მეცნიერება რეალური ცვლილებებისთვის: მარიამ ნადირაძის კვლევითი გზა თსუ-დან ტეხასის უნივერსიტეტამდე
სოციალური ფსიქოლოგია მხოლოდ თეორიული დისციპლინა არ არის – იგი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია იმის გასაგებად, თუ როგორ იღებენ ახალგაზრდები ცხოვრებისეულად გარდამტეხ გადაწყვეტილებებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი და მკვლევარი, მარიამ ნადირაძე, სწორედ იმ ფსიქოსოციალურ ფაქტორებს შეისწავლის, რომლებიც ქართველი მოსწავლეების საგანმანათლებლო არჩევანის განზრახვებს განსაზღვრავს. მისი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობა მიზნად ისახავს ემპირიული კვლევების დაკავშირებას რეალურ საგანმანათლებლო პოლიტიკასთან.
მარიამ ნადირაძემ სკოლა საქართველოში დაამთავრა, რის შემდეგაც უმაღლესი განათლების მისაღებად არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა. მისთვის თსუ-ში სწავლა ბუნებრივი ნაბიჯი იყო, რადგან უნივერსიტეტს ფსიქოლოგიის მიმართულებით ძლიერი აკადემიური და კვლევითი ტრადიცია აქვს. მან სწორედ თსუ-ში გაიარა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურები და ამჟამად იქვე განაგრძობს მოღვაწეობას სადოქტორო პროგრამაზე. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, პროფესიული ინტერესი ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში ჩამოყალიბდა: „ჩემი პროფესიის არჩევანი განაპირობა მოზარდობის დროინდელმა განსაკუთრებულმა ინტერესმა, თუ როგორ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებებს, როგორ აკეთებს არჩევანსა და მისი ქცევის უკან რა ფსიქოლოგიური და სოციალური პროცესები მიმდინარეობს. ამჟამად, ჩემი სადოქტორო კვლევა (მანამდე – სამაგისტროც) ეხება ფსიქოსოციალურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ქართველი მოსწავლეების საგანმანათლებლო არჩევანის განზრახვებზე, განსაკუთრებით უნივერსიტეტსა და პროფესიულ განათლებას შორის არჩევანის კონტექსტში.“
მარიამ ნადირაძის სტუდენტური და აკადემიური ცხოვრება აქტიურ კვლევით საქმიანობასა და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობას უკავშირდება. მისი სამეცნიერო ინტერესი სოციალური ფსიქოლოგიისა და განათლების გადაკვეთაზე გადის. იგი იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს სოციალური გარემო, სტერეოტიპები, სტიგმა, აღქმული პრესტიჟი და მოსწავლეების მიერ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე.
აკადემიური მოღვაწეობის პარალელურად, იგი პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწევა და IB პროგრამით ფსიქოლოგიას ასწავლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
მკვლევრის საერთაშორისო გამოცდილება ჯერ კიდევ სასკოლო წლებიდან იწყება, როდესაც იგი სასწავლო გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, შონდორფის ლანდჰაიმის საერთაშორისო სკოლაში იმყოფებოდა. ბაკალავრიატის პერიოდში იგი კვლავ დაუკავშირდა საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მოსწავლეების სასწავლო და შემეცნებით პროექტებში იღებდა მონაწილეობას.
აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპი 2026 წელს შედგა, როდესაც თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული მარიამ ნადირაძე აკადემიური ვიზიტით ტეხასის უნივერსიტეტში (დალასი) გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მან გაიარა აკადემიური წერისა და ინტენსიური ინგლისური ენის კურსები, მიიღო საგრანტო განაცხადების მომზადების გამოცდილება და ჩართული იყო მენტორებთან შეხვედრებში. განსაკუთრებით აღნიშნავს პროფესორ კენდრა სიმონსის კვლევით ლაბორატორიასთან თანამშრომლობას, სადაც უშუალოდ მონაწილეობდა კვლევის დაგეგმვისა და ინსტრუმენტების განვითარების პროცესში. „პროგრამა ჩემთვის მხოლოდ სასწავლო ვიზიტი არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, ჩემი კვლევა სხვა აკადემიური პერსპექტივიდან დამენახა, მიმეღო პროფესიული უკუკავშირი და დამეფიქსირებინა ის მიმართულებები, რომელთა განვითარებაც მომავალში მსურს. თუ სკოლის პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ განსხვავებული საგანმანათლებლო და კულტურული გარემოს გაცნობის შესაძლებლობა მომცა, ტეხასის უნივერსიტეტში გატარებულმა პერიოდმა ეს გამოცდილება უკვე კვლევით და პროფესიულ დონეზე განავითარა,“ – აღნიშნავს იგი.
ახალგაზრდა მკვლევრის უახლოესი მიზანი სადოქტორო კვლევის წარმატებით დასრულებაა, თუმცა მისი სამომავლო ხედვები გაცილებით მასშტაბურ ამოცანებს მოიცავს. იგი ხაზს უსვამს პროფესიული განათლების წინაშე არსებული გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას: „დღეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებული გამოწვევები არ აქვთ. მათზე გავლენას ახდენს საზოგადოებაში პროფესიული განათლების მიმართ არსებული შეხედულებები, სოციალური სტატუსისა და პრესტიჟის აღქმა, სტერეოტიპები და ახალგაზრდების წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორი საგანმანათლებლო გზა არის მათთვის „სასურველი“ ან „წარმატებული“. ვფიქრობ, ამ საკითხებზე ზრუნვა მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების დონეზე ვერ მოგვარდება და საჭიროებს როგორც სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევას, ისე შესაბამის საგანმანათლებლო პოლიტიკას“, – გვითხრა მან.
მარიამ ნადირაძეს სურს, სამომავლოდ სახელმწიფო დონეზე, განათლების პოლიტიკის შემქმნელებთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების დაგეგმვაში, რათა გადაწყვეტილებები ემპირიულ კვლევებს დაეყრდნოს. გარდა ამისა, იგი ხაზს უსვამს საერთაშორისო პროგრამების გაფართოებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ხელშემწყობი აკადემიური გარემოს შექმნის აუცილებლობას: „ვისურვებდი, რომ სტუდენტებს, განსაკუთრებით კი დოქტორანტებს, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. როდესაც გაქვს შესაძლებლობა, იმუშაო განსხვავებული გამოცდილებისა და ხედვების მქონე ადამიანებთან, მიიღო მათი უკუკავშირი და საკუთარ იდეებს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში გამოსცადო, ეს მნიშვნელოვნად ცვლის შენს წარმოდგენას როგორც კვლევაზე, ისე საკუთარ პროფესიულ შესაძლებლობებზე. მინდა, ჩემი საქმიანობა მხოლოდ აკადემიური ხარისხის მიღებით არ დასრულდეს და მიღებული ცოდნა იმ სისტემის გაუმჯობესებას მოხმარდეს, რომელშიც დღეს ახალგაზრდები საკუთარი მომავლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ“, – ამბობს მარიამ ნადირაძე.
