მარიამ კალატოზს სირთულეები არ აშინებს

თარიღი: 2025-11-21 17:53:39

მარიამ კალატოზს ბევრი გატაცება და ოცნება აქვს, რომელთა უმეტესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ასოცირდება. იგი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსელია. ამბობს, რომ მისი არჩევანი უნივერსიტეტის მაღალმა რეიტინგმა განსაზღვრა: „მიხარია, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა. გარდა იმისა, რომ აქ მართლაც სწავლების  მაღალი  დონეა, გარკვეულწილად, მოქმედებს ისიც, რომ   ,,ცოდნის ტაძარი” ძალიან საინტერესო წარსულს ინახავს. მეამაყება, რომ ამ ყოველივეს ნაწილი ვარ. უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა და ასევე შესაძლებლობა – საინტერესო სტუდენტური ცხოვრება მქონდეს, გავიცნო  ბევრი საინტერესო პიროვნება და მათგან მივიღო ცოდნა და გამოცდილება“.

მარიამის აზრით,  ძირითადი პრობლემა მისთვის და თანაკურსელებისთვისაც არის ტექნიკური ხასიათისა, რომლებიც განსაკუთრებით თავს იჩენს  საგნების არჩევის დროს. „ვისურვებდი ნაკლებ პრობლემასა და სტრესს, რათა უფრო ნაყოფიერი სტუდენტური წლები გვქონდეს“, – ამბობს მარიამი.

საუკეთესო ლექტორების ვრცელ სიაში მარიამისთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნესტან სულავას, ინგა სანიკიძეს, ხვთისო მამისიმედიშვილს, ლევან ბებურიშვილს, ელგუჯა ხინთიბიძეს, რომელთა დამსახურებითაც  სწავლისადმი ინტერესი დღითიდღე უღვივდება. გარდა ლექციებისა, ასევე სურს, აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში. „სტუდენტური ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა და, ამავე დროს, დიდი გამოწვევაა, თუმცა ეს წლები მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩემს ცნობიერებაში“, – ამბობს იგი.

მარიამი გატაცებულია პოეზიით. ის თავადაც წერს, თუმცა სამომავლო გეგმები პედაგოგიურ საქმიანობას უკავშირდება. „მსურს,  ღირსეული პედაგოგი ვიყო, რათა მომავალი თაობის ახალგაზრდობას,  ჩემი პედაგოგების მსგავსად, ჩავუნერგო ჰუმანური იდეები და მივცე საფუძვლიანი განათლება.  ჩემი პროფესიის არჩევა სწორედ მათი  დამსახურებაა, რისთვისაც მადლიერი ვარ“, – ამბობს მარიამი.

სწავლის პარალელურად მარიამი უკვე მუშაობს სკოლაში,  რაც მისთვის  დიდი გამოცდილებაა  და  ფიქრობს, რომ ეს  დაეხმარება მიზნების რეალიზებაში.

,,სამომავლოდ, ვფიქრობ, უფრო აქტიურად ჩავერთო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა კონფერენციაში, სწავლა გავაგრძელო მაგისტრატურაში, შემდეგ კი დოქტურანტურაში,  რათა საფუძვლიანად დავეუფლო ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. ამ ყველაფრის მიღწევა ადვილი არ არის, მაგრამ  ფილოლოგებს არ გვაშინებს ,,სირთულეები’’,  –  აღნიშნავს მარიამი.

Facebook
Twitter
LinkedIn