მარიამ გულიაშვილი: ,,ჩემმა მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო“

თარიღი: 2026-03-29 13:45:15

თითქმის ყველა სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით სარგებლობს, ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს წინასაკონკურსო პერიოდს და დოკუმენტაციის სწორად შედგენას. ასე ფიქრობს მარიამ გულიაშვილიც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მიმართულება ტურიზმი) მეორე კურსის სტუდენტი.
„გაცვლითი პროგრამით სარგებლობა ჩემთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო. დოკუმენტაციის მომზადების გარდა, მნიშვნელოვანია გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის ცოდნა და მკაფიო სამოტივაციო წერილი. ამ კუთხით ჩემმა მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო“, – ამბობს მარიამი, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტუგალიაში, კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კერძოდ, ბიზნეს სკოლაში მოხვდა.
მარიამი საზღვარგარეთ სწავლის მნიშვნელობაზე და იქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრისას ამბობს, რომ ეს პერიოდი მისთვის ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი იყო და რომ ამ ერთმა სემესტრმა მისთვის როგორც აკადემიური, ისე პიროვნული განვითარების კუთხით ბევრი რამ შეცვალა.
„დაუვიწყარია პორტუგალიაში გატარებული დრო… სწავლასთან ერთად გავეცანი სხვადასხვა კულტურის მატარებელ სტუდენტურ საზოგადოებას და შევიძინე საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება. კოიმბრაში სწავლების პროცესი, სიმართლე რომ ვთქვა, არ იყო დიდად განსხვავებული და რთული, პირიქით, ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოში. რა თქმა უნდა, იყო განსხვავებებიც და მსგავსებებიც“, – ამბობს მარიამი.
რაც შეეხება თსუ-ში მიღებულ განათლებას, მისი თქმით, აქ იგი თეორიულ საფუძვლებს დაეუფლა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებული სწავლისთვის.
ჯერ კიდევ მეორე კურსელ მარიამს შრომის შედეგად მიღწეული თავისი პატარა „წარმატების საიდუმლოც” აქვს: „ჩემი წარმატების ისტორია უკავშირდება მიზნის დასახვას, შრომას და საკუთარ შესაძლებლობებზე რწმენას. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა იყო შედეგი იმ თანმიმდევრული მუშაობის, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდან გავიარე“, – ამბობს მარიამ გულიაშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn