მარიამ გოგატიშვილისთვის ჰარვარდში სწავლა წლის წარმატებით დასრულების საუკეთესო კულმინაცია იყო

თარიღი: 2025-09-20 17:34:10

მარიამ გოგატიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მეორე კურსის სტუდენტია. მას ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში 3 კვირით მონაწილეობამ დიდი მოტივაცია შესძინა, რომ მომავალში აქტიურად ჩაერთოს მსგავს პროექტებში. ჰარვარდში გატარებული დღეები მისთვის სანუკვარი ოცნების ახდენას ჰგავდა: ,,ჰარვარდის საზაფხულო სკოლა ჩემთვის ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იყო. პირველი რამდენიმე დღე ვერც კი ვიჯერებდი, რომ მე ეს შევძელი და სამ კვირას ჩემი ოცნების უნივერსიტეტში გავატარებდი. იქ გატარებული ყოველი დღე საუკეთესო იყო. რაც შეეხება ლექციებს, გავიარე კურსი გლობალიზაციის პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ – ,,Political Economics of Globalization: challenges and opportunities”, რომელსაც ასწავლიდა პროფესორი თომას გიფტი. მისი ლექციები აქტიურად გვრთავდა დისკუსიებში, რაც პროცესს არა მხოლოდ შემეცნებითს, არამედ ინტერაქტიურსაც ხდიდა. ასევე დავუმეგობრდი სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რამაც საშუალება მომცა – გამეზიარებინა მათი შეხედულებები, კულტურა, გამეცნო ქვეყნის ისტორია და ტრადიციები. თავისუფალ დროს ახალი ადგილების დათვალიერებაში ვატარებდი. მეგობრებთან ერთად გავდიოდი ბოსტონში და კემბრიჯში. მოვინახულე უამრავი მუზეუმი, დავაგემოვნე ახალი კერძები და ჰარვარდის თითქმის ყველა დაწესებულებას ვესტუმრე. საღამოობით სამაგიდო თამაშებს ვთამაშობდით და საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. კურსის ბოლოს ჩვენმა ჯგუფმა იმუშავა სამეცნიერო ნაშრომზე და წარადგინა პრეზენტაცია, რაც მოითხოვდა არა მხოლოდ საფუძვლიან კვლევას, არამედ ჩემი ჯგუფის წევრებთან მჭიდრო კომუნიკაციასა და გუნდურ მუშაობას. ეს პროექტი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მიღწევა გახდა. დიდი პატივია, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან ერთ-ერთი პირველი სტუდენტი ვიყავი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა ჰარვარდის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მიეღო მონაწილეობა“, – ამბობს მარიამი.

მარიამ გოგატიშვილის ინფორმაციით, ჰარვარდში უმეტესი ნაწილი დისკუსიასა და ლექციის მსვლელობისას სტუდენტის აქტიურ ჩართულობას ეთმობოდა, რაც, მისი აზრით, ძალიან პროდუქტიული იყო. ერთადერთი, რასაც  ISET-ში სწავლის პერიოდში ნატრულობს, სტუდენტებისთვის მეტი ჩართულობის შესაძლებლობების მიცემაა სწავლის პროცესებში.

ჰარვარდში სწავლა მარიამისთის ISET-ში პირველი წლის წარმატებით დასრულების საუკეთესო კულმინაცია იყო. ამ გამოცდილებამ დაანახა, რომ სწორი გზით მიდის და უკვე ახალ სასწავლო წელს სრულიად განსხვავებული შემართებით და ენთუზიაზმით ხვდება. ,,მუდმივად ღია ვარ იმ ახალი შესაძლებლობებისათვის, რასაც უნივერსიტეტი შემომთავაზებს, იქნება ეს გაცვლითი პროგრამები თუ საერთაშორისო პროექტები. საბოლოოდ, ჩემი მიზანია, საერთაშორისო გამოცდილება ჩემს თანაკურსელებს გავუზიარო და, ამასთან, ISET-ში მიღებული ცოდნა ქვეყნის განვითარებისთვის გამოვიყენო“, – აღნიშნავს მარიამ გოგატიშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn