თსუ-ის დოქტორანტი მარიამ ქავთარაძე აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს მფლობელია
2 ნოემბერს, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტ მარიამ ქავთარაძეს გადაეცა. კონკურსზე წარდგენილი იყო ნაშრომი „მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობის დაბალანსება წანაცვლებით დინებებში“. სტატია, რომლის თანაავტორები მარიამ ქავთარაძესთან ერთად გიორგი მამაცაშვილი, გიორგი ჩაგელიშვილი და ელენე უჩავა არიან, გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში Physical Review E (Vol. 114, Article No. 035214, 2026).
როგორც გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში მარიამ ქავთარაძემ განაცხადა, საკონკურსოდ წარდგენილი კვლევა მზის ქარის ტიპის არაერთგვაროვან, კერძოდ, წანაცვლებით დინებებში მაგნიტოჰიდროდინამიკური (მჰდ) ტურბულენტობის დინამიკას შეისწავლის. ახალგაზრდა მეცნიერის განმარტებით, დინების არაერთგვაროვნება ბუნებაში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა და როგორც დედამიწაზე, ისე ასტროფიზიკურ ობიექტებსა და მზის ქარში შეინიშნება. საკონკურსო ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურთიერთსაწინააღმდეგოდ გავრცელებადი ალვენის ტალღების ენერგიების გათანაბრების პროცესს.
„ეს პროცესი მნიშვნელოვანია სხვადასხვა მასშტაბს შორის ენერგიისა და იმპულსის გადატანის, აგრეთვე პლაზმის გაცხელებისა და ნაწილაკების აჩქარების მექანიზმების ასახსნელად. აღნიშნული პროცესების შესწავლას არსებითი მნიშვნელობა აქვს მზის ქარში, სადაც წანაცვლებითი დინება დინამიური აქტივობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს“, — განმარტავს მარიამ ქავთარაძე.
კვლევის ფარგლებში ნაჩვენები იქნა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოდ გავრცელებადი ალვენის ტალღების ენერგიების გათანაბრება წრფივი ბუნებისაა და ფუნდამენტურად განსხვავდება დაბალანსების იმ არაწრფივი მექანიზმებისგან, რომლებიც სტანდარტულ მჰდ ტურბულენტობაში, წანაცვლებითი დინების არარსებობისას, დომინირებს. მიღებული შედეგები ხელს უწყობს მზის ქარში მიმდინარე ტურბულენტური პროცესების უკეთ გააზრებას. ეს პროცესები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოსმოსური ამინდის ფორმირებაში.
მარიამ ქავთარაძე ამ სამეცნიერო მიმართულებით საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობს. კვლევით საქმიანობაში იგი ობსერვატორიაში მისვლისთანავე ჩაერთო თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, აკადემიკოს გიორგი ჩაგელიშვილის ხელმძღვანელობით. ამჟამად ობსერვატორიაში მკვლევრის სტატუსით აგრძელებს მუშაობას.
საკონკურსო ნაშრომი გიორგი მამაცაშვილთან, გიორგი ჩაგელიშვილთან და ელენე უჩავასთან თანამშრომლობით შესრულდა. კოლეგების თანხმობითა და რეკომენდაციით, იგი ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს კონკურსზე წარადგინეს. სტატია მარიამ ქავთარაძის სადოქტორო კვლევის თემატიკას უკავშირდება. ამ თემაზე მუშაობას იგი თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრაზე, პროფესორ ნანა შათაშვილისა და აკადემიკოს გიორგი ჩაგელიშვილის ხელმძღვანელობით, აგრძელებს.
აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსზე ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული, მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევები იყო წარდგენილი. მარიამ ქავთარაძისთვის ამ კონკურსში გამარჯვება პროფესიული აღიარება და სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვანი სტიმულია.
„ჯილდოს მიღება დიდი პატივი და აქამდე ჩემ მიერ გაწეული სამეცნიერო საქმიანობის აღიარებაა. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი სტიმულია ჩატარებული კვლევების გასაგრძელებლად და გასაღრმავებლად“, — ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი.
სამომავლოდ მარიამ ქავთარაძე მჰდ ტურბულენტობის კვლევის გაგრძელებას გეგმავს. ამ მიმართულებას საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ხანგრძლივი კვლევითი ისტორია აქვს და იგი ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო მიმართულებას წარმოადგენს. მარიამ ქავთარაძის შემდგომი კვლევის მიზანია წანაცვლებით დინებებში მჰდ ტურბულენტობის შესწავლისას დამატებითი ფიზიკური ფაქტორების გათვალისწინება. კერძოდ, იგი გეგმავს კუმშვადობის, თერმოდინამიკური და გეომეტრიული ეფექტების შესწავლას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზის ქარის დინამიკაში.
„ეს საშუალებას მოგვცემს, კვლევის მოდელი მეტად მივუახლოოთ მზის ქარის რეალურ პირობებს და უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებენ აღნიშნული დამატებითი ფიზიკური ფაქტორები მჰდ ტურბულენტობის დაბალანსებაზე“, — აღნიშნავს მარიამ ქავთარაძე.
სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, ახალგაზრდა მკვლევარი იმედოვნებს, რომ სასწავლო პროცესშიც გააგრძელებს მონაწილეობას. მისი გეგმები უკავშირდება თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამას „ფუნდამენტური ფიზიკა“, კერძოდ, ასტროფიზიკის მიმართულებას, სადაც პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებს.
მარიამ ქავთარაძე, მიღებული ჯილდოს გარდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებმაც მეცნიერებაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში შეუწყვეს ხელი.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ასეთ პრესტიჟულ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელებს, აკადემიკოს გიორგი ჩაგელიშვილსა და პროფესორ ნანა შათაშვილს, გაწეული მხარდაჭერისა და ცოდნის გაზიარებისთვის, რამაც საშუალება მომცა, პირველი ნაბიჯები გადამედგა მეცნიერებაში. ასევე მადლობას ვუხდი ჩემს თანაავტორებს საინტერესო სამეცნიერო დისკუსიებისა და დახმარებისთვის“, — ამბობს მარიამ ქავთარაძე.
