მარიამ მახათაძე თსუ-სგან საინტერესო პროექტების შეთავაზებას  ელოდება

თარიღი: 2023-09-24 15:07:08

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული მარიამ მახათაძე თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და სწავლას საერთაშორისო ურთიერთობების განხრით გააგრძელებს.

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე მარიამი ასეთ პასუხს გვცემს: ,,ვფიქრობ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაშიც. მჯერა, აქ ჩაბარება იყო ის უმნიშვნელოვანესი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ჩემს სამომავლო განვითარებასა და წინსვლაში. ვიმედოვნებ, თსუ-ში შევძლებ, უპირველეს ყოვლისა, საფუძვლიანი და ხარისხიანი განათლების მიღებას და, ამასთანავე, ბევრ ახალ, საინტერესო ადამიანთან ურთიერთობას“.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მარიამ მახათაძე თავის სურვილებს გვიზიარებს და ამბობს: ,,პირველ რიგში, ვაპირებ უფრო მეტად გავიღრმავო ცოდნა ჩემს სფეროსთან დაკავშირებით და, ცხადია, ვფიქრობ სწავლის უცხოეთში გაგრძელებაზეც, რის საშუალებასაც, საბედნიეროდ, გვაძლევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიმაჩნია, რომ სასწავლო გარემოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორი დადებითი გარემოა.

ვიმედოვნებ, რომ შევძლებ კარგი ურთიერთობის დამყარებას როგორც თანაკურსელებთან, ისე ყველა იმ ადამიანთან, რომელიც იზრუნებს ჩვენს განათლებაზე მომავალი 4 წლის განმავლობაში“.

Facebook
Twitter
LinkedIn