რა როლი შეასრულა მარიამ კალანდიას პროფესიულ ზრდაში თსუ-მ და ლიმერიკის უნივერსიტეტმა
მარიამ კალანდია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ოქროსმედალოსანმა და კემბრიჯის C1 დონის სერტიფიკატის მფლობელმა სტუდენტმა, რომელიც თსუ–ში მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სტიპენდიით სწავლობს, საკუთარი ძალები ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში გამოსცადა.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მაღალ კონკურენციასა და მრავალეტაპიან შერჩევას უკავშირდებოდა, თუმცა ყველაზე დიდი ბარიერი მარიამისთვის შინაგანი ეჭვების დაძლევა აღმოჩნდა: „მიუხედავად იმისა, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა დაკავშირებულია მაღალ კონკურენციასა და მრავალეტაპიან შერჩევასთან, ვფიქრობ, მთავარი სირთულე ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება იყო… უზომოდ მიჭირდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისგან შორს ცხოვრება, იმ უნივერსიტეტის დატოვება, რომელმაც ულევი დადებითი ემოცია და წარუშლელი მოგონებები შემძინა. არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია, როდესაც ლიმერიკის უნივერსიტეტიდან მოწვევა მომივიდა… ვიყავი უზომოდ ბედნიერი და დარწმუნებული იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, – იხსენებს იგი.
ლიმერიკის უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი მარიამისთვის არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ დიდ ცხოვრებისეულ ტრანსფორმაციად იქცა. ახალ კულტურულ გარემოსთან ადაპტაციამ, სტუდენტურ კლუბებსა და სპორტულ თუ შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობამ მას თავდაჯერებულობა შესძინა:
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უცხოეთში სწავლამ მომცა, იყო სრულიად განსხვავებულ, ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტაციისა და მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავების უნარი. ყოველივე ამან ჩამომიყალიბა ემოციური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ განსხვავებულ ვითარებაში საღი აზროვნების შენარჩუნებასა და სწორად მოქმედებაში.“
მარიამი ხაზს უსვამს განსხვავებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლიმერიკის უნივერსიტეტის სწავლების სტილს შორის. თუ თსუ-ში აქცენტი ყოველკვირეულ სემინარებსა და ხშირ დავალებებზე კეთდება, ირლანდიურ მოდელში პრიორიტეტი დამოუკიდებელ სწავლებასა და შედარებით ნაკლები რაოდენობის, თუმცა მოცულობითი და სიღრმისეული კვლევითი დავალებების შესრულებას ენიჭება: „მიუხედავად იმისა, რომ თსუ-სა და ლიმერიკის უნივერსიტეტის სწავლების მეთოდები განსხვავდება ერთმანეთისგან, ვფიქრობ, ორივემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი უნარების გაძლიერებაში. სწავლების განსხვავებულმა მეთოდებმა მომცა ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენისა და მათი გაფართოების საშუალება“, – ამბობს მარიამი. მისივე თქმით, სწორედ თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების ორიგინალურმა მეთოდებმა და საინტერესო ლექციებმა ჩამოუყალიბა მას ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, რაც საფუძვლად დაედო ფსიქოლოგიისადმი დიდ სიყვარულს.
ორი განსხვავებული აკადემიური კულტურის გაცნობამ მარიამს კიდევ უფრო მკაფიოდ დაანახა საკუთარი პროფესიული მისია. იგი გეგმავს, მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ადამიანების დახმარებას მოახმაროს: „ვფიქრობ, ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი ფსიქოლოგიური პრობლემების ზუსტად დანახვა, აღქმა, ანალიზი და დახმარებაა. მეტი განსხვავებული აზროვნების მქონე ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას სწორედ სხვადასხვა გარემოში, საზოგადოებებსა და სხვა ქვეყნებში გარკვეული დროის გატარება განაპირობებს“, – ამბობს იგი.
