მზაობა, რომ დაგვესვა მათთვის კითხვები, რათა ჩვენ – ახალი თაობის წარმომადგენლებს გაგვეხმიანებინა დევნილთა მხრიდან აფხაზეთის დატოვების გამო გამოწვეული ტკივილები. შესაბამისად, ინტერვიუების ჩაწერის პროცესიც ძალიან ემოციური აღმოჩნდა. რაც შეეხება ექსპერტებს, ჩვენ ჩავწერეთ კონფლიქტოლოგი, სახალხო დამცველის აპარატში მომუშავე მრჩეველი, დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ჟურნალისტი, ეკონომიკის დოქტორი. თითოეული მათგანი უკვე წლებია, რაც მუშაობს დევნილებთან. საჭიროდ მივიჩნიეთ მათთან ინტერვიუს ჩაწერა, რათა კომპეტენტური პირებისგან მოგვესმინა მოსაზრებები“, – ამბობს მარიამ ხაზალია, რომლის თემის თანამომხსენებელიც თსუ-ს სტუდენტი თორნიკე ელაშვილი იყო. 

კვლევის შედეგად სტუდენტებმა დაადგინეს, რომ დევნილთა სახლში დაბრუნების ძირითადი მოტივებია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, თავისუფალი გადაადგილება, აფხაზეთში მცხოვრები ადგილობრივების დახმარება, ევროპული მომავალი და ნამდვილ სახლში დაბრუნება.

,,ასევე დავადგინეთ – თუ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას მშობლიურ მხარეში დაბრუნების მოტივაციაზე. კერძოდ, სახელმწიფოს პოლიტიკა და დროის გასვლა მთავარი ხელშემშლელი ფაქტორებია მოტივაციის ამაღლების ან შენარჩუნებისთვის; ხოლო მოტივაციის შენარჩუნებას ხელს აძლევს ის, რომ დევნილები ყველგან ეძებენ ძველ სახლს და მუდმივად აქვთ ინფორმაცია აფხაზეთზე (კომუნიკაციის წყალობით)“, – ამბობს მარიამი.

                                                         ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • პროფესია ავირჩიე ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვობიდან მაინტერესებდა ისტორია და გეოგრაფია. ვფიქრობ, დიდწილად, ამან გამოიწვია შემდგომში ჩემი დაინტერესება სახელმწიფოების პოლიტიკური სისტემებისა და მათი მახასიათებლების მიმართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩამებარებინა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ძირითად მიმართულებად პოლიტიკის მეცნიერება ამერჩია.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • უნივერსიტეტი მეხმარება, რომ მივიღო ცოდნა ჩემი სპეციალობის – პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების შესახებ; განვივითაროთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები…  ამასთანავე, უნივერსიტეტი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩავერთოთ კვლევით საქმიანობაში, მონაწილეობა მივიღოთ კონფერენციებსა და ა.შ.
  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
  • სანდრო ტაბატაძე, თორნიკე ზურაბაშვილი…
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემას დავასახელებდი… ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება. ასევე, პრობლემაა უნივერსიტეტის კორპუსებში კვების ობიექტების არარსებობა. ამასთანავე, ბევრად უკეთესი იქნება, თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უფრო გამართულად იფუნქციონირებს.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ვისურვებდი, რომ ღირსეული სტუდენტური საცხოვრებელი ჰქონდეთ სტუდენტებს.
Facebook
Twitter
LinkedIn