მარიამ უთრუგაშვილი: ,,მე და თსუ-მ ერთმანეთი ვიპოვეთ“

თარიღი: 2025-06-20 18:06:03

მარიამ უთრუგაშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტია. იგი წარმოშობით ხევსურია და, ამიტომ, მისი ნააზრევი ხშირად რომანტიკული და პოეტურია… უყვარს თავისი პროფესია და ოცნება, მისთვის  უნივერსიტეტი „ნაღებისფერ ალმა-მატერში აღმოჩენილი სიფაქიზეა“, რომელიც ასოცირდება მის მდიდარ წარსულთან და ნათელ მომავალთან…

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უნივერსიტეტში მოხვედრის პირველივე დღიდან დამეუფლა გრძნობა – თავისუფლების! პირველივე დღეს ვიგრძენი, რომ ჩემში ჯოისისეული „ცნობიერების ნაკადი“ იღვიძებდა.  პირველივე ლექციაზე ჩემი გონება საზღვარდაუდებელმა შთაბეჭდილებებმა მოიცვა. მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში  ვეძებდი.  ასე რომ,  მე და თსუ-მ ერთმანეთი ვიპოვეთ (ხევსურეთში ვიცით თქმა: „ვინაც იძევს ხელავსო“ ე.ი. ვინც ეძებს პოულობსო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა), “  – ამბობს მარიამი.

მისთვის, როგორც სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანია ურთიერთობა ლექტორებთან და მათგან ცოდნის მაქსიმალური მიღება.  ამბობს, რომ ამაშიც გაუმართლა: „უნივერსიტეტს ჰყავს მაღალკვალიფიციური, სანდო, საიმედო, გულთბილი, ღირსეული, მეგობრული, „გერგილიანი“ პროფესორები.  უკვე მეორე კურსზე ვარ და ინტერაქცია მქონდა უამრავ ლექტორთან, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, მჯერა, რომ თითოეული ადამიანი სუფთა, თეთრი ფურცელია… რაც დრო გადის, უამრავი ადამიანი ჩნდება, უამრავ გარემოში გვიწევს ადაპტირება, მრავალ პერიპეტიას ვაწყდებით… ყოველივე ეს ნათლად აისახება  სუფთა ფურცელზე და თანდათან, დროის მდინარების პარალელურად, ფერადდება უამრავი ტონით – ჩნდება ნაკვალევი, ნიშნები. უნივერსიტეტში მოხვედრის პირველივე ხანებიდან  არაერთმა ადამიანმა დამიტოვა საკუთარი კვალი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც განსხვავებული, უპრეცედენტო, განსაკუთრებული, მარადიული სხივი შემოიტანეს… ერთ-ერთი მათგანია ბატონი გაგა ლომიძე, რომელსაც ჩემს ევოლუციასა თუ ფორმირებაში კოლოსალური ღვაწლი მიუძღვის. მასთან ურთიერთობამ მიმიყვანა სამყაროს განსხვავებულ აღქმამდე, ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს. ყოველთვის ვცდილობ – მისი ხედვა და მოსაზრებები გავიზიარო. ასევე გამოვყოფ ბატონ გუბაზ ლეთოდიანს, რომელმაც საკმაოდ დიდ ცოდნას მაზიარა, ყოველთვის მომწონდა მისი მიდგომა უშუალოდ სასემინარო მსვლელობისადმი. იგი  ორიენტირებულია იმისკენ, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოგვაყენებინოს, სტუდენტებთან ძალიან უშუალოა, ამავდროულად, შეუძლია  ჯანსაღი კრიტიკა და პოლემიკა წარმართოს, რაც, რასაკვირველია, ანალიტიკური ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. ჩემი აღმოჩენაა ქალბატონი ნანა გონჯილაშვილი და ქალბატონი ეკატერინე ნავროზაშვილი.  მათი შემხედვარე ვრწმუნდები, რომ სამყარო მეტად ლამაზი, სათუთი და ჰუმანურია. არ შემიძლია არ ვახსენო ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე და ქალბატონი თამარ მელიქიძე“.

მარიამი პრობლემებზე საუბარსაც არ გაურბის: „უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მაქსიმალურად მობილიზებული და ორიენტირებულია იმისკენ, რომ აღმოიფხვრას და ადეკვატურად გადაიჭრას ყოველი სირთულე. ჩემი აზრით, მეტად ჯეროვანი და ნაკლებად დისკომფორტული იქნება, თუკი შუალედური გამოცდებისთვის განსაზღვრული ერთ კვირიანი გრაფიკი ორ კვირიანით შეიცვლება – ამით  შემცირდება არასასურველი ეიფორია, ზედმეტი სტრესი, შფოთვა, სტუდენტები შევძლებთ საფუძვლიანად, გულდასმით მოვემზადოთ გამოცდებისთვის. ვფიქრობ, რომ მეტად კომფორტული იქნება შუალედური გამოცდების წერა უშუალოდ პირველ კორპუსში, სადაც, ძირითადად, ლექცია-სემინარები გვიტარდება და არა მაღლივში ან ბიბლიოთეკის შენობაში. ასევე ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა აკადემიური რეგისტრაცია, რომელიც საკმაოდ რეგრესულია და უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით საგნების არჩევის დროს. ვფიქრობ, რომ არსებობს მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები და ყოველივე შესაძლებელია ერთიანობითა და საგანგებო ღონისძიებებით“.

რაც შეეხება საუნივერსიტეტო  ცხოვრებას,  მარიამი ცდილობს აქტიურად ჩაერთოს ამა თუ იმ ღონისძიებაში და დააგროვოს მეტი გამოცდილება, ცოდნა. იგი აქტიურად მონაწილეობს საჯარო ლექციებსა თუ კონფერენციებში. მისთვის  უდიდესი მოტივაციაა, რომ უკვე მესამედ გახდა სტიპენდიატი და ორჯერ მოხვდა დუშეთის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში. „მოულოდნელი სიხარული იყო, როდესაც ჯერ კიდევ პირველ კურსზე თსუ-ს გამორჩეულ სტუდენტ-მკითხველად დამასახელეს და მივიღე საპატიო სიგელი და მრავალი საინტერესო საჩუქარი. მოხარული ვარ, რომ თსუ-ს „მეგობართა კლუბის“ წევრი ვარ… სწორედ ამ საოცარი ბავშვების ორგანიზებით ჩატარდა ოთარ ჭილაძის პოეზიის საღამო, რომელმაც საოცარი ემოციები დამიტოვა. საგულისხმოა, რომ ჩემმა თანაკურსელებმა დააარსეს „თსუ-ს ფილოლოგთა კლუბი“. ჩვენი პირველი ღონისძიება 8 აპრილს შედგა, გაიმართა ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია – „საუბრები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე“, კერძოდ, „ვეფხისტყაოსნის სიყვარული“. 3 ივნისს გაიმართა რევაზ სირაძის ხსოვნის საღამო, რომელზეც  ჩვენი უნივერსიტეტის დამსახურებულმა პროფესორებმა გაიხსენეს ბატონი რეზოს ცხოვრება, მათი მეგობრობა, ეს დღე მართლაც შთამბეჭდავი იყო.  ივნისის თვეში  ჩემს კურსელებთან ერთად დავლაშქრე თრუსოს ხეობა, მოვინახულეთ: ქასარას კანიონი, თრუსოს ფერადი ტრავერტინები, ნასოფლარი კეთრისი, აბანოს დედათა მონასტერი, ზაქაგორის დიდებული ციხე და უძირო ტბა, დაგეგმილი გვაქვს ჯუთას მონახულება… მინდა ყოველი დღე დაუვიწყარი, თბილი და ნათელი  იყოს.   სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, ზედმეტად არც  მომავალზე ვფიქობ და ვცდილობ, აბსოლუტურად შევიგრძნო და მადლიერი ვიყო ყოველი დღის. რაც შეეხება ჩემს ინტერესს, აღფრთოვანებული ვარ ძველი ქართული ლიტერატურით, ანტიკური ლიტერატურითა და კომპარატივისტიკით. დრო გვიჩვენებს, რომელ გზას დავადგები და რომელი იქნება ჩემთვის მეტად ოპტიმალური“,  – ამბობს მარიამი.

Facebook
Twitter
LinkedIn