კონფერენციაში გამარჯვებული მარიამ ვაჭრიძე ახალგაზრდული პოლიტიკის კვლევით დაინტერესდა
„პარტიული ორგანიზაციების ახალგაზრდული პოლიტიკის შედარებითი ანალიზი „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „მწვანეების“ მაგალითზე” – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა მარიამ ვაჭრიძემ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – ახალგაზრდები თანამედროვე საქართველოში). მარიამ ვაჭრიძე კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა.
რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა დასკვნა გამოიტანა კვლევის შედეგად? – კონფერენციაში გამარჯვებული მარიამ ვაჭრიძე, რომლის მეწყვილეც სტუდენტი ანანო სანიკიძე გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: ,,პარტიული პოლიტიკის კვლევა სხვადასხვა ასპექტში დიდი ხანია ჩემი ინტერესის ობიექტია, მათ შორის გამონაკლისს არც ახალგაზრდული პოლიტიკის კვლევა წარმოადგენდა. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო გვეკვლია – თუ რა განსხვავებები და მსგავსებები გამოიკვეთებოდა „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „მწვანეების“ შეხედულებებში ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით იდეოლოგიური დიფერენცირების პარალელურად. შესაბამისად, ჩვენ სიღრმისეული ინტერვიუები ჩავატარეთ აღნიშნული ორი პარტიის წარმომადგენლებთან, რომელთა ანალიზის საფუძველზეც გავედით ძალიან საინტერესო მიგნებებამდე“, – ამბობს მარიამი.
როგორ წარმოუდგენიათ ახალგაზრდებზე ორიენტირებულ ამ ორ პარტიას ახალგაზრდების როლი პოლიტიკურ საქმიანობაში? რა გზებით ცდილობენ ისინი ახალგაზრდა თანამოაზრეების მოზიდვას? რა მსგავსება-განსხვავებაა ამ ორი დეკლარირებულად მემარჯვენე და მემარცხენე ჯგუფის შეთავაზებულ პოლიტიკურ იდეებსა და კურსებში? – ამ კითხვების საფუძველზე ახალგაზრდა მკვლევრებმა დასკვნა დადეს, რომელიც მეტად საინტერესოა თავისი აქცენტებით.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოიკვეთა, იყო ის, რომ, მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებებისა, აღნიშნული ორი პარტიის პოზიციები ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სავალდებულო ჯარი, სრულ თანხმობაშია. ორივე მხარე ეწინააღმდეგებოდა სავალდებულო ჯარის კონცეფციას და გამოკვეთდა, რომ ჯარი უნდა იყოს მოხალისეობრივი და სასურველი (ჩვენი რესპონდენტების ტერმინს გამოვიყენებ, უნდა იყოს – ,,Cool“)“, – აღნიშნავს მარიამ ვაჭრიძე.
ბლიც-ინტერვიუ
- რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
- მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარება, სფეროს მრავალფეროვნება იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი – რა მინდოდა გამეკეთებინა მომავალში, თუმცა, ზუსტად ვიცოდი, რომ აქ აუცილებლად ვიპოვიდი ჩემს ადგილს. მინდა ვთქვა, რომ მაშინდელი მოლოდინი გამიმართლდა და დღემდე ასე გრძელდება. ამიტომ ვთვლი, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო ძირითად პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობების არჩევა.
- რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
- უპირველეს ყოვლისა, ახალი გამოწვევების ადგილია ჩემთვის უნივერსიტეტი, პიროვნული და პროფესიული გამოწვევების. განსაკუთრებით ძვირფასია ის სოციალური კაპიტალი, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში თსუ-მ მომცა. გარდა უშუალოდ პროფესიული განათლების მიღებისა, ძალიან დიდი უპირატესობაა, როცა გაქვს საშუალება – ყოველდღიურად შეხვდე საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს და განიხილო სხვადასხვა საინტერესო საკითხები.
- ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
- ალბათ, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ პირველი კურსის პირველი კვირიდან განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ, მიყვარს და ვაფასებ ქალბატონ სალომე დუნდუას და, უკვე მეოთხე სემესტრია, უწყვეტად მის საგნებს ვესწრები. აქვე, არ შემიძლია არ გამოვყო ქალბატონი მანანა შამილიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი, თბილი და საუკეთესო ადამიანია, ვინც კი ოდესმე მინახავს. უბრალოდ, შეუძლებელია, ქალბატონი მანანა უნივერსიტეტში შეგხვდეს და უდიდესი სიყვარული და სითბო არ გამოხატოს შენ მიმართ, ამის შემდეგ კი ასეთი დღე ცუდად არასდროს გრძელდება.
- რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
- ჩემთვის, ალბათ, ისევე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ყველა სტუდენტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საერთო სივრცის არარსებობაა, სადაც ყველა იმ რესურსებისა და მასალის გამოყენებას შევძლებთ, რომელთა შესახებაც ჩვენი მიმართულების ლექტორებისგან მხოლოდ გადმოცემით გვსმენია. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემა აღმოიფხვრება. ძალიან პრობლემატურია, აგრეთვე, LMS, რომელთანაც ყოველი სემესტრის დასაწყისში დიდი ბრძოლა მაქვს სასურველი საგნებისა და ლექტორების არჩევისთვის.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
- ბაკალავრიატის თითქმის ნახევარი გზა უკვე ბოლომდე გავიარე, უამრავი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს ამ ადგილთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც უნივერსიტეტმა შემძინა. მინდა, რომ ეს მოგონებები, გრძნობები, ადამიანები ცხოვრების ბოლომდე ჩემთან დარჩნენ და არასდროს გაქრნენ – ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია.