ქრისტიანული არაბული ლიტერატურა – საგანი, რომელიც მხოლოდ თსუ-ში ისწავლება
ძნელად მოიძებნება კულტურათაშორისი დიალოგის ისეთი მდიდარი მაგალითი, როგორიც ქრისტიანული არაბული ლიტერატურაა. სწორედ ამ საგანს ასწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი მარიამ ნანობაშვილი ‒ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სპეციალისტთაგანი, ვინც საქართველოს აკადემიურ სივრცეში ამ დარგს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
საგანი – ქრისტიანული არაბული ლიტერატურა, რომელიც დღეს მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება, ჯერ კიდევ 1998 წელს დაინერგა არაბისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე პროფესორ აპოლონ სილაგაძის მხარდაჭერით, ხოლო იდეა საგნის შესახებ პროფესორ მარიამ ნანობაშვილს 90-იან წლებში დისერტაციაზე მუშაობისას გაუჩნდა. იგი პატივისცემით იხსენებს პროფესორ ზაზა ალექსიძეს, რომელმაც 1995 წელს ასპირანტურის გავლა ხელნაწერთა ინსტიტუტში შესთავაზა, აგრეთვე თავის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ფილოლოგიის დოქტორ რუსუდან გვარამიას.
„ქრისტიანული არაბული ლიტერატურის შესწავლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს – კომპლექსურად გაიაზრონ არაბული კულტურა, რომლის შექმნაშიც სხვადასხვა ეპოქაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მუსლიმები, ასევე არაბულენოვანი ქრისტიანები და ებრაელები. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების სრულყოფილად შესაცნობად, არამედ თვით დღევანდელი მოვლენების ობიექტურად შესაფასებლად“, – განმარტავს პროფესორი მარიამ ნანობაშვილი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული არაბული ლიტერატურა მე-8 საუკუნეში აღმოცენდა, ვინაიდან ამ დროისათვის არაბთა სახალიფოს ქრისტიანული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის არაბული ენა გახდა მშობლიური. ეს ლიტერატურა აერთიანებს როგორც ბერძნულიდან, სირიულიდან და კოპტურიდან ნათარგმნ ძეგლებს, ასევე ორიგინალურ თხზულებებს, რომლებიც საეკლესიო მწერლობის ყველა დარგს მოიცავს. მოგვიანებით, მე-16 საუკუნიდან, ამას დაემატა ლათინურიდან, იტალიურიდან და ფრანგულიდან შესრულებული თარგმანები.
მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ არაბულ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობებსაც. მარიამ ნანობაშვილი გვიყვება: „უკვე მე-8 საუკუნიდან ქართველ მწიგნობრებს კეთილი ურთიერთობები ჰქონდათ ქრისტიან არაბებთან (უმთავრესად იერუსალიმის მახლობლად) საბაწმინდის ლავრასა და წმინდა ეკატერინეს მონასტერში, სინაზე. ამას ნათლად მოწმობს არაბულიდან ქართულად ნათარგმნი თხზულებები (ძირითადად ჰაგიოგრაფიის სფეროში), ქართულ ხელნაწერებზე გაკეთებული არაბული პაგინაცია და მინაწერები, ნიკო მარის მიერ აღმოჩენილი არაბული ანბანი ქართული კომენტარებით, რაც აშკარად გვიჩვენებს, რომ ქართველი ბერები არაბულ ენას ეუფლებოდნენ“. პროფესორის თქმით, ამ საკითხებზე ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურზეა გამახვილებული ყურადღება არაბულ-ქართული ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობების კურსის ფარგლებში.
მკვლევართა ინტერესს იწვევს ქრისტიანული არაბული ლიტერატურა, როგორც რელიგიათა და კულტურათა დიალოგის ძალიან საინტერესო მაგალითი. ამასთან დაკავშირებით პროფესორი მარიამ ნანობაშვილი აღნიშნავს: „ქრისტიანი არაბები ხშირ შემთხვევაში გამორჩეული ინტელექტუალები იყვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ერთიანი არაბული სამოქალაქო კულტურის შექმნაში. ისინი თავისუფლად ფლობდნენ ბერძნულ, სირიულ და სხვა ენებს. ქრისტიანული არაბული ლიტერატურა უდავოდ გამორჩეულია დოგმატურ-პოლემიკურ დარგში. ქრისტიანი არაბი ავტორები კარგად იცნობდნენ ისლამს, შეეძლოთ ყურანისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური ლიტერატურის წაკითხვა. ასეთი ცნობილი ავტორი იყო თეოდორე აბუ კურა (მე-8/მე-9 სს.), რომელიც იოანე დამასკელის ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლადაა მიჩნეული.“

სამეცნიერო კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება. როგორც სასწავლო კურსის ავტორი ამბობს, თანამშრომლობენ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებთან, რამდენიმე დოქტორანტი კი ამ დარგში სპეციალიზდება და ამზადებს დისერტაციას.
ქართულ აკადემიურ სივრცეში ქრისტიანული არაბული ლიტერატურის არსებობა მნიშვნელოვანია. 1900-იან წლებში ნიკო მარმა ჩაუყარა საფუძველი არაბულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევას, შემდგომში ივანე ჯავახიშვილმა, კორნელი კეკელიძემ, გიორგი წერეთელმა, ილია აბულაძემ, ელენე მეტრეველმა დიდი ძალისხმევა გაიღეს ამ დარგის განსავითარებლად.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული არაბული ლიტერატურის შესწავლა არის გზა – უკეთ გავეცნოთ არაბულ სამყაროს, არაბულ-ქართულ ურთიერთობებს, რელიგიათა შორის დიალოგსა და სხვა დღემდე აქტუალურ საკითხებს.
