მარიამ ტყეშელაშვილის ერთი სემესტრი პალაცკის უნივერსიტეტში

თარიღი: 2025-09-29 19:42:39

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტს მარიამ ტყეშელაშვილს სწავლის დაწყების დღიდან ჰქონდა მიზნად დასახული საზღვარგარეთ ესწავლა. ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა დასჭირდა. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მან ერთი სემესტრი ჩეხეთში, ქალაქ ოლომოუცში, პალაცკის უნივერსიტეტში, გაატარა.

,,ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე ჩეხეთში, საიდანაც ბევრი ახალი ინფორმაციით, ცოდნითა და მეგობრით დავბრუნდი. გავეცანი ძალიან ბევრი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს. რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის ენა, კერძები თუ კულტურა გავაცანი უამრავ ადამიანს, რომლებსაც იმდენად შეუყვარდათ საქართველო, რომ დაგეგმილი აქვთ ჩამოსვლა. ევროპის შუაგულში სწავლას ის პრივილეგიაც ჰქონდა, რომ შემეძლო მემოგზაურა და ბევრი ქვეყანა მენახა ჩემი თვალით. საზღვარგარეთ სწავლამ დამანახა, რომ ჩემი შესაძლებლობები იმაზე მეტია, ვიდრე წარმომედგინა და რომ ჩემ თავს ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო და დავეყრდნო. პრაქტიკული კურსებით დავეუფლე ისეთ საგნებს, რომლებიც წლების განმავლობაში მაინტერესებდა და უკეთ ჩამოვყალიბდი იმაზე, თუ რისი გაკეთება მინდა მომავალში. საინტერესოა გაეცნო უცხო სწავლების მეთოდებსა და პროფესორებს და მოარგო მათ შენი გამოცდილება“, – ამბობს მარიამი.

მარიამ ტყეშელაშვილი თსუ-ს მეტად ემადლიერება და ფიქრობს, რომ სწორედ ამ წიაღში მიღებული ცოდნა დაეხმარა ჩეხეთის პალაცკის უნივერსიტეტში თავდაჯერებულად ეგრძნო თავი. ,,თსუ-მ, კერძოდ კი, ჩემმა ფაკულტეტმა, როგორც ჩვენ ვუწოდებთ – მესამე კორპუსმა – ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა: დაუვიწყარი დღეები, ადამიანები და მოგონებები მაჩუქა. ასევე ეს არის ადგილი, რომელიც სახლივითაა  – ქვეყნის რომელ ნაწილშიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მომენატრება და როცა დავბრუნდები, თავს ისევ სრულყოფილად ვიგრძობ. თსუ-მ ასევე შესაძლებლობა მომცა, რომ საინტერესო თემები მესწავლა ადამიანებისგან, რომლებიც მაძლევდნენ უდიდეს მოტივაციას. ბედნიერი ვარ, რომ განათლება ამდენად პროფესიონალი და მეგობრული ადამიანებისგან მივიღე. ასევე თსუ-მ მომცა შესაძლებლობა საზღვარგარეთ სწავლისა და იმისა, რომ ბევრ ადგილას გზა ხსნილი მქონოდა, მიმეღო მონაწილეობა კვლევებსა თუ ტრენინგებში“, – ასე გამოხატავს მარიამი მესამე კორპუსში გატარებულ წლებზე ემოციებს, რასაც მის ცხოვრებაში დიდი დატვირთვა აქვს. ერთადერთი, რასაც შეცვლიდა, ეს უკავშირდება თსუ-ში სწავლის მეთოდების შეცვლას მეტი პრაქტიკული ცოდნის მისაღებად.

Facebook
Twitter
LinkedIn