მარიამ კახიანის პროფესიული ინტერესებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის ხუთი თვე
თსუ–ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ კახიანმა გაზაფხულის სემესტრი ჩეხეთის რესპუბლიკაში, პალაცკის უნივერსიტეტში გაატარა. საერთაშორისო აკადემიურმა გარემომ მას არა მხოლოდ განსხვავებული სწავლების მეთოდები და პრაქტიკული გამოცდილება შესძინა, არამედ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გააზრებისა და პროფესიული ინტერესების გამოკვეთის შესაძლებლობაც მისცა.
საზღვარგარეთ სწავლა ბევრი სტუდენტისთვის ახალი შესაძლებლობებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მარიამ კახიანისთვისაც ჩეხეთში, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში (Palacký University Olomouc) გატარებული ხუთი თვე სწორედ ასეთი გამოცდილება აღმოჩნდა – პერიოდი, რომელმაც ერთმანეთს დაუკავშირა აკადემიური განვითარება, განსხვავებული კულტურების გაცნობა და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მისთვის ჩეხეთისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სასწავლო პროცესის შედარება. მარიამის შეფასებით, თსუ-ში მიღებულმა ცოდნამ ფსიქოლოგიის სფეროს საფუძვლიანად გაცნობისა და საკუთარი ინტერესების აღმოჩენის შესაძლებლობა მისცა, პალაცკის უნივერსიტეტში კი სასწავლო პროცესში მეტი ყურადღება ეთმობოდა პრაქტიკულ მუშაობასა და მასში სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას.
მისი თქმით, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკაში გაეთამაშებინათ თერაპიის პროცესი, გაცნობოდნენ კომუნიკაციის ალტერნატიული და დამატებითი საშუალებების (AAC) სხვადასხვა ფორმასა და მოწყობილობას და თავადაც გამოეყენებინათ ისინი. ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებისა და მისი რეალურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობა მისცა: „ვფიქრობ, ამ მხრივ, ორივე უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ ერთმანეთი კარგად შეავსო. თსუ-ში მიღებულმა თეორიულმა საფუძველმა და პალაცკის უნივერსიტეტში მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ ჩემს განათლებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, – აღნიშნავს სტუდენტი.
მარიამისთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. საზღვარგარეთ სწავლა დიდი ხნის ოცნება იყო, თუმცა გარკვეულ მომენტამდე ეს მიზანი საკმაოდ შორეულად და რთულად მისაღწევად ეჩვენებოდა. ჩეხეთში გატარებულმა სემესტრმა კი დაარწმუნა, რომ საკუთარ შესაძლებლობებს უფრო მეტად უნდა ენდოს და მიზნების მისაღწევად გაბედული ნაბიჯები გადადგას: „ჩეხეთში სწავლამ არა მხოლოდ უფრო თავდაჯერებული გამხადა, არამედ უფრო მკაფიოდ დამანახა ჩემი აკადემიური ინტერესებიც. ამ გამოცდილებას ჩემი წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მივიჩნევ, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა დავიწყე უფრო მეტად საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და მომავალზე ფიქრი. ვთვლი, რომ ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ჯერ კიდევ წინ არის და ეს გამოცდილება სწორედ ამ გზის დასაწყისია“, – ამბობს მარიამი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იგი ფსიქოლოგიის მიმართულებით აკადემიური და პროფესიული განვითარების გაგრძელებას აპირებს. ამ ეტაპზე მისთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს უკეთ გაცნობა, რათა საკუთარი ინტერესები და მომავალი პროფესიული გზა უფრო მკაფიოდ განსაზღვროს. „მინდა, მომავალში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ისეთ საქმიანობას დავუკავშირო, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებასა და განათლებაზე რეალურ გავლენას მოახდენს“, – ამბობს მარიამი.
მისი ხუთთვიანი გამოცდილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა სტუდენტისთვის მხოლოდ სხვა უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც აკადემიურ ცოდნას პიროვნული გამოცდილება ემატება, განსხვავებული კულტურების გაცნობა ახალ ხედვებს აყალიბებს, ხოლო ერთი შეხედვით შორეული მიზნები რეალურ შესაძლებლობებად იქცევა.
