რატომ მოიხსენიებს მარიამ სამხარაძე თსუ-ს თავის მეორე სახლად
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი მარიამ სამხარაძე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლობდა.
,,ვილნიუსის უნივერსიტეტში მიღებულმა აკადემიურმა გამოცდილებამ შესაძლებლობა მომცა – უფრო ღრმად გავცნობოდი სხვადასხვა სამართლებრივ საკითხს, მემუშავა მრავალფეროვან ქეისებზე და თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გამომეცადა. სწორედ ამ ცოდნით, ახალი სამართლებრივი ხედვითა და პრაქტიკული გამოცდილებით დავბრუნდი საქართველოში, უფრო მომზადებული და მოტივირებული. ამ გამოცდილების ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა – ევროპის ექვსი გამორჩეული ქვეყანა მომენახულებინა, გავცნობოდი მათ კულტურას, ცხოვრების სტილსა და თავისებურებებს და, ამავდროულად, თავადაც სხვებისთვის გამეზიარებინა ცოდნა ჩემი ქვეყნის შესახებ. როდესაც სამშობლოდან შორს ხარ, კიდევ უფრო მეტად გიჩნდება სურვილი – სხვებს გააცნო ჩვენი ისტორია, კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.
უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. კიდევ უფრო განმივითარდა ახალ გარემოსთან, ხალხთან, განსხვავებულ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარი. დავიწყე იმ პატარა დეტალების დაფასება, რომლებსაც ადრე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვამჩნევდი“, – ამბობს მარიამი.
მარიამ სამხარაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის მეორე სახლად მოიხსენიებს. მისთვის თსუ არის ადგილი, სადაც მისმა ოცნებებმა და მიზნებმა ფრთები შეისხა და სადაც თვითრეალიზება შეძლო. ,,თსუ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინგლისურენოვანი საგნების გავლის შესაძლებლობა. ერთ-ერთი კურსი ერასმუსის პროგრამის ფარგლებში ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად გავიარე, რომლებიც საფრანგეთიდან და იტალიიდან იყვნენ. ამ გამოცდილებამ ხელი შეუწყო ჩემს საერთაშორისო კომუნიკაციაში უფრო აქტიურად ჩართვას და საბოლოოდ გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებასაც“, – აღნიშნავს სტუდენტი.
თსუ-ში სწავლის პერიოდში მარიამი სტიპენდიატიც გახდა, პირველი ადგილი მოიპოვა სამეცნიერო კონფერენციაში, გაიარა ორი სტაჟირება და ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსიც. ,,თსუ-ის მეშვეობით მომეცა შესაძლებლობა – გამეცნო ჰააგის მოსამართლეები და მათთან მესაუბრა, ასევე მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტსა და ტრენინგში, რომლებიც ჰუმბოლტის, იენისა და ტალინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ტარდებოდა. საბაკალავრო პროგრამა წითელი დიპლომით დავამთავრე. სამაგისტრო პროგრამაზე სამ უნივერსიტეტში შევიტანე განაცხადი და სამივეგან მიმიღეს, თუმცა არჩევანი კვლავ თსუ-ზე შევაჩერე და საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩავირიცხე, სადაც მხოლოდ 18 სტუდენტს იღებდნენ“, – იხსენებს მარიამი.
რით განსხვავდება სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლა? – ამ შეკითხვაზე მარიამ სამხარაძეს ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს: ,,პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვილნიუსის უნივერსიტეტში გვქონდა ინტენსიური კურსები, სადაც ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე გვიტარდებოდა ლექცია-სემინარები, შემდეგ კი გვქონდა გამოცდები და ასე მოკლე დროში ვასრულებდით საგანს. ერთი მხრივ, დატვირთული დღეები იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ბევრად მარტივად ხდებოდა დარჩენილი საგნების გავლა და თავისუფალ დროს უფრო ნაყოფიერად ვიყენებდით. ამასთანავე, სილაბუსი აბსოლუტურად განსხვავებული და დეტალური იყო. საკითხები, რომლებზეც ფოკუსირდებოდნენ, ასევე საინტერესო და განსხვავებული იყო. მაგალითად, ვსწავლობდით ენერგიის სამართალს, ხელოვნური ინტელექტის ჭრილში განვიხილავდით პერსონალურ მონაცემებს და ევროკავშირის რეგულაციებს სუპრანაციონალიზმის მიმართულებით“.
საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებამ მარიამს კიდევ ერთხელ დაანახა, რამდენად დიდი და მრავალფეროვანია სამყარო და რომ შესაძლებლობებს რეალურად საზღვრები არ აქვს. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ იგი კიდევ უფრო მეტად დააფიქრა მომავალზე და დარწმუნებულია, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მანამდე ეგონა. მისი მიზანია იურისტად მუშაობის გაგრძელება და დოქტორანტურის საფეხურზე სწავლა, რათა სამეცნიერო საქმიანობაშიც აქტიურად ჩაერთოს.
