მარიამ მუნჯიშვილი ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ მუნჯიშვილი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი) ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა. მარიამი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს და ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად მას ბევრი შრომა დასჭირდა, რასაც არ ნანობს, რადგან საბოლოოდ მისთვის სასურველი შედეგი მიიღო. იგი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“ ამ თემაზე ვრცლად ესაუბრა:
– გაგვიზიარე შენი გამოცდილება – როგორ შეძელი გაცვლითი პროგრამით სარგებლობა? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კონკურსის გავლა და როგორ მიაღწიე შედეგს?
– უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე დავინტერესდი გაცვლითი პროგრამით, რაშიც უდიდესი წვლილი ჩემს ლექტორს, ეკატერინე ფირცხალავს მიუძღვის. მან პირველივე კურსის პირველივე კვირას ახსენა, რომ არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო ,,ერასმუს“-ის გაცვლითი პროგრამა, რომელიც ყველას ერთხელ მაინც უნდა გამოეცადა. როგორც კი მომეცა უფლება, რომ მონაწილეობა მიმეღო გაცვლით პროგრამაში, მაშინვე დავიწყე განცხადებების შეტანა. სამი წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ, მეოთხე ჯერზე, შევძელი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ ჩემს მიზნებს ყოველთვის უნდა გავყვე და არ დავნებდე. დღევანდელი გადმოსახედიდან სირთულეს რეალურად არც ერთი ეტაპი არ წარმოადგენს – არც ხელშეკრულების მომზადება, არც ინტერვიუ ინგლისურ ენაზე, უბრალოდ, ემოციური მზაობა უნდა გქონდეს და ნაკლებად უნდა ინერვიულო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამჯერ გამომისტუმრეს უარით და ამის მიზეზი, ვთვლი, რომ ჩემი ნერვიულობა იყო გასაუბრებაზე.
– რა გამოცდილება შეგძინა საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლამ?
– საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლა ტრანსფორმაციული გამოცდილება იყო, რომელიც აკადემიურ სწავლას სცილდებოდა. მე არა მხოლოდ ახალი ცოდნა მივიღე ჩემს სფეროში, არამედ ღირებული ცხოვრებისეული უნარებიც გამოვიმუშავე. განსხვავებულ კულტურულ გარემოში ცხოვრებამ და სწავლამ გამომიყვანა ჩემი კომფორტის ზონიდან და გამხადა უფრო დამოუკიდებელი. გარემოსთან ადაპტაციის პირობებში განმივითარდა კულტურათშორისი კომუნიკაციის უნარები და ვისწავლე სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობა/თანამშრომლობა.ამ გამოცდილებამ უფრო ღია და მოქნილი გამხადა. ასევე გამიძლიერა თავდაჯერებულობა, რადგან ვისწავლე უცნობ სიტუაციებში ნავიგაცია და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა. საერთო ჯამში, საზღვარგარეთ გატარებულმა სემესტრმა გამამდიდრა როგორც პიროვნულად, ასევე აკადემიურად და მჯერა, რომ შეძენილი უნარები გამომადგება ჩემს მომავალ სწავლასა და კარიერაში.
– რა მოგცა თსუ–ში სწავლამ?
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა ძლიერი აკადემიური საფუძველი, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ კვლევით უნარებს. უნივერსიტეტმა გააღრმავა ჩემი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამაცნო მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური პერსპექტივები და დამეხმარა გამოცდილების მიღებაში სემინარებისა და დისკუსიების მეშვეობით. თსუ-მ ასევე მომცა შესაძლებლობა – ჩავრთულიყავი სამეცნიერო საქმიანობაში და გამეფართოვებინა ჩემი პერსპექტივები საერთაშორისო რესურსებზე წვდომის მხრივ. საერთო ჯამში, ამან ჩამოაყალიბა ჩემი პროფესიული იდენტობა და შემძინა თავდაჯერებულობა, რათა გავაგრძელო განვითარება ამ სფეროში.
– რა პრობლემას გამოკვეთდი, რისი განხორციელებაც უნივერსიტეტის სივრცეში გინდა?
– უნივერსიტეტის სივრცეში ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც მინდა შევეხო, არის პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობების შეზღუდული ხელმისაწვდომობა თეორიულ სწავლებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ლექციები ძლიერ აკადემიურ საფუძველს იძლევა, სტუდენტებს ხშირად არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი ცოდნა სემინარების, შემთხვევების ანალიზის ან რეალური პრაქტიკის საშუალებით. ამ ასპექტის გაძლიერება არა მხოლოდ გააუმჯობესებს სტუდენტების პროფესიულ უნარებს, არამედ სწავლას უფრო მიმზიდველს გახდის და პირდაპირ კავშირში იქნება მათ მომავალ კარიერასთან.
