მარიამ ჯინჭარაძემ წიგნის ახალი თავი ,,გადაფურცლა“

თარიღი: 2026-03-03 15:15:34

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ჯინჭარაძე სწორედ იმ სტუდენტთა შორისაა, რომელმაც საკუთარი აკადემიური მონდომებითა და პიროვნული სიმტკიცით საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულად წარადგინა უნივერსიტეტი. მაღალი აკადემიური მოსწრება, გამორჩეული სამოტივაციო წერილი და წარმატებით გავლილი ინტერვიუ გახდა საფუძველი იმისა, რომ მან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მოიპოვა და სწავლა პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში გააგრძელა.

უცხო ქვეყანაში სწავლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესი არამშობლიურ ენაზე მიმდინარეობს, სერიოზულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მარიამი ამ გამოცდილებას გარდამტეხ ეტაპად აფასებს: „ისწავლო უცხო ქვეყანაში არამშობლიურ ენაზე საკმაოდ დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს მაშინ, როცა განათლების სისტემა აქ სხვანაირადაა მოწყობილი. უზომოდ ბევრი უნდა ეცადო, რომ საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩენა შეძლო და ეს პროცესი საკმაოდ რთული და სტრესულია“. მისი თქმით, სწორედ ამ სირთულეებმა ჩამოაყალიბა უფრო დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ პიროვნებად: „აქ სწავლამ ბევრად უფრო დამოუკიდებელი გამხადა და ბევრ საკითხზე პერსპექტივა შემიცვალა. ჩემი თავი ვაქციე საყრდენად და ვისწავლე, რომ ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს თვალი უნდა გაუსწორო და ყველა პრობლემა შენით უნდა გადაჭრა“. ამ გამოცდილებას იგი, სიმბოლურად, „წიგნის ახალ თავად“ მოიხსენიებს, რომლის გადაფურცვლაც აუცილებელი იყო პიროვნული ზრდისთვის.

მარიამის შეფასებით, მიღწეული წარმატების საფუძველი სწორედ თსუ-ში მიღებული განათლებაა, რომელიც მის აკადემიურ და პიროვნულ განვითარებას უკავშირდება. „თსუ-ში სწავლამ მომცა ის შესაძლებლობა, რომ დღეს იქ ვყოფილიყავი, სადაც ვარ; ის მესწავლა, რაც ვისწავლე; ის გამევლო, რაც გავიარე“, – აღნიშნავს მარიამი. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ უნივერსიტეტმა არა მხოლოდ ცოდნა შესძინა, არამედ შექმნა გარემო, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და ძლიერი ადამიანური კავშირების დამყარება. თსუ-მ მას, ასევე, ის საფუძველი მისცა, რომლის წყალობითაც შეძლო წასვლა და გამოცდილების მიღება უცხო ქვეყანაში: „თსუ-მ მომცა ის ცოდნა, რომლის საფუძველზეც მოვახერხე წასვლა და ამ გამოცდილების მიღება“.

საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მიღწეულ წარმატებებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კვლევითი პროექტი, რომელიც მარიამმა ვარშავაში სწავლის პერიოდში განახორციელა. „ვარშავის უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ექსპერიმენტის სრულფასოვნად ჩატარება იყო“, – ამბობს იგი. ერთ-ერთი საგნის ფარგლებში მას უცხო ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარება და კვლევითი ნაშრომის მომზადება დაევალა. „ეს ჩემთვის ყველაზე დიდი აკადემიური გამოწვევა აღმოჩნდა, ვინაიდან აქამდე არასდროს მქონია მსგავსი გამოცდილება. ჯგუფში მარტო აღმოვჩნდი, ამიტომ დახმარება ლექტორსა და გამოცდილ კოლეგებს ვთხოვე“.

კვლევის პროცესში განსაკუთრებულ სირთულეს მონაწილეთა მოძიება წარმოადგენდა. „ბევრ ადამიანს არ ვიცნობდი, რათა მათთვის ექსპერიმენტში მონაწილეობა მეთხოვა. მათი მოძებნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ ეს ყველაფერი შევძელი. ჩემმა ახლად შეძენილმა მეგობრებმა ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს, ვინაიდან თავიანთ ნაცნობებს თხოვეს ჩემი დახმარება. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა მონაწილეობის სურვილი თავად გამოთქვეს“. საბოლოოდ, მისი თქმით, ყველა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა – გამოცდილებამ კი კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ პროფესიული ზრდა ხშირად კომფორტის ზონის დატოვებას უკავშირდება.

ვარშავის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მოდელს მარიამი განსაკუთრებულად აფასებს პრაქტიკაზე ორიენტირებულობის გამო. მისი დაკვირვებით, აქ მიღებული ცოდნა მუდმივად რეალურ გარემოში გამოიყენება: „ვარშავის უნივერსიტეტი უფრო მეტად ორიენტირებულია ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე და ლექტორები მუდმივად ცდილობენ, რომ ამ ცოდნის რეალიზების საშუალება მოგცენ“. ამასთან, იგი ხაზს უსვამს აკადემიური მოთხოვნების სიმკაცრესა და კრიტიკულ მიდგომას: „ისინი ძალიან კრიტიკულად უყურებენ ყველაფერს და მუდმივად ცდილობენ, კარგი აკადემიური მოსწრების მიუხედავად, დაგიტოვონ განვითარების საშუალება. ჩემი აზრით, ამის მიზანი სტუდენტის მოტივაციის გაღვივებაა, რათა შედეგით არასდროს დაკმაყოფილდეს და მუდმივად ეძიოს რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი“.

მარიამ ჯინჭარაძის ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო წარმატების საწინდარი საკუთარ უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილებაა. აკადემიური მონდომება, პიროვნული სიმტკიცე და ახალი შესაძლებლობებისადმი ღიაობა ქმნის იმ გზას, რომელიც სტუდენტს არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ ცხოვრებისეულ სიმწიფემდეც მიჰყავს.

Facebook
Twitter
LinkedIn