თსუ-ს კურსდამთავრებულის ამერიკული გამოცდილება
თარიღი: 2025-06-30 14:27:39
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა მარიამ ჟორჟოლიანმა სწავლა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. მან თსუ 2022 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამერიკაში სწავლისა და საქმიანობის პერიოდში დაგროვებულ გამოცდილებაზე მარიამ ჟორჟოლიანი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“ ესაუბრა.
- რა მოგცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლამ?
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამომიმუშავა შრომისუნარიანობა და შემიქმნა მყარი საფუძველი, რომლის გარეშეც ამერიკაში სწავლის გაგრძელება და წარმატების მიღწევა გამიჭირდებოდა. სტუდენტობის პერიოდში გავიარე ჰარვარდის სამართლის სკოლისა და Berkman Klein Center-ის სპეციალური კურსი საავტორო სამართალში — CopyrightX, რომელიც თსუ-სთან თანამშრომლობით ტარდებოდა და რომელმაც პირველად დამაინტერესა აშშ-ის სამართლებრივი სისტემით. სწავლის პერიოდში ვსარგებლობდი როგორც შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით, ისე საქართველოს სახელმწიფო გრანტით, რაც საშუალებას მაძლევდა სრულად მიმეძღვნა თავი აკადემიური განვითარებისთვის.
- მოყევი შენი წარმატების ისტორია და გაგვიზიარე შთაბეჭდილებები საზღვარგარეთ სწავლის პროცესზე...
- თსუ-ს დასრულების შემდეგ ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე და სწავლა გავაგრძელე ამერიკის შეერთებულ შტატებში. წარმატების ისტორია საკმაოდ რთული და ემოციებით დატვირთული იყო. პროცესი დაახლოებით ერთი წლით ადრე დავიწყე. აპლიკაციის პროცესში მთავარი იყო – მეჩვენებინა არა მხოლოდ ჩემი აკადემიური მოსწრება, არამედ ჩემი მიზნები, პიროვნული თვისებები და ის, თუ რატომ ვიყავი ამ კონკრეტული პროგრამისთვის შესაფერისი კანდიდატი. საბედნიეროდ, ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტმა დაფინანსებით მიმიღო და მაგისტრატურაზე სწავლა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. 23 წლის ასაკში ამერიკაში ჩამოვედი და შესაძლებლობა მომეცა – გავცნობოდი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას და მიმეღო უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, მეცხოვრა განსხვავებულ კულტურულ გარემოში. სწავლის პროცესმა დამარწმუნა, რომ სწორი გზა ავირჩიე – ამერიკული განათლება გამოირჩევა პრაქტიკული მიდგომებით, თანამედროვე სამართლებრივი პრობლემების კრიტიკული ანალიზით და პროფესიული ეთიკის მაღალ დონეზე სწავლებით. პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული უნივერსიტეტის ეთიკის, უსაფრთხოებისა და მრავალფეროვნების ტრენინგებში. სწავლება მაქსიმალურად იყო დაფუძნებული პრაქტიკულ ქეისებზე, დებატებზე, პრეზენტაციებსა და გუნდურ პროექტებზე. ლექტორები არიან არა მხოლოდ ინფორმაციის მომწოდებლები, არამედ დისკუსიის მოდერატორები. უნივერსიტეტში თავს იყრიდნენ იურისტები მსოფლიოს ყველა წერტილიდან, რამაც საშუალება მომცა გამეზიარებინა მათი შეხედულებები, კულტურა, გამეცნო ქვეყნის ისტორია და ტრადიციები. ამერიკული კულტურის განუყოფელი ნაწილია პროფესიული კავშირების დამყარება, შესაბამისად, უნივერსიტეტი მუდმივად აწყობდა შეხვედრებს კურსდამთავრებულებთან და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან. უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იყო თავგადასავალი, რომელიც, მიუხედავად სირთულისა, სასიამოვნო მოგონებად გამყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
- რა რეკომენდაციას გაუწევ ქართველ სტუდენტებს შენი გამოცდილებიდან გამომდინარე?
- სტუდენტებს, რომლებსაც ამერიკაში სურთ სწავლის გაგრძელება, ვურჩევდი, რომ მზადება დაიწყონ რაც შეიძლება ადრე – ეს არ არის მხოლოდ გამოცდები, არამედ საკუთარი პროფილის ,,აშენების” პროცესია. აუცილებლად გაიაზრეთ, რომ მოგიწევთ მარტო გაუმკლავდეთ სირთულეებს, ოჯახისა და მეგობრებისგან ძალიან შორს. სამოტივაციო წერილში უამბეთ მათ თქვენი ისტორია. იყავით გულწრფელები, აჩვენეთ თქვენი მოტივაცია და დაასაბუთეთ, რატომ იმსახურებთ ამ ადგილს. მაქსიმალურად გამოიყენეთ დრო სწავლისთვის და განვითარებისთვის, ვინაიდან ამაზე დიდს ცხოვრებაში საკუთარ თავს ვერაფერს გაუკეთებთ.
- სად მუშაობ და რა ახალ გამოცდილებას იღებ?
- უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ შესაძლებლობა მომეცა – მიმეღო უდიდესი პრაქტიკური გამოცდილება ნიუ-იორკში, საიმიგრაციო იურიდიულ კომპანიაში – Gendelberg Law PLLC – Law Clerk პოზიციაზე. მთელი ამ დროის განმავლობაში ყოველდღიურად ვიყენებდი იმ ცოდნას, რომელიც უნივერსიტეტში მივიღე – ვმუშაობდი რეალურ საქმეებზე, ვეხმარებოდი ადვოკატებს კლიენტებთან კომუნიკაციასა და სასამართლო პროცესისთვის მომზადებაში. უდიდესი პასუხისმგებლობაა მართო საიმიგრაციო საქმე ამერიკაში. ფაქტობრივად, ეს არის ის, რითაც იცვლება კლიენტის ცხოვრება – იზიარებ მის ემოციას. ჩემი საქმე პირდაპირ კავშირშია ადამიანების ბედთან. ვხედავ, თუ რა გზას გადიან ემიგრანტები და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ ჩემი წვლილი შევიტანო მათ საქმეში. ეს გამოცდილება მაძლიერებს როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.
- აპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და რა სამომავლო გეგმები გაქვს?
- ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი მიზანია ნიუ-იორკში მაქსიმალური პროფესიული გამოცდილების მიღება და სრულფასოვან, კვალიფიციურ იურისტად ჩამოყალიბება. მჯერა, რომ მომავალში შევძლებ ამ გამოცდილების გამოყენებას საქართველოს სასიკეთოდ. განსაკუთრებით მსურს – დავეხმარო ახალი თაობის იურისტებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში, რასთან დაკავშირებითაც მაქვს რეალური გეგმები, რის განხორციელებასაც დრო სჭირდება. საბოლოოდ, მინდა, ჩემი ამერიკული გამოცდილება ჩემი ქვეყნის და ხალხის განვითარებას მოვახმარო.
Facebook
Twitter
LinkedIn
ნინო კაკულია
ნინო კაკულია - თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი. ამ პოზიციაზე მუშაობს 2006 წლიდან. არის ტელე-ჟურნალისტი. 1995-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში გადაცემა ,,ალიონის“ ჟურნალისტად და უძღვებოდა პოლიტიკურ მიმოხილვებს, პრესის მიმოხილვას. ავტორია არაერთი პუბლიცისტური ჩანახატისა. არის 27-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი. არის საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრი. არის ა/ო საქართველოს ჟურნალისტთა ახალი თაობა - ,,ალიონი 21“-ის დამფუძნებელი.
ყველა სტატია
