მარიამ ჯანჯღავამ საკუთარ თავში ბევრი სიახლე სწორედ ესპანეთში სწავლისას აღმოაჩინა

თარიღი: 2025-10-05 15:35:57

მარიამ ჯანჯღავა, რომელიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრი ესპანეთში, კერძოდ კი სევილიის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ,,ამ უნივერსიტეტმა თავიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება თავისი დიადი წარსულით, სასწავლო შესაძლებლობებითა და საოცარი კულტურით, ამიტომაც ჩემი მიზანი აქ მოხვედრა იყო, სხვა ვარიანტი უბრალოდ არც განმიხილავს“, – ამბობს მარიამი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი სემესტრი მარიამისთვის ბევრ სირთულეს მოიცავდა, იგი თვლის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დამუხტული იყო საოცარი ემოციებით, რასაც ახლდა არაერთი სიახლე და პოზიტივი. ,,ბევრი რამ აღმოვაჩინე ჩემ თავში, რაც ადრე არც შემიმჩნევია: უცხო გარემოში ადაპტაცია ძალიან საინტერესო პროცესია, ბევრი უნარის განვითარებაში გეხმარება, ხდები უფრო დამოუკიდებელი და თამამი. ასევე გავიცანი ბევრი სტუდენტი და შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს. თავად ქალაქი სევილია არის ესპანური კულტურის ცენტრი, ცნობილი თავისი ტრადიციებით, არქიტექტურით, სტილითა და სილამაზით. ამ ზღაპრულ ქალაქში ცხოვრებამ დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში“, – გვიყვება მარიამ ჯანჯღავა.

სტუდენტი მეტად ემადლიერება თსუ-საც და მიაჩნია, რომ მის წიაღში მიღებული ცოდნა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლადაც გამოადგა. ,,ვფიქრობ, რომ თსუ სწავლების მხრივ არ ჩამოუვარდება სხვა ევროპულ უნივერსიტეტებს. ის ძლიერ აკადემიურ საფუძველს იძლევა და მომცა კიდეც დიდი  თეორიული  ცოდნა,  განმივითარა ანალიტიკური უნარები, რაც, სხვათა შორის, უფრო მეტად გამოიკვეთა საზღვარგარეთ და რაც ძალიან დამეხმარა. სემინარები საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა, რადგან სწორედ  ყოველკვირეული ჩართულობა მაძლევს ასე ფიქრის საფუძველს. სევილიის უნივერსიტეტში კი შეფასებების უმეტესობა გამოცდის ქულაზე დაყრდნობით იწერებოდა, გამოკითხვას ამდენი ყურადღება დიდად არც ეთმობოდა. შესაბამისად, მადლიერი ვარ, რომ ჩემმა უნივერსიტეტმა მომცა კარგი თეორიული ბაზა, უნარები, შემდგომ კი იმის შესაძლებლობა, რომ ეს უნარები საზღვარგარეთაც გამომეყენებინა“, – გულწრფელად საუბრობს მარიამი, რომელიც მშობლიურ უნივერსიტეტს კვლავ დაუბრუნდა.

რაც შეეხება პრობლემებს, მარიამი ფიქრობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში ის გამოყოფს ონლაინ პლატფორმით სარგებლობის საჭიროებას და მეტ გეგმაზომიერებას ამ მხრივ, რათა სტუდენტებს უკეთესი წვდომა ჰქონდეთ ბევრ მასალაზე. მეორე უმთავრეს პრობლემად კი მარიამს სწავლის პროცესში პრაქტიკული საგნების ნაკლებობა მიაჩნია. მიუხედავად ამისა, მარიამ ჯანჯღავა მომავალს ოპტიმიზმით უყურებს.

Facebook
Twitter
LinkedIn