მარიამ კაცაძე გენტის უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდს „ოქროს საგზურს“ ადარებს

თარიღი: 2026-02-17 15:41:11

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა, მარიამ კაცაძემ, ერთი სემესტრი ბელგიაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გენტის უნივერსიტეტში გაატარა.

როგორც თავად ამბობს, საზღვარგარეთ სწავლა სკოლის პერიოდიდანვე დაისახა მიზნად და აბიტურიენტობისას თსუ-ს არჩევაც სწორედ გაცვლითი პროგრამების სიმრავლით ცნობილი უნივერსიტეტის სახელმა გადააწყვეტინა. „როდესაც ადამიანისთვის კონკრეტული მიზანი არსებობს, ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და საინტერესო ხდება. ძალიან მინდოდა მესწავლა ევროპულ უნივერსიტეტში და წლების განმავლობაში ვაკეთებდი ყველაფერს, რაც საჭირო იყო ამისთვის. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ აპლიკაციების გაგზავნა სასიამოვნო პროცესია, თუმცა განუწყვეტელი შრომითა და მოთმინებით ყოველთვის მოდის შენთან ის, რასაც იმსახურებ“, – გვითხრა მარიამ კაცაძემ.

გენტის უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდს იგი „ოქროს საგზურს“ ადარებს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტზე ორიენტირებულმა გარემომ დატოვა. „ლექტორები გეპყრობიან ისე, როგორც კოლეგას, პატივს სცემენ და გულისყურით უსმენენ შენს აზრს. მათთვის არ არსებობს ორმაგი სტანდარტი ბელგიელ და საერთაშორისო სტუდენტებს შორის – ყველასგან ერთნაირად ითხოვენ ცოდნას და ერთნაირად გაფასებენ“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

,,ბელგიაში ყოველი დილა იწყებოდა ბედნიერად, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება ჩემს ხელში იყო და დღე გრძელდებოდა ძალიან პროდუქტიულად. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ 4-5 თვე ცოტაა, მაგრამ არა! ალბათ, სწორედ ის მასწავლა საზღვარგარეთ ცხოვრებამ, რომ ყოველი წამი მნიშვნელოვანია. ის თავდაჯერებულობა და თავისუფლება, რაც ამ გამოცდილებამ მაგრძნობინა, არასდროს დამავიწყდება. ძალიან განსხვავდება ახლანდელი მარიამი იმ მარიამისგან, რომელიც თბილისში დავტოვე: გაზრდილია, აღარაფრის ეშინია, კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა მოგზაურობა და განსხვავებული კულტურის მქონე ხალხის გაცნობა, შეძლო ახალი მიზნების დასახვა და მათკენ სწრაფვა. დავრწმუნდი, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და წინ კიდევ ბევრი მწვერვალი მაქვს დასაპყრობი”, – ამბობს მარიამი.

მისი შეფასებით, სწავლების მეთოდები ბელგიაში მკვეთრად განსხვავდება ქართული რეალობისგან. როგორც სტუდენტი ამბობს, გენტის უნივერსიტეტში არ არის გამოყოფილი დრო სასემინარო მეცადინეობებისთვის და შუალედური გამოცდებისთვის – ეს სტუდენტს აიძულებს, დამოუკიდებლად გამოიმუშაოს დროის მართვისა და დიდი მოცულობის მასალასთან გამკლავების უნარები. თუმცა, თეორიულთან ერთად, დიდია პრაქტიკული კომპონენტიც: „მონაწილეობას ვიღებდი საინტერესო კვლევებში, სადაც უშუალოდ ვეცნობოდი სხვადასხვა მეთოდს. ჩვენდა გასაკვირად, კვლევებში მონაწილეობა ანაზღაურებადი იყო, რაც ნამდვილად წამახალისებელია“.

აკადემიური ცხოვრების მიღმა მარიამისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სხვადასხვა ეროვნების ხალხთან დამეგობრობის შესაძლებლობა. საერთო საცხოვრებელში გაცნობილი უცხოელი სტუდენტები მისთვის ოჯახის წევრებად იქცნენ, რომლებმაც საქართველო მარიამის გადმოცემით შეიყვარეს.

ბელგიური გამოცდილების ფონზე მარიამი ხაზს უსვამს მშობლიური უნივერსიტეტის როლს მის განვითარებაში. „თსუ თავის სტუდენტებს აძლევს ძალიან მდიდარ და მრავალფეროვან თეორიულ ცოდნას, რაც ძალიან გამომადგა გენტის უნივერსიტეტში. ყოველ ლექციაზე მრავლად მესმოდა ისეთი საკითხები, რაც თსუ-ში უკვე ნასწავლი მქონდა. აქ მიღებული ცოდნა სტუდენტისთვის მყარი საძირკველი და სიმშვიდის გარანტიაა“, – აცხადებს მარიამ კაცაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn