რა გეგმები აქვს პირველკურსელ მარიამ ნემსაძეს?
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული მარიამ ნემსაძე თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მას უნდა, რომ ფსიქოლოგი გახდეს. რატომ აირჩია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? – ამ კითხვაზე მარიამი გვპასუხობს:
,,თსუ-ში ჩავაბარე ჩემ მიერ არჩეული მიმართულებით სწავლების ხარისხის, ხელსაყრელი ადგილმდებარეობისა და ევროპაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების გამო“.
გარდა იმისა, რომ ხარისხიანი და ფუნდამენტური განათლების მიღებას ელოდება, მარიამისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მეგობრული და სტუდენტზე ორიენტირებული გარემო.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მარიამ ნემსაძე გვიმხელს, რომ დიდი სურვილი აქვს – შეისწავლოს კლინიკური ფსიქოლოგია და გახდეს ფსიქოთერაპევტი. ,,დაინტერესებული ვარ უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით. მსურს, რომ უნივერსიტეტში სწავლისას შევიგრძნო ხარისხიანი სწავლებისა და საინტერესო სტუდენტური ცხოვრების ბალანსი. იმედი მაქვს, რომ, სწავლის პარალელურად, შესაძლებლობა მომეცემა მონაწილეობა მივიღო არაერთ საინტერესო პროექტში“, – ამბობს მარიამი.